четверг, 30 августа 2018 г.


თბილისის პირველი  მერი, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სახლში მკურნალობდა.  ვნახე და ქალაქში შექმნილ ვითარებაზე ვესაუბრე. დედაქალაქის მთავარ  ქუჩებზე მიტინგები იმართებოდა და ირაკლი ანდრიაძე სამსახურში  გამოსვლას ჩქარობდა. თუმცა. მის გამოჯანმრთელებას არ  დაელოდნენ  და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ახალ  მერს "არასაიმედოების" სია მიაწოდეს.  სიაში ჩემი გვარი და სახელიც  შეიტანეს. ამას ისიც ემატებოდა, რომ მე ყოფილი მერის ახლობელი ვიყავი, და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანამდებობიდან გამათავისუფლეს.

ვალაგებ ჩემს ნივთებს და ვხედავ:  შენობას  შეიარაღებული მებრძოლები იკავებენ. არ ვიცი კიტოვანის ბიჭებია თუ ქობალიას. ამას ჩემთვის  მნიშვნელობა არ  აქვს.

სამუშაო ოთახის  კარებს საგულდაგულოდ ვკეტავ და ვფიქრობ, რომ გასაღებს მეორე დღეს ჩავაბარებ.

დილით აცხადებენ, რომ პარლამენტთან, ქართველი მებრძოლები ერთმანეთს  დაუპირისპირდნენ.

ტყვიების  ზუზუნის ქვეშ,  რუსთაველის პროსპექტზე,  სამოქალაქო ავიაციის სამართველოს შენობაში შევედი. ფული მაქვს დატოვებული ბილეთებისთვის, მე და ჩემი მეგობარი ისრაელში ვაპირებდით  გამგზავრებას. 

სამართველოს უფროსის თანაშემწე ფულს მიბრუნებს და მპირდება- როგორც კი მდგომარეობა ჩაწყნარდება,  ბილეთის აღებაში დამეხმარება.

გავემგზავრე ისრაელში და ორი თვით დავრჩი. იქ გავიგე, რომ საქართველოში ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა.

მირეკავენ თბილისიდან და მეუბნებიან, რომ თანამდებობაზე აღმადგინეს.

ჩამოვედი თბილისში. აეროპორტიდან მომავალ  ჩვენს მანქანას შეარაღებული პირები აჩერებენ. თბილისში კომენდანტის საათია.

ვხვდები თანამშრომლებს. გვიხარია, რომ  ისევ ერთად  ვართ, მაგრამ  არ ვიცით, როგორ და რა ფორმით  გავაგრძელებთ საქმიანობას.

მალე ყოფილ მერსაც შევხვდი. შევარდნაძის სახელმწიფო საბჭოს საქმეთამართველად დაუნიშნავთ.
საქმეთამართველი სამუშაოდ  სახელმწიფო საბჭოში მიწვევს.

სახელმწიფო საბჭოში („იმელის“ შენობა) ჩემი ძველი ნაცნობი, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პროფესორი და საბჭოს მდივანიც ვნახე.  ისიც სახელმწიფო საბჭოში  გადასვლას  მირჩევს.

იწყება ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ქვეყანა გასულია სამართლებრივი სივრციდან. ძალაუფლება ავტომატის ლულაზე დაყრდნობილი. 

"იმელში" პოეტმა იზა ჭიკაიძემ პოეტური ჩანახატი შექმნა. "ჩანახატი" ხშირად მახსენებს საქართველოს ისტორიის ამ რთულ პერიოდს.
      გრძელი და ფართო მისაღები... მოლოდინი, უსასრულო, უშველებელი, უყვედრებელი...
      მდივანი (დიდი)-ღიმილიანი, ტკივილიანი, ფერ-უმარილიანი, გონიერი, ღონიერი...
      თანაშემწენი-სახიანნი, უსახურნი, ჭკვიანნი, ფხიანნი, უხმონი, უფხონი... ჯინსიანნი,
      უჯინსონი, პიჯაკიანნი, უპიჯაკონი, ჰალსტუხიანნი... ჰალსტუხიანნი... ჰალსტუხიანნი..
      იარაღში დამალნუნი... მაკაროვით დანაღმულნი...
      ერთი ნაცნობ-უცნობი, ხანდახან ჰალსტუხიანი, აბრეშუმის პიჯაკიანი, ხანდახან
      აბრეშუმისხმიანი, კეთილთვალებიანი, კეთილგულიანი, სიტყვაძვირი, უგულძვირო,
      ფირმასიგარეტიანი, გულუხვი-უიარაღო...
      მდივანი (პატარა)-პატარა სკამით, პატარა საქმით, დიდი თვალებით და დიდი გულით,
      სიარულ ხტუნვით, ხან გრძელი ხან მოკლე კაბით...
     „ბიჭო ვისი ხარ მალხაზი...-ხან თეთრი, ხან შავი, ხან პიჯაკ-ჰალსტუხიანი, ხან უმისოდ...
      ხან კეთილი თვალით, ხან ცინიკური მზერით, ჭკუით გონიერებით მკლავით თავით...
      სხვაზე მაღლა ათი თავით...
      სიარული...  სიარული... სირბილი... აზრიანი, უაზრო, ერთგულება, თავდადება... ზოგის
      ნაღდი, ზოგის ყალბი, ზოგი ეკალი და ზოგი ვარდი. ზოგი აზროვნებს, ზოგი ანცობს...  
      პლიუს მინუს უდრის სახელმწიფო საბჭოს.

#


კონსტიტუცია გვჭირდებაო და დავირაზმეთ სუყველა. იმ კონსტიტუაციას ვიხსენებ, შევარდნაძე მაისურის ამარა რომ დატოვა. მაშინ იმდენი კონსტიტუციონალისტი გამოჩნდა, რომ ვალერიან ფარქოსაძე და გრიგოლ ერემოვი არავის გახსენებია. ექსპერტებიც მოგვაშველეს და ერთ მშვენიერ დღეს ამერიკიდანაც გამოგვიგზავნეს ექსპერტი

ამერიკელ სტუმარს მანქანა დაახვედრეს. იმანაც შემოიარა თბილისი და მცხეთა. სხვაგან მის გამგზავრებას, უსაფრთხოების თვალსაზრისით ერიდებოდნენ და ამიტომ ექსკურსია მალე დამთავრდა

საღამოს, ერთი ჩვენი კოლეგის ბინაში სუფრა გაიშალა და რარიგ გავოცდით, როცა დავინახეთ, რომ ჩვენი ექსპერტი, ერთი პირტიტველა ბიჭი აღმოჩნდა. ამერიკამ იცის თავისი საქმეო-ვთქვით და მაგიდას მივუსხედით.

კონსტიტუციის ჩარჩოდან არ გავსულვართ. დავლიეთ თომას ჯეფერსონის, ამერიკის, საფრანგეთის და ჟორდანიას კონსტიტუციების სადღეგრძელოები, ხოლო საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციას რომ მივადექით, სტუმარი ცრემლმორეული ფეხზე წამოდგა. ვიღაცამ თქვა: ეტყობა ქართული ენის სტატუსი და შევარდნაძის ვაჟკაცობა გაახსენდაო, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა

დედა!-წამოიძახა სტუმარმა. დედაჩემს ჰგონია ახლა მე ჯორჯიის შტატში ვარ. მას, რომ სცოდნოდა ამ ჯორჯიაში მოვდიოდი, არ გამომიშვებდა

დადუმებულები ისევ თამადამ გამოგვაცოცხლა, მან ამერიკელი და ქართველი დედების სადღეგრძელო შემოგვთავაზა.
მალხაზ კოხრეიძე