вторник, 25 июня 2019 г.




   ბესარიონ ჟღენტი და ეთერ გუგუშვილი, კარლო კალაძე და გულნარა ჯაფარიძე, იოსებ ნონეშვილი და მედეა ნონეშვილი, შოთა ძიძიგური და ირინე ძიძიგური, გივი გაჩეჩილაძე და ირინე გაჩეჩილაძე „ტრანსტურის სააგენტოს“ მეშვეობით საფრანგეთში ჩავიდნენ და პარიზი დაათვალიერეს.   მოგზაურობის შთაბეჭდილებები კარლო კალაძემ ლექსების, ხოლო ბესარიონ ჟღენტმა და გულნარა ჯაფარიძემ წერილების სახით გამოაქვეყნეს.
  იმ დროს, ბესარიონ ჟღენტს მიხეილ სტურუამ აკაკი წერეთლის მეუღლისადმი და ვაჟიშვილისადმი რუსულად მიწერილი წერილები გადასცა. წერილები ქართულად ვანო წულუკიძემ თარგმნა და გამომცემლობა „ლიტერატურამ და ხელოვნებამ“ წიგნად  გამოსცა. 
  აკაკი წერეთელმა ნატალია ბაზილევსკაია მოსკოვში გაიცნო მოეწონა და ქართულად და რუსულად ლექსებიც მიუძღვნა:
ათელო ბნელის გულისა,
ნდამატო მიმზიდველო,
კბილო მალამო სულისა,
ღმგზნებელო ცეცხლის... მწველო!
ალთა, ბროლთა და ორ ნათელს
მშვენებ ბადრსა სახესა,
მით პოეტსა წერეთელს
აბამ უწყალოდ მახესა.
კეკლუცობ, თუმცა თვით ვერ გრძნობ,
ამპარტავანებ სიმდაბლით,
კარგია, ნუღარ დამადნობ
იმედის გულიდან გაცლით.

Я письмо твое-милой и нежной
Сохранию у себя на груди...
Но улыбкой всегда безмятежной
Лучших чувств ты во мне не буди!

И огнем пусть мой пепел совьется
Буйный ветер его разовьет,
Моя песня пусть в мире поется,
Эту песню пусть всякий поет!
   ნატალია ბაზილევსკაიას მზითევში 2  900 თუმნის აქციები მოჰყვა. მაშინ აკაკი წერეთლისთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ მისი ცოლის და ცოლისდის ქონება მითვისებული ჰქონდა მათ ბიძას. ამიტომ  აკაკიმ  სასამათლოს მიმართა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და საქმის გაძღოლა ქვისლსს გადააბარა, რომელიც მალე გარდაცვლილა. ცოლისდა შემდეგ ელიზბარ სიდამონ-ერისთავს მისთხოვდა და საქმეც იმან გადაიბარა.
   ელიზბარ სიდამონ-ერისთავმა  პროცესი მოიგო, მაგრამ წერეთლების ოჯახს არაფერი არგუნეს, რადგან დავაში სიდამონ-ერისთავი მონაწილეობდა და აკაკი ცოლს უფლება დის ოჯახზე ჰქონდა გადაცემული.
 საქართველოში  წერეთლების ოჯახს მძიმე დროს მოუწიათ ჩამოსვლა. ბატონყმობის გაუქმებამ გაურკვევლობაში ჩააგდო ბატონიც და გლეხიც. რეფორმებს ჩინოვნიკები უძღვებოდნენ და არც თუ ისე წარმატებულად.
  აკაკი უმუშევარი იყო და ცოლშვილი სხვიტორში დააბინავა. წერეთლების ოჯახს შემწეებად მაშინ გიორგი ჭელიძე, იაკობ ნიკოლაძე და ბესარიონ ხელთუფლიშვილი მოევლინენ.
 მეგაპოლისში გაზრდილ ნატალია ბაზილევსკაიას სოფელში ცხოვრება გაუჭირდა და ისევ რუსეთში დაბრუნდა, იქიდან კი პარიზში გაემგზავრა. აკაკიმ საქართველო ვერ მიატოვა. როგორც გრიგოლ რობაქიძე ამბობდა: „აკაკის იმდენივე გავლენა ჰქონდა საქართველოში, რამდენიც ჰიუგოს საფრანგეთში.“
   აკაკის და ნატალიას ვაჟი-ალექსი მუსიკალურ-თეატრალური ანტრეპრიზით იყო დაკავებული და ამიტომ მუდმივად მოგზაურობდა. მას შემოვლილი ჰქონდა ბერლინი, მილანი, პარიზი და წარმატებას  ხან აღწევდა და ხან არა.
   კოკი აბაშიძე აღნიშნავდა „აკაკის მეტად მწარე ენა ჰქონდა, გესლიანი, მე ყოველთვის მიკვირდა და ვერ ამეხსნა მიზეზი ამ გესლისა.“ აკაკი არა მარტო სხვაზე, არამედ საკუთარ ოჯახზედაც მწარედ ოხუნჯობდა და ამიტომ ზოგიერთებს ეგონათ, რომ ცოლ-შვილს პატივს არ სცემდა.
   იაკობ მანსვეტაშვილი აკაკის ნათქვამს ასე იხსენებდა: „ღმერთამა რომ ამოაგდოს ჩემი ცოლი: ისეთი ჩხუბი ამიტეხა, ისეთი ამბავი დამაწია, გვიან რად მოდიხარ შინაო, რომ ვეღარ გავუძელ და გამოვიქეციო“.
    სპირიდონ ზამბახიძე იხსენებდა: „ცოლი ყოველდღე ბანაობდა, მოსამსახურე ქალები წელში წყდებოდნენ წყლის ზიდვით და უკმაყოფილება განაცხადეს. ეს აკაკის ყურამდე მივიდა. აკაკიმ ამაზე ცოლს უსაყვედურა: რატომ აწუხებ ხალხს ამდენი წყლის ზიდვითაო? ცოლმა უპასუხა: ეს სისუფთავეაო. აკაკიმ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა: თუ ეს სისუფთავეს წარმოადგენს, მაშინ ბაყაყები  უფრო  სუფთა იქნებიანო.“
   ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებდა: „ერთხელ მივედით აკაკის სანახავად, ნუგეში ვეცით: არაფერი საშიში ავადმყოფობა არ გაქვს, მალე მორჩები-მეთქი. მან მითხრა: “რა მომარჩენს, ეს თუ არ მომაცილეთო“ და მიუთითა ცოლზე. ეს აკაკის ჩვეულებრივი ოხუნჯობა იყო.“
  ვარინკა წერეთელი იხსენებდა: „შემოვიდა ფოსტალიონი და წერილი შემოიტანა. აკაკიმ კონვერტს დახედა, გვერდზე გადასდო. -ხომ არ გიშლით, ბატონო აკაკი? მგონი, წაკითხვას აპირებდით,-მიმართა ერთმა სტუმართაგანმა, - არა ბატონო, ამ წერილის შინაარსი წავუკითხავადაც კარგად ვიცი. ეს დაზღვეული ეპისტოლე ჩემი ცოლისაგან გახლავთ და ზეპირად ვიცი, რომ შიგ „პერევოდის“ მეტი არაფერი ეწერებაო.“ და ა.შ.
   აკაკი წერეთელი ხშირად ვერ უგზავნიდა ფულს ცოლ-შვილს, რადგან  თავად ერთთავად ვალებში იყო. ერთხელ ერთმა მევალემ ფულის დაბრუნება სთხოვა და აკაკიმ ასეთი პასუხი მისწერა მას:
საყვარელო ანდრია!
ფულის თხოვნა ადრეა;
დღემდის ჭკვიანი იყავ,
დღეს რამღა გადაგრია?
   აკაკის შემოქმედება ხალხის ინტერესს იწვევდა და მის საღამოებზე დასაწრებად. ბილეთებისთვის ფულს არ იშურებდნენ. ხშირად საღამოს დასრულების შემდეგ პოეტს პირდაპირ სალაროდან აძლევდნენ ფულს, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ აკაკი ფულის მხარჯველი იყო და გამოზოგვით-ყოველთვიურად აძლევდნენ თანხას. აკაკი ასევე იშვიათად რომ სადმე უჰონორაროდ რამეს მიიტანდა დასაბეჭდად.
   ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებდა: „ყველამ იცის, რომ აკაკის ილიასავით უყვარდა კარტის თამაში. ხშირად ღამესაც ათენებდა; მანამ ჯიბეს არ ამოიცარიელებდა, თამაშობას არ მიატოვებდა. თუ ილია იმეტეს შემთხვევაში კარტში ფულს იგებდა, აკაკი თითქმის ყოველთვის აგებდა, მე ვეკითხებოდი კარტის მოთამაშეებს: „რა მიზეზია, რომ ილია იგებს, აკაკი სულ აგებს?“ ისინი სულ მეუბნებოდნენ: შეუძლებელია აკაკიმ მოიგოს, რადგან მან „ფასი“ არ იცის, ქაღალდი მიუვა თუ არა, მისთვის სულერთია, მაინც თამაშობსო.“ აკაკის გამოჩენა სათამაშო კლუბებში მის პარტნიორებს ახარებდა. ერთმანეთს ეუბნებოდნენ თურმე „მოვიდა ჩვენი ქობალიო“
   კეთილი ადამიანების წყალობით აკაკის უსასყიდლოდ არაერთხელ დაუბრუნეს სხვიტორის კარ-მიდამო, რომელიც  მას მუდმივად დაგირავებული ჰქონდა და შემდეგ მის გაყიდვასაც კი ფიქრობდა. აკაკის ეხმარებოდა ქუთაისის და თბილისის საკრედიტო დაწესებულებები. ბოლოს  ბანკმა  მას  ყოველთვიურად 200 რუბლი კი დაუნიშნა. სხვათაშორის, საზოგადოების დახმარებით გაემგზავრა ის საფრანგეთში სამკურნალოდ.
მე კი გადავრჩი იმ ძველ სენს:
დანიშნული მაქვს პენცია,
მაგრამ სანამდე მომცემდენ,
გამგუდავს „უფულენცია“
   მიუხედავად ზემოდ აღნიშნულისა და იმისა, რომ აკაკი ცალკეულ მანდილოსანთან  მეგობრობდა და ქალთა საზოგადოებაში ყოფნა სიამოვნებდა, მას ნატალია ბაზილევსკაიასთან გაშორება არც  უფიქრია.„აკაკის ქალების საზოგადოება ძალიან უყვარდა, არათუ მარტო ლამაზი და კოხტა ქალებისა, არამედ ბევრჯერ მახინჯ და უკბილო ბებერ მანდილოსნებშიაც მშვენივრად გრძნობდა თავს, ქალებსაც (ბებრებს და ახალგაზრდებს) ძალიან უყვარდათ აკაკი, რომელიც ხშირად არც მათ დაცინვას ერიდებოდა, მიუხედავად თავისი განთქმული ზრდილობისა.“-წერდა ნატალია აზიანი.
აკაკის სიტყვებია:
დრო წავიდა, სხვა მოვიდა.
დღე დაწვა და ღამე ჰშობა,
„ზრასტის“ ვეტყვი ზოგიერთ ქალს!..
აღარ ესმის „გამარჯობა“.
  აკაკი ცოლს ნატალკას ეძახოდა, ხოლო შვილს-ლიოლიას. ნატალკას და ლიოლიას საქართველო უყვარდათ და ყოველთვის ჩამოდიოდნენ. ერთხელ ნატალია ბაზილევსკაიას აკაკის საპატივცემულოდ შეკრებილი ქართველებისთვის უთქვამს: „Мой муж для вас тоже,что для русских Толстой»
  როცა აკაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ალექსი საქართველოში ჩამოვიდა და მამის სარეცელს არ მოშორებია. მაშინ აკაკიმ   შვილს  ლოყაზე ხელი მოუსვა და უთხრა: „Маму успокой!“
   ბესარიონ ჟღენტი აღნიშნავდა: „როგორც ამ წერილებიდან ირკვევა, აკაკის უაღრესად წრფელი გულით ჰყვარებია თავისი მეუღლე და ერთად ერთი შვილი. მათდამი ყველა წერილი ხელმოწერილია პოეტის უნაზესი გრძნობების გამომხატველი სიტყვებით: „გკოცნით თქვენი აკაკი“, „მარად თქვენი მოყვარული აკაკი“, „კუბოს კარამდე თქვენი აკაკი“, „კუბოს კარამდე თქვენი მოყვარული აკაკი“ და ა.შ. პოეტი მთელი ცხოვრების მანძილზე მოხიბლული ყოფილა თავისი მეუღლის ადამიანური ღირსებებით, დიდად აფასებდა თავისი ვაჟის ნიჭიერებას, განათლებას, უნარსა და ენერგიას და ორივესადმი წრფელი სიყვარულით და კეთილმოსურნეობით ყოფილა გამსჭვალული. და მით უფრო მწვავედ და მტკივნეულად განიცდიდა მათგან მუდმივ დაშორებას.“
   მართალია, ბესარიონ ჟღენტის მეცადინეობით, პოეტის პირადი წერილებით საქართველოში აკაკის  არქივი შეივსო, მაგრამ  მან და ტურისტული ჯგუფის  სხვა ქართველმა წევრებმა  ვერ მოახერხეს და  პარიზში, სენტ-უანის სასაფლაოზე ვერ მივიდნენ აკაკი წერეთლის ცოლ-შვილის საფლავის სანახავად. მაშინ საფლავის გაუქმებამდე 7 წელი იყო დარჩენილი. ალექსი წერეთელს 30 წლის ვადით ჰქონია საფლავის საფასური გადახდილი, თუმცა დამატებით 10 წლით შუნახავთ საფლავი ფრანგებს და შემდეგ- მიწა ნოტბარტების ოჯახისთვის მიუციათ.
   გურამ შარაძე აღნიშნავდა: „დიდად სამწუხარო და სამარცხვინო ამბავია: ქართველებმა ვერ შევინახეთ აკაკის ცოლ-შვილის საფლავი. როგორც ერთმა აქაურმა ქართველმა მითხრა, ალექსი წერეთელს, თურმე, ანდერძი დაუტოვებია (მას ეს ანდერძი ხელში ჰქონია) მამის სამშობლოში გადამასვენეთო! დავიგვიანეთ, როგორც ყველგან, აქაც დავიგვიანეთ!..“
მალხაზ კოხრეიძე

 1864 წელს თბილისის გუბერნიაში ბატონ-ყმობის გაუქმებით დაიწყო საგლეხო რეფორმა საქართველოში. რეფორმას თავადაზნაურობა უხალისოდ შეხვდა, ხოლო გლეხობა დაბნეული სჩანდა. ქართველები ზანტად ეკიდებოდნენ ცხოვრების ახალ წესს, რამაც აკაკი წერეთლის გაბრაზება გამოიწვია და პოეტმა სამშობლო ფურთხისთვის გაიმეტა
შემდეგი აზრი სთქვას აქ წერტილმა,
თორემ ჩემს კალამს არა აქვს ნება!..
უნდა მონებით ჩავიწყვიტო ხმა,
თორემ ბატონს ჩემს ეს ეწყინება!..
უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით,
გულს თუ დამადგა, ვერ დავახველო...
ამას კი ვიტყვი, გინდა მომკალით:
ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო!
   1908
წელს საქართველოში სოციალ დემოკრატების აღზევება დაიწყო და მარქსის და ენგელსის მოძღვრება აქტიურად ვრცელდებოდა. მაგრამ ბევრისთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო ეს მოძღვრება. აკაკი წერეთლისთვისაც მიუღებელი  ყოფილა  სოციალ-დემოკრატების გზა და   ვარლამ რუხაძისთვის უთქვამს: „რომ „ეშმაკის“ გზით არ მიდიოდე, ქვეყნის სასარგებლო კაცი გამოხვალო.“ 
   სოციალ-დემოკრატი იყო  პოეტი  იოსებ გრიშაშვილიც. მას აკაკი ასე ახასიათებდა: „ტოლი არა ჰყავს „სააშიკო, სალაღობო“ პოეზიის დარგში, მისი ლექსები საღამოს ციცინათელებივით დაფრინავენ ყვავილებშიო.“ გრიშაშვილისთვისაც   მარქსის და ენგელსის მოძღვრება იყო უპირველესი და სამშობლო   ფურთხისთვის  ემეტებოდა:  
ვინც ატარებს ამ ჩემს აზრებს,
დავლევ იმის სადღეგრძელოს.
ვისაც უნდა ესდეკთ დასში
ჩემებრ თავი ისახელოს,
მან წარსულთან ნაშრომ ღვაწლი
უნდა ფეხით გადათელოს,
თაყვანი სცეს მარქს-ენგელსსა
მიაფურთხოს საქართველოს.
მალხაზ კოხრეიძე

სასწორ-საზომით მოარულს,
უმადურს, გაუტანელსა,
რა უნდა უთხრა ქართველმა
შემოხიზნულსა ვანელსა?!
   ჰა ჰა ჰა! ლექსი ჩვენ ვანელებზე არ არის. აკაკი წერეთელმა ლექსი კარაპეტ იეზიანს (ეზოვს) მიუძღვნა, პეტერბურგელ ბანკირს, რომელიც თურქეთის ვანიდან იყო.
მალხაზ კოხრეიძე
   კოკი აბაშიძე აღნიშნავდა: „აკაკი ბუნებით უსაღუოდ მოგზაური, მოხეტიალე ადამიანი იყო. მას ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა არ შეეძლო. მისი ბუნება სულ ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს მოითხოვდა, ახალ ახალ სანახაობებს და ისიც, თავის საკმარისად ხანგრძლივ ცხოვრებაში, უმეტესად სულ გზაში იყო, ანდა გამზადებული გასამგზავრებლად.“ აკაკი წერეთელს საკუთარი ცხენები ჰყავდა და ახალგაზრდობაში ხშირად იყენებდა. ერთ ახალ წელს ცხენი მოჰპარეს და ეს სამწუხარო ამბავი მოურავმა შეატყობინა. აკაკის მოურავისთვის უპასუხია: „თუ ღმერთი გწამს, ძებნას ნუ დაუწყებთ... დაიკარგოს, ეს ძველი წელიწადი, მთელი თორმეტი თვე, უბედური იყო ჩემთვის!..  ახლა, ეტყობა, ჩემ ცხენზე შემჯდარა და ისე მიდის. ნუ გამოუდგები. აღარც მისი დაბრუნება მინდა და აღარც ჩემი ცხენიო.“  
   აკაკი ცხენს საჩხერელ ვანკა კაჭკაჭოვისგანაც ქირაობდა და იმით სხვიტორში  მიემგზავრებოდა.
  ქუთაისში ჩასული აკაკი წერეთელი ივანე მელიას ეტლით სარგებლობდა. ივანე მელია იმდენად სანდო მეეტლე იყო, რომ ქუთაისში ჩასული რუსეთის იმპერატორის- ალექსანდრ მესამის და მისი ოჯახის წევრების ტრანსპორტირება მხოლოდ მას ანდეს. ამის შემდეგ, ივანე მელია ისეთი ავტორიტეტული მეეტლე გახდა, რომ ქუთაისის გუბერნატორის  ლანდოს კოფოზეც  აჯენდნენ.
   როცა ქუთაისში აკაკი წერეთლის საიუბილეო ღონისძიება გამართეს, აკაკის  თეატრამდე მიყვანა ივანე მელიას დააკისრეს. მაშინ თეთრი ცხენებით, თეთრ სამოსში გამოწყობილი მეეტლე ამაყად მოძრაობდა ქუთაისის ქუჩებში. ეტლის საფეხურებზე კი ქუთაისის ქალაქის თავი დავით ლორთქიფანიძე და საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარე მოსე ქიქოძე იდგნენ.
   ერთხელ ქუთაისის სადგურიდან მომავალ აკაკის  ივანე მელია დაეწია ეტლით და გაუჩერა. აკაკის ფული არ ჰქონდა და მელიას მიუგო: „შენ რომ  გინდა მელიაო, იგი შემომელიაო“. ივანე  მელიამ  აკაკი  მგზავრობის საფასურის გარეშე  მიიყვანა სასურველ  ადგილზე.
   აკაკის ეტლის ჭენება არ უყვარდა და მეეტლეს ყოველთვის ეუბნებოდა- ეტლი ნელა წაიყვანეო. ერთხელ მეეტლეს სადავე დასხლტომია და აკაკი შეშინებულა. ცნობილია, რომ აკაკი ჭარმაგობაში ტრამვაიდან გადმოვარდა და მარცხენა ფეხი დაიზიანა. ამის შემდეგ პოეტი  ხელჯოხით დაიარებოდა.
 ის რაც აკაკი წერეთლის ნაკვესებიდანგადმოვწერე, ივანე მელიას არ ეხება, მაგრამ აკაკის ნამდვილად შეემთხვა. აკაკი ხონში იყო. წამოსვლისას ეტლში ერთი ადგილი დაიქირავა, მეეტლემ ჩასვა პოეტი ეტლში და ჩვეულებისამებრ ბაზრის ირგვლივ ძახილითვის გინდათ, ვის გინდათ“- რამდენიმეჯერ შემოატარა. აკაკიმ გააჩერა მეეტლე და უთხრა: „ვის გინდათ ვის გინდათრომ იძახი, ხომ ხედავ არავინ მყიდულობს, ისევ მე მითხარი რამდენად ვარ შეფასებული, იქნება შევიძლო თავის გამოხსნაო
მალხაზკოხრეიძე
   მასწავლებელი აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავზე“ გვესაუბრება. წიგნს ფურცლავს და რატომღაც ყურადღებას პოემის შემდეგ სტროფზე ამახვილებს:
მთვრალობა და „სადღეგრძელო“
სათვითოო არ იცოდენ;
ჩვენი ლხინი რომ ენახათ,
სირცხვილითაც დაიწვოდენ.
 აკაკი წერეთელს ღვინის სმა და დაუსრულებელი სადღეგრძელოები არ უყვარდა-აგრძელებს მასწავლებელი...
  „დოქის ტუჩი მირჩევნია ქალისას, ეს ცხოვრება ღვინომ გაახალისა...“ აბა ვინ დაწერა?-ვფიქრობ და სახლში, აკაკი წერეთლის ლექსების კრებულს ვფურცლავ. აღმოჩნდა, რომ აკაკის  გია ყანჩელის სიმღერის მხოლოდ ეს სიტყვები ეკუთვნის:
ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,
სიტკბოზედა მწარე ბევრი დავლიე,
არ მშორდება მწუხარება და ჭირი,
მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვსტირი!
   წერეთლები ოჯახში ღვინოს ზომიერად სვამდნენ. აკაკი, მამის-როსტომ წერეთლის მოლხენას ასე აღწერს: „სუფრაზე ღვინოს არავის არ აძალებდენ, მხოლოდ მერიქიფეებს ეჭირათ ხელში ღვინით სავსე დოქები და დაიცლებოდა თუ არა ვისმე ჭიქა მაშინვე აავსებდენ. სადღეგრძელოები არ იცოდენ. პირველ ჭიქას რომ აიღებდენ, მაშინ კი პიჯვარს გამოისახავდენ და იტყოდენ: „დიდება ღმერთსა! მოწყალესა ერსა! ღმერთო გაუმარჯვე ბატონსა და ყმებსა, აქა მბრძანებელსა! შენდობა მამაო!“-ეტყოდენ მღვდელსაც და გადაჰკრავდნენ ღვინოს. მერე კი იმდენს სვამდენ, რამდენიც უნდოდათ. სამიზეზო სადღეგრძელოები კი ფიქრადაც არ მოსდიოდათ.“
  არ არის გამორიცხული, რომ აკაკიზე გიმნაზიის ლოთი მასწავლებლის-როდზიევიჩის შეგონებამაც იმოქმედა. როდზიევიჩის უთქვამს: „ყმაწვილებო! ძველ დროში საბერძნეთში განგებ დაათრობდენ ხოლმე მონებს და მათ უსაქციელობას თავის შვილებს აყურებინებდენ, რომ  მათთვის თვალითვალ დაენახვებიათ, თუ რა საძაგლობაა-კაცი რომ დათრობა, გონებას დაჰკარგავს და პირუტყვს დაემსგავსება. გუშინწინ დაგანახეთ თქვენ ანგვარი რამ, ეცადეთ, რომ  გაუმაგრდეთ ცხოვრებას, აიტანოთ გასაჭირი და ჩემსავით არ გაგაფუჭოსთ.“
    აკაკი არა მარტო საქმიანობას, არამედ საქციელსაც უწუნებდა მის მიერ „ხარაბუზა გენერლად“ შერაცხულ გრიგოლ ორბელიანს. იმის ნაცვლად, საქართველოს ჭირ-ვარამზე იფიქროს, ქეიფზე, მწვადებზე და სადღეგრძელოებზე ფიქრობსო-ამბობდა აკაკი. სწორედ ამგვარ ფიქრს ესადაგება მისი ლექსის შემდეგი სტროფი:
თუ გსურთ რომ დავრჩე ქართველად,
ვიხდიდე მშობლურ ვალებსა,
ნუ გამომილევთ ღვინოსა,
ცხელ მწვადს და ლამაზ ქალებსა.
   „ცისკრის“ რედაქტორი ივანე კერესელიძე ასე მღეროდა თურმე: „ქართული პურისჭამა ეს არის ჩვენშიო!.. მწვანილი მიყრილ-მოყრილი, მოთალი, თევზი, კარგი ბოზბაში და ცხელი მწვადიო!.. თუ არ მოგწონს, ადექი და შინ წადიო.“ 
  საქართველოში ჩამოსულმა ალექსანდრე დიუმამ გულით მიიღო ივანე კერესელიძის მიპატიჟება,-მწვანილიც ჩაახრაშახრუშა და  მწვადებიც მიირთვა. ჭიქებით ღვინის სმას რომ მორჩა, ყანწი მოითხოვა და „თითიც მოაკაკვინა“ „ცისკრის“ რედაქტორს. აკაკი  ივანე კერესელიძეზე წერს: „დიდი მომლხენი კაცი იყო, მაგრამ ძვირად კი უჯდებოდა ხოლმე თითო მოლხენა... რომ გარეთ ა. ორბელიანი არ ჰყოლოდა ხელისშემწყობად და შინ ეგეთივე ხელაძე, მაშინ ახალგაზრდა მესტამბე და კერესელიძის მარჯვენა ხელი ყოველიფერში, ცუდად იქნებოდა მისი საქმე.“
   აკაკის თრობა არ უყვარდა. სუფრასთან მას უყვარდა სიმღერა, ცეკვა, შაირობა. მისი სიტყვებია: „მე ისედაც მთვრალი ვარ სიცოცხლით, ოდნავ შეზარხოშებული შემოქმედების ცეცხლით და ღვინის საშუალებით ხელოვნურად გაძლიერება სულიერი მდგომარეობის არასოდეს მხიბლავდაო.“ იმის გამო, რომ აკაკი ღვინოს არ ეძალებოდა, რაჭა-ლეჩხუმში მისი მოგზაურობის დროს, მასთან ერთად მაგიდასთან მსხდომნი ღვინოს თავდაჭერილად მიირთმევდნენ. აკაკი ხომ დასცინოდა იმას, ვისაც ალკოჰოლი და უსაზღვრო დროსტარება სიამოვნებას ჰგვრიდა. 
  ერთხელ აკაკის, იმის გამო, რომ ყანწით დალევაზე უარი თქვა, თამადამ ღვინო კისერში ჩაასხა. გვიან აკაკიმ მას სამაგიერო გადაუხადა და თავზე საწერი მელანი გადაასხა. 
  აკაკი ბევრს ჭამდა სიბერემდე. უფრო ქართულ კერძებს ეტანებოდა. კერძებიდან განსაკუთრებით მჭადი და ლობიო უყვარდა, თუმცა არც ქათამზე და გოჭზე ამბობდა უარს. ისეთი მაგარი კბილები ჰქონდა, რომ თხილს და კაკალს კბილებით ტეხავდა. თამბაქოს არ ეწეოდა. წვეულებაზე წყალნარევ ღვინოს მიირთმევდა მხოლოდ. წყალი მას ყველა სასმელს ერჩია.  ჩაიში   რძეს ურევდა და აგრერიგად დაშაქრულს სვამდა. ლექსში „ჩაისა და ღვინის ბაასი“ მან ღვინო და ჩაი ერთმანეთთან „დააპირისპირა“:
თავი კი მაინც მოჰქონდა:
„უწყინარი ვარ, ტკბილიო;
თან განათლებას მოვჰყევი,
უცხო ქვეყნის ვარ შვილიო“.

ერთმანეთს უკიჟინებდენ:
„ჩამოდექ!.. გზა და განიო!..
ჩვენში ვინც სჯობდეს, მას დარჩეს
ბურთი და მოედანიო!“

„ვინ შენ და ვინ მე? სად ღვინო
და სად ნადუღი წყალიო?!
დიდს და პატარას, თანსწორად
ჩემზედ უჭირავს თვალიო.
მალხაზ კოხრეიძე
ეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ?
სიზმარია,თუ სასიზმრო ზღაპარი?
ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე,
ვინ ამინთო ამ ბოლო დროს ლამპარი?

ყეენივით შემასკუპეს მაღლობზე,
ჩემს წინ დადგა თითქმის მთელი ქვეყანა;
მილოცვენ და მადლს მიხდიან... და რისთვის?
რა მინიძღვის სამსახური მისთანა?
   1908 წელის 7 დეკემბერს თბილისში ოპერის თეატრის შენობაში აკაკი წერეთელს სამწერლო მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის იუბილე აღუნიშნეს. მაშინ საჩხერლებმა დარბაზში შეიტანეს აკაკის აკვანი, რომელც აკაკის ძიძიშვილმა ჩამოიტანა სავანედან. ძიძიშვილს სიტყვითაც მიუმართავს  აკაკისთვის
  პატარა აკაკი მშობლებმა სოფელ სავანეში ძიძას მიაბარეს აღსაზრდელად. „საწერეთლოში, ზემო იმერეთში, ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც. ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი. როგორც სათვალთვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოვო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ „სავანე“ ე.ი. მოსასვენებელი ადგილი.“- წერს აკაკი თავის ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი.“
  ნაწარმოებში აკაკის ძიძის ოჯახის წევრების სახელებს და გვარებს არ აღნიშნავს და მათ ვინაობას   აკაკი წერეთლის ბიოგრაფის - ლევან ასათიანის ნაშრომიდან ვგებულობ.
   აკაკის ძიძა მანო სადუნიშვილი ფარსადან ყანჩაველზე ყოფილა გათხოვილი. მათ ორი შვილი- გაიანე და ამბაკო ჰყოლიათ. სწორედ გაიანე ყანჩაველს ჩამოუტანია აკაკის აკვანი თბილისში.
   ამბაკო ყანჩაველი ღონისძიებას არ  ესწრებოდა, რადგან  მღვდლის ცოლს ყვარობდა თურმე და ის ამის გამო  გადაუსახლებიათ. ამბაკო ყანჩაველი გადასახლებაში გარდაიცვალა.
   სიყვარულის გამო არავინ გადაასახლებდა ამბაკო ყანჩაველს, ეტყობა, რაღაც ისეთი ჩაიდინა, რომ აკაკის  მისი სახელის და გვარის ხსენება ნაწარმოებში მოერიდა.
მალხაზ კოხრეიძე
  ლექსი „გიჟი დრო“ აკაკიმ 1908 წელს დაწერა და საზოგადოების იმდროინდელი განწყობა  შეულამაზებლად გადმოგვცა:
ვისაც კი ნახავ ამ დროში,
ცხოვრების უმადურია,
და ჯავრის ამოსაყრელად
სუყველას სისხლი სწყურია!
თავად აკაკიც შეუპყრია შურისძიების გრძნობას და რამდენიმე წლით ადრე ლექსი „ხანჯალს“ დაუწერია:
შენი ჭირიმე ხანჯალო,
რკინაო ხვარასნისაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!..

მიმოციქულე მტრის გულთან,
მიმიძღვენ ჩემი სალამი:
ის ვითომ საწერელია,
ჩაერჭვე როგორც კალამი!

მისი წითელი მელნითა
შემაღებინე ჭაღარა,
იმისი კვნესა იქნება
ჩემთვის დაფი და ნაღარა!
   აკაკის შემოქმედების მკვლევარების ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ პოეტმა ლექსი სემინარისტ იოსებ ლაღიაშვილის მიერ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის-პაველ ჩუდეცკის მოკვლას მიუძღვნა, ხოლო  მეორე ნაწილი ფიქრობდა, რომ ლექსი იმპერატორ ალექსანდრ მეორის მკვლელობით აღფრთოვანებულმა  აკაკიმ დაწერა. ასეა თუ ისე,  “ხანჯალს“  დღეგრძელი ლექსი აღმოჩნდა და მის  გავრცელებას ხელს უწყობდნენ გაზეთ „დროების“ რედაქცია, შიო მღვიმელი, სოფრომ მგალობლიშვილი და სხვები. ლექსი შეტანილი იყო საბჭოთა საქართველოს ქართული ლიტერატურის სასკოლო  სახელმძღვანელოში.
  აკაკი წერეთელი სხვა ლექსებშიც „ატრიალებდა ხანჯალს.“ მაგალითისთვის გამოდგება ლექსი  „შემოდგომის სიმღერა:“
რომ რძე დაგვაკლდეს, მაშინ ხომ
სჯობს გაგიყარო დანაო,
მაგრამ ეს ღმერთმა გვაშოროს,
ნანინა, ნანა-ნანაო!
ან ლექსი „თემურ ლენგის ტყვე:“
შვილმა მიუგო: „ხანჯალი,
სიფრთხილით შენახულიო,
რომ საიდუმლოდ მონღოლებს
გავუპო ხოლმე გულიო!“
   საყურადღებოა, რომ აკაკი  წერეთელი ვიდრე „ხანჯალს“ დაწერდა, თავად გადაურჩა  ხანჯლით სიკვდილს.
   1882 წლის 25 ენკენისთვეს აკაკი, ძმების- ლევან და დავით ორახელაშვილების სასტუმრო „ივერიის“ მეოთხე ნომერში ცხოვრობდა. იქვე, მეხუთე ნომერში- სოსიკო მერკვილაძე. ხოლო მის გვერდით ბარნაბა ნემსაძე და ვიქტორ ლეჟავა ცხოვრობდნენ.
   გვიან ღამით სოსიკო მერკვილაძე მიხვდა, რომ აკაკის ოთახში ვიღაცა შეიპარა და ამის აგამო  ნომრიდან გამოვიდა. მან სანთლის შუქზე დაინახა უცნობი, რომელსაც  ხანჯალი აღემართა და აკაკის მოკვლას უპირებდა. მერკვილაძემ იმარჯვა და ავაზაკი განაიარაღა. ხმაურზე სხვებიც გამოვარდნენ  და აღელვებულებმა, კინაღამ მოკლეს კაცი, რომელიც ვიღაცამ აკაკი წერეთლის მოსაკლავად დაიქირავა.
    აკაკის  შეიბრალებია ავაზაკი და მეგობრებისთვის მისი გაშვება უბრძანებია. „ავაზაკი შუა ტანისაზე ცოტა მაღალი იყო, ჩასხმული, მხარბეჭიანი, წაბლისფერ წვერ-ულვაშიანი, ხნოვანობით ოცდათის წლისა თუ იქნებოდა; გარეგნობით ავლაბრის კინტოსა ჰგავდა, ყარაჩოღული ტანისამოსი ეცვა: ბუხრის ქუდი, გულგადახვეული მოკლე ახალუხი, ბრტყელი, ერთიანი ვერცხლის დიდი ქამარი, მონაოჭებული ჭუპმა ჩოხა, განიერი შარვალი, ჩაბალახი და ყელჩაკეცილი ჩუტები.“- იხსენებდა სოსიკო მერკვილაძე.
    აკაკის ძმიშვილის-ვასილ წერეთლის თქმით, თავის დროზე, აკაკი იმ ჯგუფს შეერთებია, რომელსაც მეფის ჩინოვნიკ კირილ იანოვსკის  ტერორი  მოუდომებია. იმ პირს, ვისაც ტერორი უშუალოდ დაავალეს ეს ვერ განუხორციელებია და გულდაწყვეტილ აკაკის უთქვამს: იმოქმედა იანოვსკის კაკარდამო.“ ლექსში „ყიზილბაშური“ აკაკი აღნიშნავს:
ტკბილად იმღერის, როდესაც
გვიჭედავს ბორკილ-რკინებსა
და ქვეშ ქვეშურად მხარს აძლევს
ივანოვსკ-ბუტირკინებსა
    იგივე ვასილ წერეთელი წერდა: ერთ საღამოს ჩვენთან (სხვიტორში) სტუმრები იყვნენ, მათ შორის ძია აკაკიც. 1905 წელი იყო. ჩამოვარდა ლაპარაკი ტერორის შესახებ. იმ დროს ქუთაისში ტერორისტებმა ვიღაცა მოკლეს. ჩვენი სტუმრები ტერორისტული აქტის შემსრულებლებს გულისწყრომით იხსენიებდნენ და ამბობდნენ: “ რა მოსაკლავი კაცი ის იყოო“. მხოლოდ ერთი აკაკი იყო, რომელსაც არ სწყინდა ეს ამბავი. აკაკიმ აუხსნა დამსწრეებს, რომ მოკლული ღირსი იყო სიკვდილისა, რადგანაც მან მთავრობასთან რევოლუციონერები დააბეზღაო.“
    1905 წელს, ერთ დროს საქართველოში მოღვაწე ბერტა ფონ ზუტნერს, რომანისთვის „ძირს იარაღი“ ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს. აკაკი წერეთლის შემოქმედების თაყვანისმცემლებსაც ჰქონიათ იმედი, რომ აკაკიც მიიღებდა აღნიშნულ პრემიას, მაგრამ აკაკის იმ დროს გაკვირვება გამოუხატავს: „მე-ნობელის პრემია?! მაშინ როდესაც ყველა ჩემი ნაწარმოები იარაღის ჟღარუნად გაისმის.“
მალხაზ კოხრეიძე