четверг, 9 февраля 2017 г.

ჯემალ აჯიაშვილი როცა გავიცანი, მას ქართულ მწერლობაში ადგილი უკვე დამკვიდრებული ჰქონდა. მის მიერ ქართულად  თარგმნილი,  შუა საუკუნეების ესპანეთში მოღვაწე ებრაელი პოეტების - მოშე იბნ ეზრას, იეჰუდა ჰალევის და სხვათა  ლექსები, საყოველთაო მოწონებას იმსახურებდა.
ჯემალ აჯიაშვილი სულ რაღაცას ფუსფუსებდა და როგორც კი დროს იხელთებდა, ჯიბიდან თუ ჩანთიდან ამოღებულ საწერ ფურცლებს უკირკიტებდა. ის,  წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, მაგრამ მისი გამოსვლა არავის ახსოვს. პარლამენტის სხდომაზეც  ტექსტების რედაქტირებით იყო დაკავებული. ერთხელ, პარლამენტის სხდომიდან ფურცლებით ხელში გამოსულმა მითხრა:  მალხაზ შენ არ იცი რა ოქროს წუთები მეკარგებაო. 
ჯემალ აჯიაშვილი იმდენად ხათრიანი და თავმდაბალი კაცი იყო, რომ არასოდეს შეგაწუხებდა. ოდენ მისი გამომეტყველებით თუ  მიხვდებოდი  რა სურდა.
დოკუმენტებით  მას სიმონი ერქვა, მთელი საქართველო კი იცნობდა, როგორც ჯემალს. იმ დროს  დოკუმენტში ცვლილების შეტანა უნდოდა და   მოქალაქეთა აქტების ჩამწერ ბიუროს მიაკითხა. ბიუროში მისული ჯემალ აჯიაშვილი ვერ იცნეს და ქუჩაში დაღონებული  შემხვდა. მე, მაშინ თბილისის მერიაში ვმუშაობდი და გარკვეული კონსულტაციის  და დახმარების გაწევა  შემეძლო  მისთვის.
მოქალაქეთა აქტების  ჩამწერ ბიუროდან გამოსულმა კმაყოფილმა ჯემალ  აჯიაშვილმა მითხრა:   მე, ზვიად გამსახურდიას თარგმნილი შარლ ბოდლერისლექსები პროზად რედაქტორი ვარ და თუ რამე დაგჭირდება- შევაწუხებო.
1990-იან წლებში ისრაელიდან თბილისში დაბრუნებულმა, ჩემთვის განკუთვნილი პაკეტი გადმომცა. მასთან სახლში მისულმა ოთახში იმდენი ჩანთა დავინახე, რომ გაკვირვებულმა შევხედე. შეწუხებულმა ჯემალ აჯიაშვილმა  შემომჩივლა: ვიღაცეებისთვის გამომატანეს და ვეღარ ვარკვევ ვის რომელი ჩანთა უნდა მივცეოორივე  გაგვეცინა. 
სამწუხაროდ, ჯემალ აჯიაშვილი უდროოდ წავიდა სააქაოდან. დაგვრჩა მისი ნამუშევრები და სწორედ მის მიერ თარგმნილი მოშე იბნ ეზრას სიტყვებით დავამთავრებ ამ მოგონებას.
გზაო, ვზივარ და დუმილით გიცქერ,
უჟმურ მიწაში თვლემენ ლანდები;
დუმს სასაფლაო... სიკვდილის ფიცხელ
ხელს წარუხოცავს განძი რამდენი...
იყუჩე მგზავრო!-უკეთურ მხრისკენ
შენც ამავე გზით წარემართები.
მალხაზ კოხრეიძე
                                  

Комментариев нет:

Отправить комментарий