воскресенье, 10 марта 2019 г.


მიხეილ კვესელავას გარდაცვალების შემდეგ, რობერტ სტურუამ მისი ნაწარმოები „ას ერგასის დღე“ დადგა რუსთაველის თეატრისდ სცენაზე. იმ დროს რუსთაველის თეატრში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სპეკტაკლი პროფკავშირების კულტურის სახლში  ვნახე. რეჟისორის ნამუშევარმა  ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მიხეილ კვესელავა წერდა: ახლა რომ მკითხოთ,რა ჟანრს მიეკუთვნება ეს თქვენი თხრობაო, მართალი გითხრათ, ვერც გიპასუხებთ; ან თუ გიპასუხებთ, უნდა ვთქვა, არავითარს-მეთქი. მე ისე, უბრალოდ მინდა გიამბოთ ყველაფერი, როგორც ერთი ვინმე უამბობს მეორეს თავის თავგადასავალს, ყოველგვარი ჟანრისა და სტილის გარეშე.“ 

ყველანაირ ჟანრს თავი რომ დავანებოთ, მიხეილ კვესელავას ნაწამოების რობერტ სტურუასეულმა  ინსცენირებამ იმდენად დიდი ეფექტი მოახდინა, რომ ბევრ მაყურებელს მწერლის „სამტომეულის“ წაკითხვის სურვილი აღეძრა.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს, მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე შემოქმედების მწვერვალზე იმყოფებოდა და აღნიშნულ დადგმაში მონაწილეობამ კიდევ უფრო განამტკიცა მისი პოზიცია. ახლაც ყურში ჩამესმის ჰიტლერის როლის შემსრულებლის-რამაზ ჩხიკვაძის სიტყვები: „სტალინმა უზარმაზარი იმპერია შექმნა, იგი მსოფლიო ისტორიაში უდიდესი პიროვნებაა. ჩვენ ორინი ვწყვეტთ მსოფლიოს ბედს, ღირსეული მეტოქეები ვართ. ან ის მომერევა, ან მე მოვერევი, სხვა გზა არ არის!“ სხვათაშორის,ჰიტლერის როლი რამაზ ჩხივაძემ ადრეც განასახიერა „ყვარყვარეში,“ როცა რობერტ სტურუამ, პოლიკარპე კაკაბაძის პიესის მიხედვით დადგმულ სპეკტაკლში, ბერტოლტ ბრეხტის პიესის „არტურო უის კარიერის“ ფრაგმენტი ჩაურთო.

მიხეილ კვესელავა მთავარი ფაშისტი დამნაშავეების გასამართლებას ესწრებოდა  ნიურნბერგში. ნიურნბერგის პროცესი მან წიგნში დეტალურად აღწერა და არც პროცესის მიღმა   განვითარებულ მოვლენები დატოვა უყურადღებოდ. ვფიქრობ, მკითველის მეხსიერებიდან  არასოდეს წაიშლება მისი ეს მოგონება: „....მახსოვს, იმ დღეს პროცესზე რომ შემოიტანეს „ძვალსამტვრევი მანქანა“, პატიმრების ქონისგან დამზადებული საპონი, ცოცხალი ადამიანის ტყავისგან გაკეთებული ნივთები: აბაჟურები, ხელჩანთები, საფულეები და სხვა. მდივანმა ქალმა ვერ აიტანა და იკივლა, მთრგმნელ გოგონას გული შეუღონდა... ბრალდებულთაგან ზოგმა თავი ჩაღუნა, ზოგმა შავი სათვალე აიფარა, პაპენმა და შახტმა ზურგი შეაქციეს დარბაზს... ამერიკელმა ბრალმდებელმა კი ხელში ლექსების წიგნი შეათამაშა და თქვა: აი, ლირიკული ლექსების კრებული, რომლის ყდაც ცოცხალი ადამიანის ტყავისაგანაა გაკეთებული...“

დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების მობილიზაცია გამოცხადეს. საბჭოთა არმიაში პედაგოგები -ანდრია აფაქიძე, ივანე გიგინეიშვილი, მიხეილ კვესელავა, ვიქტორ კუპრაძე, ილია მელქაძე, სავლე წერეთელი, ნიკო  ჭავჭავაძე  და სხვები გაიწვიეს. მიხეილ კვესელავამ და ვიქტორ კუპრაძემ საფუძვლიანად იცოდნენ გერმანული ენა და მათი ეს ცოდნა ფრონტზე გამოიყენეს.

მიხეილ კვესელავა ჯერ 46-ე არმიის შტაბის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს, ხოლო შემდეგ 51-ე არმიის შტაბში გადაიყვანეს. ის ყირიმში იბრძოდა. ვახტანგ კუპრავა იხსენებდა: „მალე კი ერთად მოგვიხდა ომის ქარცეცხლში შესვლა. ეს იყო ქერჩის ნახევარკუნძულზე, 1942 წლის იანვარ-მაისში. ერთად გადავიტანეთ ყველაფერი და ერთად გადავრჩით კატასტროფასაც, რითაც, სამწუხაროდ, დამთავრდა ქერჩის ოპერაცია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ.
გადავრჩით ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას-იმ დროისთვის უკვე ჩემმა ფრონტელმა მეგობარმა მიშა კვესელავამ გადამარჩინა. იგი მხარში ამომიდგა ამ სიტყვის ყოველგვარი მნიშვნელობით. მაშინ 1942 წლის 7 მაისს, გერმანელებმა ჩვენი ფრონტი გაარღვიეს ჩვენგან სამხრეთით...“

ომიდან დაბრუნებული მიხეილ კვესელავა თბილისის კინოსტუდიის დირექტორად დანიშნეს.იმ დროს მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო ფილმი „ფიცი“, ნიკოლზ სანიშვილმა და იოსებ თუმანიშვილმა- „დავით გურამიშვილი,“ კონსტანტინე პიპინაშვილმა- „აკაკის აკვანი,“ ალექსანდრე ანდეიევსკიმ- „რობინზონ კრუზო“ და ა.შ.  წლების შემდეგ მიხეილ კვესელავა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორადაც მუშაობდა. იმ დროს ლეო ესაკიამ გადაიღო „გლახის ნაამბობი“,რეზო ჩხეიძემ- „განძი“ „ზღვის ბილიკი“ და „ჯარისკაცის მამა“, იური ქავთარაძემ- „ჭიაკოკონა“, შოთა მანაგაძემ- „კეთილი ადამიანები“, დავით რონდელმა -„ენგურის ნაპირებზე“, ლანა ღოღობერიძემ- „ერთი ცის ქვეშ“, ლევან ხოტივარმა -„უდიპლომო სასიძო“, თენგიზ აბულაძემ- „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, შალვა მარტაშვილმა- „თხუნელა,“ მერაბ კოკოჩაშვილმა- „არდადეგები“, გიორგი შენგელაიამ- „ალავერდობა“, ლეილა გორდელაძემ- „თეთრი ქალიშვილი“, რეზო ესაძემ- „ერთხელ“, ოთარ იოსელიანმა -„აპრილი“, ბაადურ წულაძემ- „სამი სიმღერა“, მიხეილ ჭიაურელმა- „გენერალი და ზიზილები“, ნინელი ნენოვამ და გენო წულაიამ -„ცეროდენა რაინდები,“ ნიკოლოზ სანიშვილმა- „თოჯინები იცინიან“ და ა.შ.

ჩამოთვლილი ფილმებთან ერთად მაშინ ეკრანებზე გამოჩნდა რეჟისორ ყარამან მგელაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბურთი და მოედანი.“ ფილმის სცენარი მიხეილ კვესელავამ სულიკო ჟღენტს სპეციალურად თავისი დეიდაშვილისთვის, ქუთაისის თეატრის მსახიობისთვის- იპოლიტე ხვიჩიასთვის დაუკვეთა. ამგვარად, კინოეკრანებზე პირველად გამოჩნდა იპოლიტე ხვიჩია. იპოლიტე ხვიჩიამ შემდეგ მთავარი როლები შალვა მარტაშვილის „თხუნელაში“  და ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „თოჯინები იციან“ შეასრულა.

მიხეილ კვესელავა  ყარამან მგელაძის ნამუშევრით  კმაყოფილი დარჩა და იპოლიტე ხვიჩიას მონაწილეობით სერიალის გადაღებაზე დაიწყო საუბარი - იპოლიტე აბანოში, იპოლიტე ალპინისტი... მაგრამ მსახიობმა მალე მოიხვეჭა კინომაყურებლის სიყვარული და  მრავალი სრულმეტრაჟიანი ფილმის გმირი გახდა. 

მიხეილ კვესალავას „ქართული ფილმის“  დირექტობის პერიოდს, კინოსტუდიის რენესანსად  მიიჩნევდა კინოდრამატურგი რეზო კვესელავა. რეზო კვესელავა წერდა: „ჩვენი ფილმის „ვედრების“ შექმნის იდეა პირველად ბატონ მიშას სამუშაო ოთახში დაიბადა. ვიყავით სამნი: ბატონი მიშა, ანზორ სალუქვაძე და მე. ბატონმა მიშამ რომ გაიგო, თენგიზ აბულაძე დაინტერესდა ვაჟას მასალაზე ფილმის განხორციელების იდეით, ძალიან გაუხარდა...“

საერთოდ,მიხეილ კვესელავა მრავალი სასიკეთო საქმის ინიციატორად გვევლინებოდა. მან და მისმა კოლეგებმა დაარსეს ალმანახი „ხომლი,“ რომელიც შემდეგ „საუნჯის“ სახელწოდებით გამოდიოდა. შედეგიანი აღმოჩნდა მიხეილ კვესელავას და გერმანელი ჰუგო ჰუპერტის მეგობრობა და თანამშრომლობა. ჰუგო ჰუპერტმა გერმანულად თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ორჯერ გამოსცა.

თეატრალური და უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტების ყოფილი ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უმივერსიტეტის პროფესორი მიხეილ კვესელავა განსაკუთრებით ზრუნავდა  სტუდენტებზე, ასპირანტებზე, ახლგაზრდა მეცნიერებზე და მთარგმნელებზე. ერთხელ აკადემიკოსს ევგენი ხარაძეს უთქვამს: “არ ვიცი კინოსტუდიამ რა დაკარგა მიხეილ კვესელავას იქიდან წამოსვლით, მაგრამ ის კარგად ვიცი, რომ კვესელავას მოსვლით უნივერსიტეტმა ბევრი რამ შეიძინა.“  ამიტომ ახალგაზრდების ნაკადი არ წყდებოდა პროფესორის სამუშო კაბინეტში უნივერსიტეტში თუ სახლში. ის არავის სტოვებდა უყურადღებოდ, ყველას სათანადო დახმარებას უწევდა. რეზო ყარალაშვილი იხსენებდა: „ბატონი მიხეილი იყო პირველი ვინაც სრულიად უცნობს გამომიწოდა დახმარების ხელი, როდესაც რუსეთიადან სამშობლოში დავბრუნება და აქ სწავლის გაგრძელება მოვიწადინე. მისგამ გავიგე პირველად ჰერმან ჰესეს სახელი, რამაც შემდგომში მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩემი მეცნიერული ინტერესების სფერო. იგი იყო ჩემი კათედრის გამგე, ჩემი დამრიგებელი, ჩემი ოპონენტი და ჩემი წიგნების თუმცა მომთხოვნი, მაგრამ ამავე დროს მეტად კეთილმოსურნე რეცეზენტი. და მე მხოლოდ ერთი მაგალითი ვარ იმ სიკეთისა, რომელიც ბატონ მიხეილს გაუცია თავისი სიცოცხლის მანძილზე. ვისთანაც კი მისაუბრია მიხეილ კვესელავაზე. ყველას ჰქონია მსგავსი მოსაგონარი, ყველა იყო მისით მომადლებული; მე ვერ ვნახე კაცი, ვისაც ის არ დახმარებია, მხარში არ ამოსდგომია, გაჭირვების ჟამს არ შეშველებია.“

ადელაიდა ალტშულერი-ნემსაძის ინტერესების სფეროში გერმანელი მწერალი ლეონჰარდ ფრანკი შედიოდა  და მისი დისერტაციაც  ლ. ფრანკის ნაწარმოებებში ანტიფაშისტური თემა იყო. 

ადელაიდა ნემსაძეს ბავშვობაში სამამულო ომის ქარცეცხლი ჰქონდა გამოვლილი და მამით ებრაელი, ფაშისტების რისხვას არაერთხელ გადარჩენია. „და ერთხელ ისინი ჩვენს სარდაფში გამოჩნდნენ. ვინც ჩვენთან მოვიდა, იმათგან ერთის სახე მახსოვს. ის გვაკვირდებოდა და ყვიროდა: „იუდენ, კომუნისტენ!“ ვერ ნახა რა ჩვენ შორის ისინი, ვისაც ეძებდა, შემდეგი ოჯახისკენ გასწია. უცებ შემოგვესმა ყვირილი, ყვიროდა სომეხი ქალი, რომელიც გერმანელებმა ებრაელად მიიჩნიეს. ის თმებით ათრიეს და მიწაზე გართხმული, თითქმის უსულოდ მიატოვეს.“  - იგონებს  ადელაიდა ნემსაძე.

მიხეილ კვესელავა გულდასმით გაეცნო  ადელაიდა ნემსაძის ნაშრომს და არა მარტო მას, არამედ დედასთან ერთად, კალმით და ფურცლით მასთან  მისულ პატარა ნატელინკასაც  უსურვა წარმატება. სხვათაშორის, ამ პატარა  გოგოში მან მომავალი მწერალი ამოიცნო და არც შემცდარა-ნათია ნემსაძე  დღეს შესანიშნავი პოეტია.
მალხაზ კოხრეიძე.