среда, 29 апреля 2020 г.


ქართული კინოს ფესტივალის დაწყებამდე ერთი კვირაა დარჩენილი. თელ ავივის სინემატეკი მოწვეული რეჟისორების გარეშე იწყებს ფილმების ჩვენებას. სინემატეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი, ტელევიზიების და გაზეთების წარმომადგენლებს იწვევს- ეპატიჟება ხელოვნებათმცოდნეებს, პროდუსერებს, რეეჟისორებს. მოწვეულთა სიაში ჩვენი თხოვნით მსახიობი რივკა მიხაელიც შეიყვანეს.  რივკას აინტერესებს ქართული ხელოვნება. საქართველოდან ისრაელში ასული მისი პაპა ხშირად ესაუბრებოდა ქართულ კულტურაზე. ამიტომ მოვიდა თუ არა, წინა რიგში დაჯდა.

ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ იმ რეჟისორებზე, რომელთა ფილმების ჩვენებაც გათვალისწინებულია პროგრამით. იმასაც ვპირდებით მოწვეულ სტუმრებს, რომ ქართველი რეჟისორები, რომლებიც რამდენიმე დღეში ჩამოვლენ, უშუალოდ გასცემენ პასუხებს მათ შეკითხვებზე.

სამი შეკითხვის შემდეგ, ფეხზე წამოდგა გაზეთ „მაარივის“ წარმომადგენელი და გვეუბნება: პროგრამაში ვერ ვხედავ ორ გამორჩეულ ქართველ რეჟისორს- ირაკლი კვირიკაძეს და გიორგი შენგელაიას. ირაკლი კვირიკაძეზე პასუხი მზად მაქვს, რეჟისორის ფილმები გათვალისწინებული გვქონდა პროგრამაში, მაგრამ, იმის გამო, რომ ის მოსკოვში იმყოფებოდა, ისრაელის მხარემ მისი ჩაყვანა და ფილმების ჩატანა ვერ მოახერხა. რაც შეეხება გიორგი შენგელაიას შემოქმედებას, ჩემი ბრალია, მე მას  ვერ შევხვდი თბილისში და ამგვარად, მისი ფილმები,  დაინტერსებულმა მაყურებელმა ფესტივალზე ვერ იხილა.

ფოიეში, გამოსვლისთანავე „მაარივის“ წარმომადგენელი მომიახლოვდა და გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“ აქო და ადიდა. რამდენიმე წუთი შეუსვენებლად ლაპარაკობდა. აღფრთოვანებას ვერ მალავდა- რა გადაღება, რა კოსტიუმებიო...  აქ უკვე გავბედე და გავაჩერე-  ფილმის ოპერატორი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი საშა რეხვიაშვილი მალე ჩამოვა, თავის დაგმულ  ფილმს გაგაცნობთ და შეგიძლიათ „ფიროსმანზეც“ ესაუბროთ-მეთქი. რაც შეეხება კოსტიუმებს, ფილმის მხატვარი გუგული ქურდიანი ჩემი მეზობელი იყო და მის შემოქმედებას ბავშვობიდან ვიცნობ და  ვაფასებ-მეთქი. გაუხარდა, ფილმების სანახავად აუცილებლად მოვალო და კმაყოფილი სახით დამშორდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის კათედრის პროფესორის იოსებ ქურდიანის ოჯახი ჩვენ სადარბაზოში მეორე სართულზე ცხოვრობდა, ჩვენ-მეოთხეზე და ხშირად, როცა სკოლის მათემატიკის ამოცანებს თავს ვერ გავართმევდი, პროფესორს ვაწუხებდი.

გულისხმიერი კაცი იყო ბატონი იოსები. მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, შენარჩუნებული ჰქონდა შრომის უნარი. ხშირად მათემატიკა გვავიწყდებოდა და სხვადასხვა საინტერესო ამბების თხრობაზე გადავდიოდით. თან თვალი კედლებისკენ მეჭირა, სადაც მისი ქალიშვილის-გუგული ქურდიანის ნამუშევრები იყო გამოფენილი. ერთხელ მითხრა: შენ გუგულის შრომა უფრო გაინტერესებს, ვიდრე ჩემი შრომაო.  ქალბატონი გუგულიც ატყობდა ამას და თავის ნახატებს მაჩვენებდა, რომლებიც ჯერ არ გამოეფინა. მის სამუშაო ოთახში სხვადასხვა სახეობის ქსოვილები იყო მიმოფანტული, ხოლო საკიდებზე- ია ნინიძის და მაია კანკავას კაბები ეკიდა- „ვერის უბნის მელოდიებისთვის“ შექმნილი. აი ის კაბები, სოფიკო ჭიაურელმა თავისი ხელით რომ შეუკერა  გოგონებს.

იმ დროს, გუგული ქურდიანი ლანა ღოღობერიძის ფილმზე მუშაობდა. ვისაც ფილმი  „არზაური სალხინეთში“ აქვს ნანახი, დამეთანხმება იმაში, რომ  მსახიობებები საოცრად ორიგინალურად არიან ჩაცმულები და კოსტიუმები, მთლიანობაში, თავისებურ სანახაოებრივ მხარეს ქმნიან. ისე როგორც „ფიროსმანის“ გმირები, ლანა ღოღობერიძის ფილმის გმირებიც თავიანთ სამოსთან ერთად გვამახსოვრდებიან.  

თავად მხატვარი, მე, ტრაპეცია შარვლით, კაპიუშონიანი ქურთუკით და ნაქსოვი ქუდით დამამახსოვრდა.  დამინახავდა თუ არა,  ჟურნალი „ამერიკა“ ახსენდებოდა,  ჩვენ გვქონდა გამოწერილი და გულდასმით ეცნობოდა თითოეულ ნომერს. განსაკუთრებით ამერიკელების ჩაცმულობა აინტერესებდა და ერთხელ, ცალკეული ფოტოები ამოუჭრია და ჟურნალები ასე დამიბრუნა.

სამწუხაროდ, გუგული ქურდიანის ირგვლივ, რამდენადმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერსად მივაგენი. მისი სახელი და გვარია ძირითადად, სხვადასხვა სახის კინოცნობარებშია შეტანილი, ხოლო  RuData.ru-ზე მხატვრის საცხოვრებელი ბინის ძველი მისამართია აღნიშნული: თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა 80 "ა"

ცნობილია, რომ ის მხატვარ გაიანე ხაჩატურიანის მასწავლებელი იყო და მოსწავლემაც გაუმართლა.   როგორც ამბობენ, გაიანა ხაჩატურიანი ელენე ახვლედიანის გავლენას განიცდიდა, რაც ელენე ახვლედიანს მაინცდამაინც არ ახარებდა, მაგრამ გაიანე ხაჩატურიანმა დროთა განმავლობაში მიაგნო თავის სტილს და ელენე ახვლედიანის შექებაც დაიმსახურა. 40 წლის წინ ხელოვნებათმცოდნე ეთერ შავგულიძე გაიანე ხაჩატურიანზე წერდა: „საღებავთა მდიდარი გამით მხატვარი ქმნის მჭიდროდ შედუღებულ, საოცარი ჟღერადობის კოლორიტულ მთლიანობას, რომელშიც იკითხება მწვანე, ლურჯ, წითელ, ყვითელ ფერთა უთვალავი გრადაცია. ეს საღებავთა ნამდვილი ფეირვერკია.“

მე,პირადად, როცა გაიანე ხაჩატურიანის ნამუშევრებს ვუცქერ,  გუგული ქურდიანის ხელწერა მახსენდება.
მალხაზ კოხრეიძე