понедельник, 27 февраля 2017 г.

ფოთის რეაბილიტაციას „ნიკოლაძის კოშკი“ ეწირება ?
ვინ და რატომ ებრძვის ნიკო ნიკოლაძის სახელს, სალომე ზურაბიშვილის გამო?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ ნიკო ნიკოლაძის კოშკის „ სახელით ცნობილი ძეგლის ერთი ნაწილი, შესაძლოა, ფოთის რეაბილიტაციის პროექტს შეეწიროს. ამას ოპოზიციური პარტიებისა და ფოთის მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. კულტურის მინისტრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ შესაძლოა, კოშკი არ დაინგრეს, მაგრამ საინტერესოა, რატომ ცდილობს ხელისუფლება ნიკო ნიკოლაძის სახელის დაჩრდილვას ? სინამდვილეში, დიდი ქართვეი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელს მხოლოდ იმის გამო ებრძვიან, რომ მისი შვილთაშვილი, სალომე ზურაბიშვილი ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა.
ფოთის მთავარი არქიტექტორის ნუკრი ტუღუშის განმარტებით, საუბარია ისტორიული ძეგლის მარჯვენა ფლიგელის დემონტაჟზე, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად საკმარისი არ აღმოჩნდება.
„ ეს არის მინაშენი კომუნისტების პერიოდში, 70-იან წლებში, ამიტომ ვიფიქრეთ, ხომ არ იქნება უმჯობესი მისი მოხსნა, რომ უფრო დიდი ტერიტორიაც გამოჩნდეს და კეთილმოსაწყობადაც კარგი იყოს,“-განაცხადა ნუკრი ტუღუშმა.
მოგვიანებით, ამ საკითხზე კომენტარი კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამაც გააკეთა. რურუას თქმით, ის ინფორმაციას გადაამოწმებს და თუ კოშკს მართლაც აქვს ძეგლის სტატუსი, არ დაინგრევა.
ნიკო ნიკოლაძის სახელით ცნობილი ეს ძეგლი, არა მარტო ფოთის ისტორიის განუყოფელი ნაწილი, არამედ-საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობაა. „ვერსია“ პუბლიცისტ მალხაზ კოხრეიძეს დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ ის ამჟამად მუშაობს წიგნზე, რომელშიც ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დღემდე უცნობი დეტალები გაშუქდება:

-ბატონო მალხაზ, როგორია ამ კოშკის წარმოშობის ისტორია ?

-ისტორიული წყაროების მიხედვით, ნაგებობა, რომელმაც ნიკო ნიკოლაძის ფოთში მოღვაწეობის პერიოდში კოშკის სახე მიიღო, მე-16-ე საუკუნეში თურქებს ციხე-სიმაგრის სახით აუშენებიათ, როდესაც თურქებმა ფოთი დაიპყრეს და საქართველოს გავლით ირანისკენ გაილაშქრეს. ქართველებმა ქუთაისთან უკუაგდეს თურქები და იძულებულები გახადეს, ისევ ფოთისთვის შეეფარებინათ თავი. სწორედ ამ დროს, თურქებმა აქ ციხე-სიმაგრე ააშენეს, რომელიც მოგვიანებით იმერეთ-სამეგრელო-გურიის ლაშქარმა მიწასთან გაასწორა. მე-18-ე საუკუნეში თურქებმა ფოთში ისევ ააშენეს კვადრატული ფორმის ციხე-სიმაგრე , რომლის ყველა კუთხეში ბასტიონი იდგა. 1828 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, ფოთი საბოლოოდ საქართველოს დაუბრუნდა. ამ ომში დაიღუპა ნიკო ნიკოლაძის ბაბუა-ფირან ლორთქიფანიძე.

-როგორ მოხდა, რომ თურქების მიერ აშენებული ციხე-სიმაგრე დღეს ნიკო ნიკოლაძის სახელთან ასოცირდება ?

-მე-19-ე საუკუნის 90-იან წლების პირველ ნახევარში, ფოთის თავი ნიკო ნიკოლაძე გახდა. მან ციხე-სიმაგრის მთავარი ბასტიონი სამოქალაქო ნაგებობად გადააკეთა და ბინაც იქ დაიდო. ამგვარად, ძველი სამხედრო ობიექტის ადგილზე ახალი სამოქალაქო შენობა შეიქმნა, რომელსაც შემდეგ „ნიკოლაძის კოშკი“ უწოდეს. როდესაც ნიკო ნიკოლაძემ ფოთის მოურავის თანამდებობა დატოვა, კოშკის საკუთრბაში დატოვება მოითხოვა. მისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია.

-თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მის ოჯახს უძრავი ქონება ჩამოართვეს.

-დიახ, ქვეყნის გასაბჭოებისთანავე კომუნისტებმა მის ოჯახს უძრავი ქონება ჩამოართვეს, მაგრამ მალევე დაუბრუნეს. თავად ნიკო ნიკოლაძე იმ დროს ევროპაში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ იგი 1920 წელს, ნოე ჟორდანიას მთავრობამ ქართული მარგანეცის საქმისა და სხვა საკითხების მოსაგვარებლად ევროპაში მიავლინა. ნიკო ნიკოლაძე ლენინის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. იმასაც ამბობდნენ, ამიერკავკასიის კომუნისტური ხელისუფლების ლიდერი, სერგო ორჯონიკიძე დახვდაო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ არსებობს.

-არსებობს ინფორმაცია, რომ კოშკის გადაწვის მცდელობაც კი ყოფილა...

-ეს არ მომხდარა რაიმე პოლიტიკური მოტივით, ერთ-ერთმა მოქალაქემ, იმის გამო, რომ მისი მეგობრები „ ნიკოლაძის კოშკის “ გაქურდვისათვის დაუკავებიათ, გადაწყვიტა ამ ფორმით ეძია შური და კოშკს ცეცხლი წაუკიდა. სხვათა შორის, გაზეთში „ცნობის ფურცელი“ ამ ფაქტზე წერდნენ. სტატიის მიხედვით, შუაღამისას, ბოროტმოქმედს ჩამოუღია ქუჩის ფარანი და სანავთით მიუსხამს ნავთი „ნიკოლაძის კოშკის“ კუთხეზე და ცეცხლი გაუჩენია. ავარდნილ ალს ქუჩის დარაჯის ყურადღება მიუქცევია, რომელმაც ბოროტმოქმედი ადგილზე დააკავა და ცეცხლი ჩააქრო

-რაც შეეხება 70-იან წლებში ჩატარებულ რესტავრაციას, რა სახეცვლილება განიცადა კოშკმა ამ პერიოდში ?

-თავდაპირველად რუსებს თურქების მიერ დატოვებული ციხე-სიმაგრის შეკეთება და ისევ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება უნდოდათ, მაგრამ მისი აღდგენა სერიოზულ თანხებს მოითხოვდა, ამიტომ 70-იან წლებში შენობის დემონტაჟი დაიწყეს. დემონტაჟის შედეგად დარჩენილი სამშენებლო მასალით, ფოთის სხვა შენობა-ნაგებობები აშენდა. რაც შეეხება მიშენებას. ასეთი მიშენებები თავიდანვე ჰქონდა კოშკს, რადგანაც გადაკეთებული და მრავალჯერ გარემონტებულია. მოგეხსენებათ, შენობა ასეთ დროს ყოველთვის განიცდის გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ ვფიქრობ, კომუნისტები ვერ გაბედავდნენ ამ შენობის საფუძვლიანად გადაკეთებას.

-ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ ფაქტს მის პოლიტიკურ აქტიურობას და ნიკო ნიკოლაძის სახელთან ბრძოლას უკავშირებს. როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს კოშკის ნაწილის დემონტაჟი ?

-სიმართლე გითხრათ, ასეთი ეჭვი გაცილებით ადრე, 2005 წელს გამიჩნდა, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 200 ლარის ღირებულების ბანკნოტზე ნიკო ნიკოლაძის პორტრეტის გამოსახვის შესახებ, შეიცვალა და კუპიურაზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი გამოსახეს.

-ეს ის პერიოდია, როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, ხომ ?

-დიახ, 2005 წლის ზაფხულში, ეროვნულ ბანკში მიიღეს გადაწყვეტილება, ნიკო ნიკოლაძე ფულზე გამოსახულიყო, ხოლო ამავე წლის შემოდგომაზე, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და იგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა. ეტყობა, ამის გამო დიდი ქართველი მოღვაწის სახელი მიუღებელი გახდა მავანთათვის. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, 2007 წელს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნიკო ნიკოლაძის არქვთან კანონით დადგენილი სარგებლობის უფლება შემიზღუდეს. ბიბლიოთეკის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ბორის გაგუამ თვითნებურად დააწესა ბიუროკრატიული შეზღუდვები. ამის შესახებ დაუყონებლივ ვაცნობე ქალბატონ სალომეს, როგორც ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს, მაგრამ უმთავრესი მაინც ის იყო, რომ ჩემი მიმართვის მიუხედავად, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და არც სახალხო დამცველს, ბატონ სოზარ სუბარს, ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებიათ. როგორც მახსოვს, მაშინ ბორის გაგუას მეუღლე, ნინო ნაკაშიძე პარლამენტის წევრი იყო. იმის გამო, რომ ჩემი კვლევა ნიკო ნიკოლაძის უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობებს ეხებოდა, დახმარებისთვის ამერიკის, რუსეთის და ისრაელის ელჩებსაც მივმართე. ამის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ გიორგაძემ გამოიჩინა გულისხმიერება და მოწიწებული, მაგრამ არგუმენტირებული დოკუმენტი გაუგზავნა ბიბლიოთეკას. შედეგად, ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ემზარ ჯგერენაია, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, ამ საკითხის მოგვარებას დამპირდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო 200 ლარიანი ბანკნოტიდან ნიკო ნიკოლაძის მოხსნის თემის გაგრძელება, ამავე თემის გაგრძელება მგონია, „ ნიკოლაძის კოშკის ’’ შემოგარენის ხელყოფის სურვილიც.
ნათია ვასაძე
გაზეთი "ვერსია"
12-13 სექტემბერი 2012 წელი



მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ძმებმა იაკობ, ივანე, ანდრია და მერაბ ზუბალაშვილებმა ავლაბარში ორი პურის მაღაზია გახსნეს. მაღაზიებში თბილისის გუბერნიის გლეხებს ხორბალი და ფქვილი შეჰქონდათ გასაყიდად. ზუბალაშვილებმა ვერის უბანში შაქრის ქარხანაც გახსნეს და სოფლებში ნაყიდი ჭაჭით  არყის გამოხდა დაიწყეს. ისინი ბაზალეთის ტბაზე წურბელებს ამრავლებდნენ და სამკურნალო დაწესებულებებს აბარებდნენ. გვარში მათ ექიმიც ჰყავდათ- ზაქარია მიხეილის ძე ზუბალაშვილის სახით, რომელსაც ლაიფციგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და დუშეთში, ახალციხეში და თბილისში ეწეოდა სამედიცინო პრაქტიკას.

იაკობ ზუბალაშვილმა დავით ბატონიშვილის სიმამრის, მდიდარი სომეხი ვაჭრის 80 ოთახიანი ქარვასლის ადგილას შენობა ააშენა. ამ შენობაში 1837 წელს რუსეთის იმპერატორ ნიკოლაის (პირველი) წვეულება გაუმართეს და წვეულებაზე მყოფმა საქართველოს ეგზარხოსმა შენობა სასულიერო სემინარიისთვის მოიწონა.  იაკობ ზუბალაშვილმა ეგზარხოსს უარი ვერ შეჰკადრა და მხოლოდ სამშენებლო მასალაზე გაღებული თანხის ანაზღაურება მოითხოვა. შენობაში სასულიერო სასწავლებელი განთავსდა, ხოლო შემდეგ- საქართველოს ხელოვნების მუზეუმი.

1858
წელს საქართველოში ჩამოსული ფრანგი მწერალი ალექსანდრ დიუმა თეატრის მოედანზე ივანე ზუბალაშვილის სახლში ცხოვრობდა, სადაც ორი ოთახი და ერთი დარბაზი ეკავა. 

კონსტანტინე ზუბალაშვილის მეუღლეს- ელისაბედ თუმანიშვილს უთქვამს: თუ ბაქოში ნავთობის საქმე კარგად წაგვივიდა, საქართველოს რომელიმე კუთხეში კათოლიკურ ეკლესიას ავაშენებთოელისაბედ თუმანიშვილი, შვილის- სტეფანე ზუბალაშვილის თაოსნობით დაწყებულ ბათუმის კათოლიკურ ეკლესიის მშენებლობას ვერ მოესწრო, მაგრამ მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ეკლესიის შესასვლელში სამუდამოდ ამოტვიფრეს შემდეგი სიტყვები: „ტაძარი ესე ყოვლად წმიდა ღვთის-მშობლისა მარიამისა, თვისის ზღუდითურთ, აღვაგე მე სტეფანე კოსტანდინეს ძე ზუბალაშვილმა, საცხოვნებლად სულისა ჩემისა, მშობელთა, ძმათა და დათა ჩემთასა.“ 

სტეფანე ზუბალაშვილის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა თქვა: „არასდროს არ მინახავს, მაგრამ თვალწინ მედგა, არავითარი დამოკიდებულება არ მქონია, მაგრამ გულით მიყვარდა, როგორც ღირსეული ქართველი, რაიცა დღეს ჩვენში სანთლით საძებარია.“

სტეფანეს, პეტრეს, იაკობის და ლევანის მამა კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი ბაქოში ერთ-ერთი პირველი ნავთობმომპოვებელი იყო. პეტრე და იაკობი მისი და ადვოკატ სტეფანე ივანეს ძე ჯაყელის დაფუძნებული ფირმის. . ჯაყელი და კომპანიის ნავთობსამრეწველო და სავაჭრო ამხანაგობისდირექტორები იყვნენ. 

სტეფანე ზუბალაშვილის სანავთობე ფირმაში ოთხასზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა. ზუბალაშვილები თანამშრომლობდნენ როტშილდების როგორცკასპია-შავი ზღვის ნავთობმრეწველობის და ვაჭრობის ამხანაგობასთან,“ ისე-მაზუთთან.“ საქმიანი ურთიერთობები ჰქონდათ ნობელების ფირმასთან და ა.შ.

საქმით  გამოირჩეოდნენ კონსტანტინეს ძმები- ანტონ ზუბალაშვილი და ალექსანდრე ზუბალაშვილი. ალექსანდრე ზუბალაშვილი ხელოვნების დიდი დამფასებელი და ცნობილი კოლექციონერი იყო. მან ერთ-ერთმა პირველმა შეიძინა დამწყები მოქანდაკის- იაკობ ნიკოლაძის ნამუშევარი. ალექსანდრე ზუბალაშვილი ევროპაში, უმეტესად ფლორენციაში ცხოვრობდა. შემდეგ იაკობ ნიკოლაძე ალექსანდრე ზუბალაშვილს სწორედ ფლორენციაში შეხვედა, მაგრამ ეკონომიურად შეჭირვებულ ახალგაზრდა ხელოვანს ალექსანდრე ზუბალაშვილი არ დახმარებია, რადგან ზუბალაშვილები ქართველმა სოციალ-ფედერალისტებმა ისე დააშინეს, რომ მათ, ყოველგვარი ქველმოქმედების სურვილი დაჰკარგეს. იაკობ ზუბალაშვილმა თანამემამულე ექსპროპრიატორების გამო საკუთარ ბიძასთან- პავლე მიხეილის ძე თუმანიშვილთანაც კი გასწყვიტა კავშირი. პავლე თუმანიშვილი ზუბალაშვილების ფულით გაზეთებს- „ივერიას,“ „ვოზროჟდენიესდა ჟურნალნაკადულსუშვებდა. 

თედო სახოკია თავის თანაპარტიელ სოციალ-ფედერალისტ გიორგი დეკანოზიშვილს იკობ ზუბალაშვილის თაობაზე სწერდა: „ თქვენ რომ ულტიმატუმი დაგიდვიათ, ის კაცი ჩემთან ძალიან კარგად იქცეოდა. აქამდე იმით ვიბრუნებდით სულს. სამწუხაროა, რომ შენ არაფერი იცოდი და იმასთან სირცხვილში ჩავარდი. არა უშავს, გამოვაკეთებთ საქმეს და ბოდიშს მოვიხდით მასთან.“ 

ალექსანდრე ზუბალაშვილი ესწრებოდა ინტელიგენციის მიერ ივანე ბაგრატიონ-მუხრანელის სახლში აჭარის დელეგაციის საპატივცემულოდ მოწყობილ ნადიმს. მაშინ ალექსანდრე ზუბალაშვილს უთქვამს: „ მაგრამ ვის ჰმართებს კიდევ ქება და პატივი ამ ჩვენი შეერთებისათვის? ბატონებო, სტაქნები დაამზადეთ! ეს ქება და პატივი, დიახ გვმართებს, რომ ვუძღვნათ ძლიერ რუსეთის ხალხსა! და ეს სადღეგრძელო იყოს პატივისცემისათვის რუსეთის ხალხისა!“ 

ალექსანდრეს ძმის - ანტონ ზუბალაშვილის აშენებულია მარჯანიშვილის თეატრის შენობა, ხოლო თბილისის კონსერვატორია ანტონის და ალექსანდრეს ძმიშვილიმა- იაკობ ზუბალაშვილმა ააშენა. 
ზუბალაშვილების ერთი ცნობილი წარმომადგენელი - იაგორ ზუბალაშვილი გენერალ მიხეილ ლორის-მელიქოვის დაზე იყო დაქორწინებული და ამათი ვაჟი - ნიკოლოზ ზუბალაშვილი ნიკო ნიკოლაძესთან მეგობრობდა. ერთხელ სომხების კონსტანტინეპოლის პატრიარქს უთქვამს: გერცენს ჟენევაში ნიკოლაძის გარდა ზუბალაშვილის გვარის კაციც ხვდებოდაო.

მიხეილ ლორის-მელიქოვი, ნიკო ნიკოლაძე, ნიკოლოზ და სტეფანე ზუბალაშვილები თბილისის სათათბიროს წევრები იყვნენ.

1885
წელს ბაქოს ნავთობმომპოვებელთა შორის გამოჩნდა ალექსანდრ მანთაშევი. ალექსანდრ მანთაშევმა სოლიდური თანხა  ჩადოცატუროვის და კომპანიისამხანაგობაში. ნავთობმრეწველმა სერგეი პალაშკოვსკიმ მას თავისი სანავთობე საქმის ყიდვაც შესთავაზა, მაგრამ მანთაშევი ბუნგე-პალაშკოვსკის ქონებით არ დაინტერესდა და ორ წელიწადში, პალაშკოვსკის მსგავსი ნავთობის ჭურჭლის ქარხანა თავად ააშენა ბათუმში. ამასთანავე 200-ზე მეტი ნავთობცისტერნა დააყენა ამიერკავკასიის რკინიგზაზე და თურქეთის, საბერძნეთის, სირიის, ეგვიპტის მიმართულებით ნავთობის გატანა დაიწყო.  მალე ამ ქვეყნებში თავისი კანტორებიც გახსნა.

1892
წლის მარტში ცატუროვის ამხანაგობამ შეწყვიტა საქმიანობა და მთელი მისი ქონება 650 ათას რუბლად ალექსანდრ მანთაშევმა შეიძინა. 

ალექსანდრ მანთაშევი თბილისელი ივან მანთაშევის ერთადერთი შვილი იყო. ივან მანთაშევი ირანული საქონლით ვაჭრობდა და რაც მოახერხა ის იყო, რომ შვილს სომხური ბაზარის ტერიტორიაზე არსებული კომერციული სასწავლებელი დაამთვრებინა. 

ირანული საქონელზე თანდათანობით მოთხოვნა მცირდებოდა, შესაბამისად, შემოსავლებიც მცირდებოდა და ივან მანთაშევმა შვილი თბილისში ერევნის მოედანზე არსებულ ტერ-ასატუროვის მოდური საქონლის მაღაზიაში გადაიყვანა. ასატუროვთან ალექსანდრ მანთაშევი პროფესიონალ ვაჭრად ჩამოყალიბდა და როგორც გამოცდილი კომერსანტი, მამასთან ერთად საქონლის შესაძენად ლონდონში დაიარებოდა. მალე ალექსანდრ მანთაშევმა თბილისში, ისევ ერევნის მოედანზე, სასტუმროკავკაზისქვევით ევროპული საქონლის მაღაზია გახსნა და რამდენიმე წელში ნავთობის საქმესაც ოჰკიდა ხელი. 

ალექსანდრ მანთაშევი სასესხო კრედიტის თბილისის საზოგადოების და თბილისის კომერციული ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო. ის ასევე იყო სახელმწიფო ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრი. ალექსანდრ მანთაშევი არა ერთხელ აურჩევიათ თბილისის სათათბიროს წევრად და როგორც დეპუტატი ნიკო ნიკოლაძესთანაც თანამშრომლობდა. 

ალექსანდრე მანთაშევი 1911 წლის 19 აპრილში პეტერბურგში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ოთხი ვაჟი  და ოთხი ქალი  დარჩა. თითოეულ ვაჟს ანდერძით 5 მილიონი რუბლი დაუტოვა, ხოლო თითოეულ ქალს- ნაღდი 500 ათასი რუბლი და 300 ათასი რუბლი- პროცენტიანი ქაღალდების სახით. ანდერძის თანახმად, შვილებს უფლება არ ჰქონდათ მამის დანატოვარი უძრავი ქონება გაეყიდათ. ეს ქონება შვილიშვილებზე უნდა გადასულიყო, როცა ისინი 30 წლის გახდებოდნენ. სხვათაშორის, ანდერძში ასეთი პირობაც ეწერა: თუ რომელიმე ვაჟი ცოლად სომეხი ეროვნების ქალს არ მოიყვანდა- მემკვიდრეობას დაკარგავდა.

ალექსანდრ მანთაშევმა ნათესავებიც არ დაივიწყა, მან  ნათესავებს- მირიმანოვებს და ხარაზოვებს ფული დაუტოვა. ასევე ქველმოქმედებისთვის 200 ათასი რუბლი დატოვა. თანხა თბილისელ და რუსეთში მცხოვრებ სომხებს უნდა მოხმარებოდათ.

თავის დროზე ალექსანდრ მანთაშევი ეხმარებოდა პარიზისკავკასიის სათვისტომოს.“ ამ სათვისტომოს უმეტესობას ქართველები შეადგენდნენ და მათთან ერთად რამდენიმე სომეხიც იყო გაერთიანებული. სათვისტომოს ქართველმა წევრებმა იმის გამო, რომ ქართველების სახელი გამოკვეთილი ყოფილიყო და უცხოელებს სათანადოთ გაეცნოთ ისინი, ცალკე გამოყოფა მოინდომეს. „ქართული სათვისტომოსდაფუძნებას და სომხებთან გათიშვას, როგორც მოსალოდნელი იყო, მანთაშევის სუბსიდიის შეწყვეტა მოჰყვა. ქართველების საზოგადოება ჭერის გარეშე დარჩა.

ალექსანდრ მანთაშევი ქართველებსაც არა ერთხელ დახმარებია. მაგალითად საქველმოქმედო ბალის ჩასატარებლად მან ფინანსური დახმარება გაუწია თელავის წმიდა ნინოს დაწესებულებას. თანხა ამ დაწესებულების ხელმძღვანელს ანა ჭავჭავაძეს გადასცა. მანთაშევის ოჯახის კოლექციაში ინახებოდა ნიკო ფიროსმანის ჩვენამდე მოღწეული ტილოები: "ლუდხანა ზაქათალა,“ „და და ძმა,“ „ბათუმი.“

ალექსანდრ მანთაშევის ერთ-ერთ ვაჟს, თელაველი სომხების შთამომავალი, ჯერ ნაციონალისტი და შემდეგ პროფესიონალი რევოლუციონერი სტეფანე შაუმიანი ამეცადინებდა. ის უკმაყოფილო იყო თავისი შეგირდის მონაცემებით და გერონტი ქიქოძისთვის უკითხავს: „რატომ ხდება, რუსეთში და ჩვენში ბურჟუაზიული ოჯახების მეორე და მესამე თაობა უკვე ფიზიკური და ზნეობრივი გადაგვარების გზას ადგება. ევროპაში კი ეს კლასი შედარებით უფრო ჯანსაღად გამოიყურება, თუმცა მას ათასი წლის ისტორია აქვსო.“

ჩემთვის ცნობილი არ არის ალექსანდრ მანთაშევის ვაჟებიდან რომელი იყო შაუმიანის შეგირდი, მაგრამ ცნობილია, რომ ერთ-ერთმა - იოსებ მანთაშევმა პეტერბურგში სასტუმროასტორიაშირევოლვერით თვითმკვლელობა სცადა. იოსებ მანთაშევი თვითმკვლელობის მცდელობამდე, მოსკოვში უძრავ-მოძრავი ქონების გაყიდვას  ფიქრობდა. საბოლოოდ, მას მოსკოვი მართლაც დაუტოვებია და ცხოვრების და საქმიანობის გაგრძელება თბილისში  უცდია. 

1882 წლის ზაფხულში, მოსკოვში, რუსეთის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების ყრილობა გაიმართა, რომელზედაც ნიკო ნიკოლაძე მოხსენებით წარსდგა. ნიკო ნიკოლაძე ნობელებს აკრიტიკებდა. 

თავის დროზე, ნობელები რუსეთის მთავრობას ბაქოში ნავთობის მოპოვების განვითარებისთვის გემებით და ვაგონცისტერნებით უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ და სახელმწიფოც მათ, როგორც პერსპექტიულ ნავთობმომპოვებლებს- ხელს უწყობდა. თუმცა, ნიკო ნიკოლაძის აზრით, ისინი ისე გაყოყოჩდნენ, რომ სხვა ნავთობმომპოვებლებს გასაქანს არ აძლევდნენ. ბათუმის ნავსადგურის საკითხთან დაკავშირებულ კომისიაში მოწინავეთა რიგებში მყოფნი, სხვა ნავთობმომპოვებლებს ებრძოდნენ, ნაშოვნ თანხებს მათი მოპოვებული ნავთობის სპეკულაციაში აბანდებდნენ და .

ნობელები არა მარტო ნავთობის შესყიდვის მონოპოლისტები, არამედ ჩამოსხმის და გადაზიდვების საქმის მონოპოლისტებიც გახდნენ. მათი გემები ფსევდორუსული ამხანაგობის დროშებით დაცურავდნენ და ნავსადგურებში ბაჟსაც არ იხდიდნენ. ისინი 1400 ვაგონცისტერნას ფლობდნენ და რკინიგზაზე შეღავათებითაც სარგებლობდნენ. 

ნიკო ნიკოლაძე ყრილობაზე ყველა ნავთობმომპოვებლის თანაბარ პირობებში ჩაყენებას და გადაზიდვის საშუალებებით თანაბარი სარგებლობის უფლებას მოითხოვდა.

1882 წლის ოქტომბერში, პეტერბურგში, რუსეთის სამეცნიერო ტექნიკურ საზოგადოების დარბაზში, ლუდვიგ ნობელმა ნიკო ნიკოლაძის მის წინააღმდეგ მოსკოვში გამოსვლას-  ცილისწამება და დანოსი უწოდა. ნიკო ნიკოლაძემ მოახერხა საპასუხო სიტყვით გამოსვლა. გამოსვლამ ნიკო ნიკოლაძეს აუდიტორიის წინაშე პოზიციები განუმტკიცა. შეკრებაზე, რომელიც შუაღამისას დასრულდა, ქიმიკოსი დმიტრი მენდელეევიც გამოვიდა.

როტშილდებმა ნიკო ნიკოლაძესკასპია-შავიზღვის ნავთობმრეწველობის და ვაჭრობის ამხანაგობისორი დირექტორის და ორი კანდიდატის ანუ ორი მოადგილის შერჩევა დაავალეს. კანდიდატებს მუდმივი ჯამაგირი არ ექნებოდათ. ნიკო ნიკოლაძემ დირექტორებად დავით ერისთავი და კოლა ორბელიანი დაასახელა, ხოლო კანდიდატის თანამდებობაზე  იონა მეუნარგია წარადგინა, რომელიც ფაქტიურადამხანაგობისმდივანი იქნებოდაიონა მეუნარგია ბათუმში ცხოვრებას თუ არ ისურვებდა, შეეძლო  მშობლიურ ცაიშში დარჩენილიყო  და როცა რომელიმე ხელმძღვანელი სადმე წავიდოდა, მაშინ ჩასულიყო  ბათუმში და მისი მოვალეობა შეესრულებინა. სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს იონა მეუნარგიას თავის დღიურში ასეთი რამ ჩაუწერია: „ამ ჟამად სპინოზას ვკითხულობ, ძლიერ გამიტაცა ამ გენიოსმა. ნეტავი თქვენ ურიებო, რამდენი დიდი კაცები გყავდათ...“ 

დავით კეზელმა, რომელიც დავით სოსლანის ფსევდონიმითაც ბეჭდავდა წერილებს, დავით ერისთავს, როგორც როტშილდების თანამშრომელს საახალწლოდ ასეთი რამ დაუწერა: "ურიის პური ჭამე და ურიის ხმალი მოიქნიეო.“ 

დავით ერისთავმა, დავით კეზელს უპასუხა:
დავით სოსლანი და ერისთავი
ემსახურება ორივე ერსა.
ერისთავი ჭამს ურიის პურსა
და სოსლანი კი ყოველ დღე მძღნერსა.

ნიკო ნიკოლაძეს ქართველ ებრაელებთანაც ჰქონდა საქმიანი  კავშირები.  მან კულაშელი მოშე ელიგულაშვილის სესხის საგარანტიოდ ბაშის სახნავ-სათესი მიწა ჩადო. მიწა 210 რუბლად იყო შეფასებული. ნიკო ნიკოლაძემ ვალი დროულად ვერ გადაიხადა და აღმასრულებელი მიადგა კარზე. 

1890 წლის 14 აგვისტოს დილის 10 საათზე ქუთაისის საოლქო სასამართლოში ნიკო ნიკოლაძის უძრავი ქონების საჯარო ვაჭრობა გაიმართამიღებული თანხით მოშე ელიგულაშვილს დააკმაყოფილებდნენ.  აკაკი წერეთელმა, როცა ეს ამბავი გაიგო ლექსი დაწერა:
ნუ მკითხულობთ:ვინა ვარ?
სიდან მოვალ? სად მივალ?
სულ ესა ვარ, რაცა ვარ,
რასაც მხედავთ თვალ-და-თვალ!
თავისუფლად დავდივარ:
არც ბატონად, არც მონად!
ცა ქუდად არა მყოფნის,
დედამიწა ქალამნად,
უფროსი, არც უმცროსი
ნებით არვინ მყოლია!
ვინცა მცნობს და ვისაც ვცნობ,
ყველა ჩემი ტოლია!
ძმობა და სიყვარული
ფულით არ მიყიდია!...
მხოლოდ გული და სული
მათი გზა და ხიდია!
არც მქონია, არც რამ მაქვს,
არც მექნება, მგონია,
მაგრამ ჩემზე მდიდარი
არც კი გამიგონია!
მე რომ მაქვს, ის სიმდიდრე
ღვთისგან მოცემულია:
სულია ის საუნჯე
და სიმდიდრე გულია!
ვერ მომპარავს ვერავინ,
თან დამაქვს ეს დიდება!...
განჩინების ძალითაც
ხელი არ ეკიდება!
ჩამოდექი, პრისტავო!...
ნუ მოდიხარ მოვალე!...
სიმდიდრეც ამას ჰქვიან!...
ვინც მომცა, ვენაცვალე!...
მალხაზ კოხრეიძე