пятница, 3 марта 2017 г.


„მენშევიკ“ რაჟდენ არსენიძეს სტალინის ანტისემიტობაზე  ყურადღება რომ გაემახვილებინა, ბათუმში მუშებთან შეხვედრისას, თითქოს სტალინის ნათქვამი გაიხსენა: „ლენინი აღშფოთებულია იმის გამო, რომ უფალმა მას მენშევიკების სახით ასეთი ამხანაგები არგუნა. მართლაც რა ხალხია მარტოვი, დანი, აქსელროდი- წიდაცვეთილი ჟიდები, მათთან ერთად ბებერი დედაკაცი ვ. ზასულიჩი. მიდი და იმუშავე ამათთან! არც ბრძოლაში გამოგადგებიან და არც ლხინში. მხდალები და ვაჭრუკანები.“

ტერორისტი ქალი ვერა ზასულიჩი, პაველ აქსელროდი, იული მარტოვი (ცედერბაუმი), ფიოდორ დანი (გურვიჩი), რომელიც მარტოვის დის- ლიდია ცედერბაუმის ქმარი იყო, რაჟდენ არსენიძის პარტიული და სულიერი მოძღვრები იყვნენ. შემორჩენილია ფოტოსურათი, რომელზედაც  პაველ აქსელროდთან ერთად  ემიგრაციაში მყოფი არსენიძის მეგობრები- ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი და სხვები არიან აღბეჭდილები. 

რაჟდენ არსენიძე ისე, როგორც ფიოდორ დანი იურევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული  და მასავით რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციის ლიდერი იყო. ფიოდორ  დანი ნიუ-იორკში გარდაიცვალა.  სწორედ ნიუ-იორკში გამოაქვეყნა რაჟდენ არსენიძემ სტალინზე აღნიშნული კომპრომანტი. „კომპრომანტმა“   ფიოდორ დანის მიმდევრებს სტალინის ანტისემიტობაზე  შეხედულება განუმტკიცა. 
 
სტალინისთვის მრავალი რამ დაუბრალებიათ. მაგალითად: შალვა მალაკელიძის მოგონებით, სტალინი და მის ამხანაგები პარტიის სალაროს, მოპარული ლურსმნების გაყიდვით ავსებდნენ და ამიტომ  საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისში ჩამოსულ სტალინს  რკინიგზის დეპოში  ლურსმნის ქურდოო დაუძახეს.

იოსებ სტალინი ბათუმში  როტშილდების ქარხანაში მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა ცნობილი ებრაელი კაპიტალისტების საკუთრება იყო და სტალინი ქარხნის მუშების პირობების გაუმჯობესებისთვის იბრძოდა, ანტისემიტური არაფერი წამოსცდენია და ჩაუდენია. პირიქით, ოთარ გოგოლიშვილის მიერ მიკვლეული სტალინის წერილიდან სჩანს, რომ ის როტშილდების ქარხნის დირექტორის მისამართით კეთილგანწყობილია და ამის შესახებ აღნიშნავდა კიდევაც: „როტშილდის ქარხნის დირექტორი, ფრანგი გიონი ნამდვილად ჰუმანური კაცია. ის გამოირჩევა ქართველებისადმი სიმპათიით. იმიტომაც არის, რომ აქაურ მუშათა უმრავლესობას ქართველები შეადგენენ... ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სოციალ-დემოკრატიული  წრეები ქარხანაში, რომელშიც გაერთიანდნენ ჩვენი მომხრე მუშები. ჩვენს მიერ მოწყობილ გაფიცვებს ქარხნის დირექტორი მშვიდად ხვდება და ყოველთვის აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.“ 

სხვათაშორის, სტალინამდე, ბათუმში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის დაფუძნება  ებრაელ გეორგ ფრანჩესკს უცდია.

სტალინის თანამოაზრებს და თანამებრძოლებს შორის იყო რუსეთის სოციალ დემოკრატიული მუშათა პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის პროპაგანდისტი იცკა რიჟინაშვილი. რიჟინაშვილი და ჯუღაშვილი ხალხებს შორის თავისებურ თანასწორობას ქადაგებდნენ და სარწმუნოებას მაინცდამაინც მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. დავით კლდიაშვილის თანდასწრებით რიჟინაშვილის და ჯუღაშვილის თანამოაზრეს ასეთი რამ წამოუძახია: „ მე არ ვიცი, ვინ ვარ ახლა-ქართველი ვარ, რუსი, სომეხი თუ სხვა ვინმე-არც მინდა ვიცოდე; მე ვარ პროლეტარი!-პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით! აქ არის, ამაშია ჩვენი ხსნა! “ 

სტალინის მიერ ასეთი პათოსითაა დაბეჭდილი პროკლამაცია სომხებსა და აზერბაიჯანლებს შორის ატეხილ შუღლთან დაკავშირებით:„ახლა უბადრუკი მეფის ეს უბადრუკი მონები ცდილობენ ჩვენშიც, თბილისშიც, ასტეხონ ძმათამკვლელი ომი! ისინი სისხლს მოითხოვენ, მათ სურთ გაგთიშონ თქვენ და იბატონონ თქვენზე. მაგრამ იყავით ფხიზლად! თქვენ, სომხებო, თათრებო, ქართველებო, რუსებო! ხელი გაუწოდეთ ერთმანეთს, მჭიდროდ დაირაზმეთ და მთავრობის ცდებზე- გაგთიშოთ თქვენ-ერთსულოვნად უპასუხეთ: ძირს მეფის მთავრობა! გაუმარჯოს ხალხთა ძმობას!“.

1928 წელს საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ებრაელი მშრომელების მიწათმოწყობის კომიტეტს მიწები დაუმაგრეს.  პირველი ებრაული დასახლება ხაბაროვსკის მხარეში მოეწყო. ებრაელები მდინარეების ბირისა და ბიჯანის ნაპირებზე სახლდებოდნენ. 1937 წელს ქალაქი ბირობიჯანი შეიქმნა.  ბირობიჯანის რაიონი მანამდე  ებრაელთა ნაციონალური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. ჟურნალისტი გალინა კოვალსკაია აღნიშნავდა: „ მათ შორის, ვინც 30-იან წლებში ჩავიდა ებრაელთა ავტონომიური ოლქის შესაქმნელად, იყვნენ 1930 და 1933 წლებში შიმშილისგან და დასავლეთ უკრაინაში დარბევებისგან თავდაღწეულები, ებრაული სახელმწიფოებრიობის  ენთუზიასტები ევროპიდან, აზიიდან, ლათინურ ამერიკიდან (არავითარი ისრაელი მაშინ არ იყო).ებრაელი-სპეციალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი ნახევრადიძულებით სამუშაოებზე გაამწესეს...“

მძიმე შრომა ებრაელებს წმიდა მიწაზეც არ აკლდათ. ამიტომ შრომით გასავათებულები და ხშირად იმედგაცრუებულები მშობლიური მიწას სტოვებდნენ. „სიონისტების ქადაგება საქართველოს ურიებში რაბინ ბააზოვზედ წინეთ იქნა დაწყობილი. ამ ქადაგებით სიონისტებმა აიყოლიეს ცხინვალის ქართველი ურიები, იქიდან რამდენიმე ქართველი ურიები აიყარნენ. და იერუსალიმში გადასახლდნენ, ამათ თურმე ოქროს და ვერცხლის თან პარკებით და ტომრებით წაიღეს, მდიდრები იყვნენ თურმე.  გადასახლებულ ურიებს უცხოეთში საქმე თურმე სულ ცუდათ წაუვიდათ, სიმდიდრე ხელიდან წასვლიყოთ სულ და ბოლოს სიღატაკეშიაც ჩაცვენილიყვნენ. ერთი ამ გაღატაკებულ ურიათაგანი საქართველოში დაბრუნდა, იგი მე ვნახე ცხინვალის თემის გამომძიებელ ნიკ. ხიზანიშვილთან, და ეს გაღატაკებული ურია წყევლით მოიგონებდა იმ პირებს ვინც იგინი გააბრიყვეს და გადაასახლეს საქართველოდანა.“- წერდა ზაქარია ჭიჭინაძე.

1882 წელს გავრცელდა იმფორმაცია, რომ ებრაელების დასასახლებლად თურქეთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე საფრანგეთის ოდენა ტერიტორიის გამოყოფას აპირებდა ადენის, მესოპოტამიის და ალეპოს საზღვრებში, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამართლდა. შემდეგ, იმის გამო, რომ სიონიზმის ერთ-ერთმა მამამთავარმა თეოდორ ჰერცლმა თურქეთის ხელისუფლებასთან პალესტინაში ებრაელების დასახლების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, სიონისტების მეექვსე კონგრესზე ებრაელების უგანდაში დასახლების ინგლისური გეგმის მომხრედ  გამოვიდა. უგანდაში ებრაელების დასახლების იდეა ინგლისის კოლონიების მინისტრს ჯოზეფ ჩემბერლენს ეკუთვნოდა. მას  პრემიერ მინისტრი არტურ ბალფურიც ეთანხმებოდა. სხვათაშორის, თეოდორ ჰერცლი რუსეთის ხელისუფლებასთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას და ის ორჯერ  შინაგან საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ პლევეს შეხვდა.

მხოლოდ 1917 წელს გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ებრაელები პალესტინაში დასახლდებოდნენ.  

1947 წლის გაზაფხულზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურ სესიაზე საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი ანდრეი გრომიკო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ებრაელების უფლებაზე ალაპარაკდა. ამისთვის ებრაელებს  გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შესაბამისი რეზოლუციის მისაღებად ხმების ორი მესამედი სჭირდებოდათ. 

შემოდგომის სესიაზე საბჭოთა კავშირმა და მისმა სატელიტმა ქვეყნებმა პალესტინის ტერიტორიაზე არაბული და ებრაული სახელმწიფოების შექმნას დაუჭირეს მხარი და  1948 წლის 14 მაისს სახელმწიფოდ გამოცხადებული ისრაელი, 17 მაისს  de jure-ედ აღიარეს.  

1948-1949 წლების არაბეთ-ისრაელის ომის დროს, საბჭოთა კავშირი ისრაელს ეხმარებოდა და ჩეხოსლოვაკიის მეშვეობით იარაღსაც აწვდიდა.

ზოგიერთი ებრაელი ანალიტიკოსის აზრით,  სტალინი ჯეროვნად ვერ აფასებდა ებრაელი მებრძოლების შესაძლებლობებს და არ სჯეროდა, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. აქედან გამომდინარე, საბჭოთა ჯარი ებრაელების დახმარების მოტივით ისრაელში  შეიჭრებოდა და ხმელთაშუა ზღვის და წითელი ზღვის სანაპიროებზე სამხედრო-საზღვაო ბაზებს შექმნიდა. ამიტომ ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართაო.

იმის მტკიცება, რომ სტალინი ებრაელების  მებრძოლ ხასიათს კარგად იცნობდა- ზედმეტად მიმაჩნია. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 500 ათასი წითელარმიელი ებრაელიდან 200 ათასი ბრძოლის ველზე დაეცა და რამდენიმე ათეულმა მებრძოლმა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიიღო. როგორც მწერალი ფელიქს ჩუევი წერს, ერთხელ სტალინს დასაჯილდოებელ ოფიცერთა სია შეუტანეს და როცა მან სიაში გვარგადაკეთებული და ეროვნებაშეცვლილი ებრაელი გენერალი აღმოაჩინა თქვა: ამან როგორც ებრაელ ერს უღალატა, ისე რუს ერს  არ უღალატებს? სტალინმა  ოფიცრის  დაჯილდოების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. 

ამერიკა და ინგლისი ისრაელის მოწინაღმდეგეებს - ეგვიპტეს, ერაყს და იორდანიას  უჭერდნენ მხარს და  არაბეთ-ისრაელის ომის დროს, იარაღს არაბულ ქვეყნებს აწვდიდნენ. თუმცა საბჭოთა კავშირ-ისრაელის თანამშრომლობა რომ ჩაეშალათ, 1950 წლის მაისში საფრანგეთთან ერთად აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის  იარაღის მიწოდების რეგულირების დეკლარაცია გამოაქვეყნეს და ამით, ისრაელს უსაფრთხოების გარანტიაც მისცეს.

საბჭოთა კავშირის გავლენა ისრაელზე შესუსტდა და ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები თანდათან დაიძაბა. თუმცა სტალინი ბევრი ებრაელისთვის ისევ „მსოფლიოს ხალხთა ბელადად“ რჩებოდა და ისრაელის კიბუცების კედლებზე  მისი პორტრეტები  ეკიდა.

1998 წლის 9 ივლისს გაზეთ „ჯერუზალემ პოსტმა“  ტომას ო’დუაიერი სტატია გამოაქვეყნა. აღნიშნული სტატია ასევე გამოაქვეყნა ისრაელის რუსულენოვანმა გაზეთმა „ვესტიმ“. სტატიაში აღწერილია რაბინის შვილის- ალექსანდრ კონტრაკტის ცხოვრება, რომელიც  უკრაინის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის- ნიკიტა ხრუშჩოვის წყალობით საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში მოეწყო. 

ალექსანდრ კონტრაკტი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და ბრძოლის ველზე  ორჯერ მძიმედ დაიჭრა. როცა დაჭრილი ურალის ჰოსპიტალში ნიკიტა ხრუშჩოვმა მოინახულა, მან ხრუშჩოვის პირით სტალინს შეუთვალა, რომ ჰოსპიტლის კოშკურაზე  მდგომი გუშაგის  შეცვლა სურდა, რათა მას ფრონტზე წასვლის საშუალება მისცემოდა. ხრუშჩოვმა სტალინს  მეომრის სურვილი გადასცა. სტალინმა ალექსანდრ კონტრაკტი თავისთან დაიბარა. სტალინთან შეხვედრისას ალექსანდრ კონტრაკტმა ბელადს უთხრა,  რომ რაბინის შვილი იყო და ადრე  რელიგიურ სასწავლებელშიც სწავლობდა. სტალინმა მასთან გასაუბრებისას  თავისი  სემინარისტობის წლები გაიხსენა.

ალექსანდრ კონტრაკტმა სტალინის დაცვაში დაიწყო მუშაობა. სტალინმა მას ურჩია, რომ გულზე ჯვარი ეტარებინა.

სტალინის დაცვის ფუნქციებში ბელადისთვის მირთმეული საჭმელის გასინჯვაც შედიოდა. სოჭში მიმავალ სტალინს ვაგონრესტორანში ღორის ხორცი მოუწამლეს და ამას დაცვის თანამშროლი შეეწირა. ლავრენტი ბერიამ ეჭვმიტანილი მზარეულები რიგში დააყენა და თავისი ხელით დახვრიტა. ღორის ხორცი, რომელიც ასე უყვარდა სტალინს, სტალინისვე ნებართვით შეეძლო არ გაესინჯა ალექსანდრ კონტრაკტს.

სტალინმა ალექსანდრ კონტრაკტს დაავალა, რომ  სხვა თანამშრომლებთან ერთად ურალში წასულიყო და იქაური ბანაკებიდან პოლონელი ოფიცრები ჩამოეყვანა. პლონელი ოფიცრების გადაცემა სტალინს უინსტონ ჩერჩილმა სთხოვა. ჩერჩილს ისინი ინგლისელების მხარეს მებრძოლი პოლონური არმიის პირველ კორპუსში  ჩასარიცხად სჭირდებოდა.

როცა ალექსანდრ კონტრაკტი ერთ-ერთ ბანაკში პოლონელებს შეხვდა, ოთხ ებრაულ გვარს მიაქცია ყურადღება. მათ შორის მენახემ ბეგინიც იყო. ებრაელები ომამდე პოლონურ ჯარში მხოლოდ რიგითებად მსახურობდნენ.

ალექსანდრ კონტრაკტის მეცადინეობით, უარალის ბანაკებიდან 185 კაცი და მათ შორის 6 ებრაელი აშხაბადში გადაიყვანეს. ამგვარად მენახემ ბეგინი აშხაბადიდან თეირანში ჩაიყვანეს და იქ ინგლისის წარმომადგენელს გადასცეს. წლების შემდეგ მენახემ ბეგინი ისრაელის პრემიერ მინისტრი გახდა.     

როცა  ნიურნბერგის პროცესი მიმდინარეობდა, სტალინმა ალექსანდრ კონტრაკტი სამხედრო პროკურორის თანაშემწედ დანიშნა. მან ამით ისარგებლა და სტალინის სამუშაო მაგიდიდან საიდუმლო დოკუმენტი მოიპარა. ალექსანდრ კონტრაკტი ამ დოკუმენტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა. 
მალხაზ კოხრეიძე





среда, 1 марта 2017 г.


1937 წელს ეზრა ფინინბერგის მიერ თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მოსკოვში გამომცემლობა „ემესმა“ გამოსცა.“ მანამდე, პოემის თარგმნა ისრაელში ემიგრირებულმა პოეტმა ალექსანდრ პენმაც დააპირა, თუმცა ვერ მოახერხა და შემდეგ „ვეფხისტყაოსნი“ თელ-ავივის  ყოფილმა მერმა დავით გოფშტეინმა თარგმნა.
1969 წელს თელ-ავივში ქუთაისის ავტოქარხნის გაზეთის თანამშრომლის- ბორის გაპონოვის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ გამოვიდა. წიგნის რედაქტორი იყო პოეტი აბრამ შლიონსკი. აბრამ შლიონსკი აღნიშნავდა: „ხანდახან ჰგონია, რომ წინ გიდევს ებრაული ხელნაწერი, რომელიც თითქოსდა აღმოეჩინოთ რომელიმე განძთსაცავში.“ 
ბორის გაპონოვს, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისთვის,  შაულ ჩერნიხოვსკის პრემია  და ისრაელის პრეზიდენტის პრემია მიენიჭა.
1960 წლის შემოდგომაზე, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ, შოთა რუსთაველის სურათის მისაკვლევად და რუსთაველის სავარაუდო საფლავის შესასწავლად, იერუსალიმში აკადემიკოსები ირაკლი აბაშიძე, აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი მიავლინა. ირაკლი აბაშიძე წერდა: „ეს ისტორია 1960 წლის ზაფხულის დასაწყისიდან მოდის, როცა ამ დიდი საქმის თაობაზე პირველად გავფრინდი მოსკოვს საბჭოთა კავშირის უმაღლეს ორგანოებში სათანადო ნებართვა-დასტურის გამოსათხოვად... ღრმა მადლობა მინდა მოვახსენო ამხანაგ ვასილ მჟავანაძეს, რომელმაც ეს საქმე თავიდანვე მხურვალედ მიიტანა გულთან და თავისი შუამდგომლობით წარმადგინა საბჭოთა კავშირის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების წინაშე.“

საქართველოს დელეგაციას, ლოდის აეროპორტში, საბჭოთა კავშირის კონსული ისრაელში გრიგორი კაპუსტინი და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი პალესტინაში არმანდ ვოლკოვი დახვდნენ. დელეგაციას ასევე ელოდებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პალესტინის მისია არქიმანდიტრ ავგუსტინეს ხელმძღვანელობითქართველ მკვლევარებს წაღებული ჰქონდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ეფრემ მეორეს პირადი წერილი მიწერილი პალესტინაში ბერძნების მართლმადიდებლური ეკლესიის მამამთავრის, იერუსალიმის პატრიარქის- ბენედიქტე მეორისადმი. 

ჯვრის მონასტერი იერუსალიმში იმ ადგილზეა აშენებული, სადაც იესო ქრისტეს ჯვრის ხე მოჭრეს. თავის დროზე, ეს ადგილი ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ უბოძა მეფე მირიანს, რომელმაც ადგილზე ტაძარი ააშენა. ტაძარი ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს გაფართოვდა. 

მტრების მიერ არაერთხელ დანგრეული ჯვრის მონასტერი მეთერთმეტე საუკუნეში ბაგრატ მეოთხემ აღადგინა. თუმცა მისი, როგორც ქრისტიანული სამლოცველოს და კულტურის ცენტრის შენარჩუნება მხოლოდ მეცამეტე საუკუნემდე მოხერხდა, რადგან, ეგვიპტის სულთანმა მალეხან--ნასერ ბენ ხალუინმა ქართველი ბერები მონასტრიდან გააძევა და მონასტერი მეჩეთად გადააკეთა. მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში ქართველები და კონსტანტინეპოლელები სულთანთან ჩავიდნენ და მონასტრის დაბრუნება მოსთხოვეს.

მეთექვსმეტე საუკუნიდან ჩანს, რომ მონასტერი ისევ ქრისტიანების ხელშია, ოღონდ ქართველების გარდა, ი ბერძენი, სომეხი და სხვა ეროვნების ბერებიც ცხოვრობენ და ლოცულობენიქვე, კათოლიკებსაც ჰქონიათ თავიანთი საკურთხეველი.

მეჩვიდმეტე საუკუნეში ქართველებს ოსმალების მიერ დაწესებული გადასახადების გადახდა გაუჭირდათ და მონასტერი ერთმორწმუნე ბერძნებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გადასცეს. თუმცა ქართველი ბერები არსად წასულან. 

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ბერძნებმა მთავარი ტაძარი მოქმედი დატოვეს, ხოლო მონასტრის დანარჩენი ნაწილი - საგულდაგულოდ ჩაკეტეს.

როგორც ჩანს, იერუსალიმის საპატრიარქო ჯეროვნად მაინც ვერ უფრთხილდებოდა მონასტერს, რაც, 1948 წლიდან, იქ განთავსებული ისრაელელი ჯარისკაცების მიერ სენაკების კედლების დაზიანებით დასტურდება. ისრაელელი ჯარისკაცები 1960-იანი წლების დასაწყისშიც იმყოფებოდნენ მონასტერში და იქ, სამხედრო მოსამსახურე მანდილოსნების წრთვნებს ატარებდნენ.

იერუსალიმში ჩასულმა ქართველმა მკვლევარებმა  რაც მოასწრეს, ეს მონასტერში არსებული შოთა რუსთაველის გადაღებილი ფრესკის აღდგენა და ფოტოგრაფირება იყო.

აკაკი შანიძემ ფოტოგრაფირებაში დახმარება ისრელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, მკვლევარ იგალ იადინს სთხოვა. იგალ იადინს მნიშვნელოვანი წვლილი მიძღოდა ყუმრანის ხელნაწერების აღდგენა-დალაგების საქმეში და მაშინ ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგიის დოცენტად მუშაობდა.

იგალ იადინი და ყუმრანის ხელნაწერების აღდგენაზე მომუშავე სპეციალისტი ბიბერ-კრაუტი ფოტოგრაფირებაში იმ შემთხვევაში გაუწევდნენ დახმარებას ქართველებს, თუ ისინი ნაწილობრივ მაინც გაასუფთავებდნენ ფრესკას გადაფარებული საღებავისგან. შემდეგ ბიბერ-კრაუტმა იერუსალიმის პატრიარქის-ბენედიქტეს ნებართვის დაგვიანების თუ სხვა მიზეზების გამო,  სამუშაოს შესრულებას თავი აარიდა. 

ქართველებმა თვითნებურად რუსთაველის ფრესკას გადაფარებული საღებავი მოაშორეს და სხვა სპეციალისტის ძებნას შეუდგნენ. შოთა რუსთაველის ფრესკა ფოტოგრაფმა ალფრედ ბერნხაიმმა დაათვალიერა და ფოტოგრაფირებისთვის ფრესკის საღებავისგან მაქსიმალურად გასუფთავება მოითხოვა. გიორგი წერეთელი და ირაკლი აბაშიძე ფრესკაზე გადაფარებული შავ საღებავის წაშლას სველ ტილოთი შეეცადნენ. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სპეციალური საშუალებებით აღიჭურვილები საქმეს უფრო მონდომებით შეუდგნენ. რუსთაველის ფრესკა საღებავისგან თანდათან გასუფთავდა.

არმანდ ვოლკოვი საკუთარი ავტომობილით ბერნხაიმთან გაემგზავრა, მაგრამ ფოტოგრაფი ადგილზე არ დახვდა და ბერნხაიმი მეორე დღეს გიორგი წერეთელმა მიიყვანა ჯვრის მონასტერში. 

ისრაელელმა სპეციალისტმა ფოტოსურათები გადაიღო და რუსთაველის ფრესკის შავ-თეთრი პოზიტივები თავის ლაბორატორიაში დაამზადა, ხოლო ფერადი ნეგატივები ქართველ მკვლევარებს შემდგომი დამუშავებისთვის საქართველოში გამოატანა. საქართველოში გამოაგზავნეს ვოლკოვის ფოტოგრაფის-ბორის კორშის მიერ გადაღებული ჯვრის მონასტრის სხვა ფრესკებიც.

აღსანიშნავია, რომ 1883 წელს რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ალექსანდრე ცაგარელმა, ხოლო 1900 წელს - დეკანოზმა პეტრე კენჭოშვილმა ნახა, მაგრამ შემდეგ ნიკო მარმა ფრესკას ვეღარ მიაგნო.

ჟურნალსაბჭოთა ხელოვნებაში“  1958 წელს და 1960  წელს გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის პორტრეტები.1958 წელს გამოქვეყნებული რუსთაველის პორტრეტი 1845 წელს ნიკოლოზ ჩუბინიშვილის მიერ ფანქრით გადმოხატული პორტრეტის საღებავებით გაფორმებული ვარიანტი იყო, ხოლო 1960 წელს გამოქვეყნებული ფოტოსურათი- ისრელელი ფოტოგრაფის ალფრედ ბერნხაიმის ნამუშევარი გახლდათ. 

1966 წლის მარტში დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ისრაელში საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი გურამ პატარაია, კინოოპერატორი გივი მელქაძე და მწერალი ილია რურუა ჩავიდნენ.საქართველოს ტელევიზიის შემოქმედებითმა ჯგუფმა საქმეს წარმატებით გაართვა თავი და რეჟისორ გურამ პატარაიას ფილმებისთვისპალესტინის სიძველეთა საიდუმლოებადარუსთაველის ნაკვალევზერუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.
მალხაზ კოხრეიძე