воскресенье, 22 сентября 2019 г.


ოლღა ჭავჭავაძე ეკატერინე გაბაშვილს სწერდა: “ დღეს საღამოს მატარებლით ტფილისში ჩამოდის ინგლისელი ქალი მარჯორი უორდროპი, რომელსაც სურს სთარგმნოს ინგლისურად „ვეფხისტყაოსანი“ და ზოგიერთი ქართული პოეზიის შედევრები. ილია გთხოვთ ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ მცხეთის სადგურზე უორდროპის შესახვედრად, თუ ინებებთ წამოსვლას, საღამოს რვის ნახევარზე მობრძანდით ჩვენთან და იქიდან ერთად გავემგზავროთ მცხეთას.“

საქართველოში ჩამოსულმა მარჯორი უორდროპმა  თბილისი, იმერეთი,  გურია  დაათვალიერა და ბათუმიდან ოდესაში გაემგზავრა. იქიდან კი-ლონდონში.

მარჯორი უორდროპი ოჯახთან ერთად მეორედაც ჩამოვიდა საქართველოში და თბილისის გარდა, კახეთს, ქართლს და იმერეთს ეწვია. მას მესამეჯერ ჩამოსვლა არ დასცალდა, ის ბუქარესტში გარდაიცვალა.

მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილი „ილია ჭავჭავაძის „განდეგილი,“ ქართული ხალხური ზღაპრები, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ და „ვეფხისტყაოსანი“ მკითხველის ინტერესს იწვევდა. მის მიერ პროზად თარგმნილი და ლონდონში  გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ ნიუ-იორკში გალექსეს და ისე გამოსცეს.

 უორდეოპის თარგმანების წაკითხვის შემდეგ,  ქართული ლიტერატურით დაინტერესდა ქეთრინ ვივიენი და „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურად თარგმნას  შეუდგა.  მან ქართველ ფილოლოგებთან დაამყარა კავშირი და   საქართველოშიც არაერთხელ ჩამოვიდა.  „ვეფხისტყაოსნის“ გარდა, ქეთრინ ვივიენმა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ თარგმნა.

არტურ ზუტნერის წერილები „ვეფხისტყაოსანზე“ გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდებოდა. ცოლ-ქმარი ბერტა და არტურ ზუტნერები საქართველოში ავსტრიიდან ჩამოვიდნენ. ბერტა კინსკი-ზუტნერი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანთან მეგობრობდა და  მისგან იცნობდა საქართველოს და ქართველ ხალხს. ისინი ცხრა წელი ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ საქართველოში. მათ „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულად სიტყვასიტყვით უთარგმნა იონა მეუნარგიამ და ამგვარად, ზუტნერებს „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულ და გერმანულ ენებზე გაუმართავთ. 

 „ვეფხისტყაოსნის“ ზუტნერებისეული თარგმანი არასოდეს არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როგორც ბერტა აღნიშნავს, მთარგმნელები ამაოდ არ დამშვრალან ამ მთარგმნელობითი მუშაობით და საუბრებით, რომელთაც ამასთან დაკავშირებით უტარებდა მათ მეუნარგია, ავსტრიელი მწერლები ეზიარნენ ქართველი ხალხის სულსა და ბუნებას, მის ისტორიასა და კულტურას“- წერდნენ ნოდარ კაკაბაძე და ნოდარ რუხაძე.

ძნელი სათქმელია, იცნობდა, თუ არ იცნობდა მარია პრიტივიცი ბერტა ზუტნერის თარგმანს, მაგრამ, როგორც ამბობენ, მისი გერმანულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ საუკეთესო თარგმანია. მარია პრიტივიცის თარგმნილი პოემის  გამოცემა იმიტომ  ვერ მოხერხდა, რომ თარგმნა მეორე მსოფლიო ომის დროს შესრულდა.

სწორედ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაინტერესდა ქართული ენით და ლიტერატურით შვეიცარელი რუთ ნოიკომი. მან შეისწავლა ქართული ენა და გერმანულად თარგმნა „ვისრამიანი“, ქართული მოთხრობები და „ვეფხისტყაოსანი.“ მისი „ვეფხისტყაოსნის“ სრული პროზაული თარგმანი ციურიხში გამოიცა.

თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი დაამთავრა ესტონელმა იუტა პალმმა. მან მისი მომავალი მეუღლე- დავით ბედია, ჯერ კიდევ სტუდენტობამდე, მოსკოვში, სპორტული პაექრობის დროს გაიცნო და  ერთ წლის შემდეგ, ტალინიდან თბილისში ჩამოვიდა. მაშინ  არავის ეგონა, რომ  ესტონელი გოგონა  ქართული ლიტერატურის მთარგმნელი გახდებოდა.
   
იუტა ბედიას  პირველი თარგმანია ნოდარ დუმბაძის „დიდრო“ და მწერლის სხვა ათი მოთხრობა.
ნოდარ დუმბაძის გარდა, მან ესტონურად  თარგმნა რ. ინანიშვილის, ო.ჭილაძის, გ.პეტრიაშვილის, ა.კუსრაშვილის. ნ.ლორთქიფანიძის, მ.ჯავახიშვილის  ნაწარმოებები.

„ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას იუტა ბედიამ  ათი წელი მოანდომა. წიგნი 1991 წელს გამოვიდა ესტონეთში.
იუტა ბედია: „...დავიწყე „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა, ეს იყო უბედნიერესი დრო, როცა მე ყოველ სიტყვას და ყოველ სტროფს ვარჩევდი, გულისყურით ვაანალიზებდი, ვსწავლობდი...  საერთოდ მე ვთვლი, რომ თუ ადამიანს არ შეუძლია წაიკითხოს ნაწარმოები ორიგინალში, თან პოეზია, მაშინ მან არ უნდა მოკიდოს ამ საქმეს ხელი, იმიტომ რომ, ეს არის დინამიკა, სიმფონია, მუსიკა, ყველაფერი, თუ როგორ კითხულობ ამ ბგერებში და თუ ეს არ მოგისმენია ერთხელ მაინც, რა საქმე გაქვს მასთან. პოეზია, ეს არის რითმი, დინამიკა, სიმფონია-მნიშვნელოვანია როგორ ამოიკითხავ ამ ბგერებში და თუ ეს სიმფონია ვერ მოისმინე, მაშინ რა საქმე გაქვს პოეზიასთან, ხელოვნებასთან?“

 მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, ესტონეთში როგორ შეაფასეს იუტა ბედიას თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი.“
 
ესტონეთის ლიტერატურის მუზეუმის სამეცნიერო დირექტორი სირია ოლესკი: “1940 წლიდან რამდენიმე ესტონელმა მწერალმა სცადა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის თარგმნა. მიუხედავად ამ მცდელობებისა, ეს დიდი ქართველი პოეტი, უცნობი რჩებოდა ესტონელი მკითხველისათვის.

იუტა ბედიამ მრავალი წლის დაუღალავი მუშაობის შედეგად მაღალმხატვრულად თარგმნა ქართული ლიტერატურის კლასიკური ნიმუში.

იუტა ბედიას მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“, გამორჩეული ადგილი უკავია ესტონურ ენაზე თარგმნილ ისეთ ეპიკურ ნაწარმოებებს შორის, როგორიცაა ჰომეროსის, ვირგილიუსის, ედას, "ნიბელუნგების თარგმანები“

მწერალი ენნ სოოსარი: “იუტა ბედიამ ესტონურ ენაზე თარგმნა რუსთაველის პოემის ყველა 1587 სტროფი, შენარჩუნებულია ორიგინალის რითმი, მათ შორის ცეზურული პაუზები, გამოყენებულია შესაბამისი პოეტური ლექსიკა. თარგმანი დიდ სიამოვნებას ანიჭებს მკითხველს.“

ქართველოლოგი უნო უსსისოო: „1966 წელს შოთა რუსთაველის იუბილის დღეებში ამ თარიღის აღსანიშნავად ესტონურ ენაზე გამოქვეყნდა ბევრი საინტერესო სტატია და მომზადდა გადაცემები რადიოთი და ტელევიზიით. სამწუხაროდ, იმ დროისათვის ცოტა რამ თუ მოიძებნებოდა   ქართულიდან ესტონურ ენაზე თარგმნილი. მეოთხედი საუკუნე დასჭირდა იმას, რომ ესტონურ ენაზე ესტონელი მკითხველი გაცნობოდა ქართული ლიტერატურის ამ განუმეორებელ ქმნილებას. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ 1991 წელს გამოსცა გამომცემლობა „ვესტი რაამატმა“

იუტა ბედია 1992  წელს რუსთაველის პრემიაზე წარადგინეს. კომისიამ მასალები განსახილველად არ მიიღო, რადგან, თურმე კომისიის წევრები დარწმუნებულები არ იყვნენ იმაში, რომ ესტონურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ მაღალმხატვრულად იყო შესრულებული. ამიტომ მათ ესტონელი მწერლების შუამდგომლობა მოითხოვეს, არადა,  მწერლების და სპეციალისტების ცალკეული დადებითი რეცენზიები ესტონურ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული იყო უკვე.

იმხანად, იუტა ბედია მძიმე სენით იყო დაავადებული და მთარგმნელმა რუსთაველის პრემიისთვის ბრძოლა თვითმიზნად არ დაისახა, მან  წარმატებით თარგმნა მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ და მისი ესტონეთში გამოცემის საქმეს მოანდომა დარჩენილი სიცოცხლე.

დღეს იუტა ბედიას შრომის  დაფასება, ყველა იმ ზემოაღნიშნული ევროპელი ქალბატონის შრომის დაფასება იქნება.  მითუმეტეს, რომ შოთა რუსთაველის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობები და წესი ითვალისწინებს კანდიდატის ხელმეორედ წარდგენას, თუ  ადრე  ტექნიკური მიზეზების გამო მისი ნაწარმოები არ იქნა დაშვებული საკონკურსოდ. ასევე შესაძლებელია, პრემია გარდაცვლილ შემოქმედსაც მიენიჭოს. და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ- საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პრემიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ წესით დადგენილი პროცედურების დაუცველადაც.

ვფიქრობ, იუტა ბედიას ქართველი კოლეგები მოინდომებენ და  წარადგენენ ესტონელ მთარგმნელს  პრემიაზე.  საქართველოს პრეზიდენტი კი  დააფასებს იუტა ბედიას  ნაყოფიერ მოღვაწეობას.
მალხაზ კოხრეიძე