вторник, 11 апреля 2017 г.

1968 წელს  უკრაინის ავტოტრანსპორტისა და გზატკეცილების სამინისტრომ და ყირიმის  საოლქო აღმასკომმა წლის სახელმწიფო პრემიაზე იალტის ავტოსადგურის ნაგებობა წარადგინა. ნაგებობა დააპროექტა და მშენებლობის საქმეს უძღვებოდა არქიტექტორი გიორგი ჩახავა.

პროექტი ავტოსაგზაო პროექტირების საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალში შესრულდა. დარბაზების ინტერიერი  ა.გორგაძემ, გ.ქარუმიძემ, ზ.წერეთელმა, ო.ქოჩაკიძემ, ა.სლოვენსკიმ. რ.ჩიკვაიძემ გააფორმეს, ხოლო დარბაზების ავტომატიზაციის პრინციპი რადიოტექნიკის და ტელემექანიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ვ.ჭიჭინაძემ და ო. ჩარკვიანმა შეიმუშავეს.

გიორგი ჩახავამ და მისმა ჯგუფმა, როგორც ყოველთვის, რელიეფის თავისებურებები გაითვალისწინეს  და სიმფოროპოლ-სესვასტოპოლის იალტის შესასვლელთან, იქ სადაც მთებია და  მდინარე „ბისტრაია“ ჩამოედინება, ისეთი ნაგებობა  აშენეს, რომლის ქვეშ-პირველი სართულის დონეზე,  მდინარე მიედინებოდა.

იალტის ავტოსადგურის დასრულების შემდეგ  გიორგი ჩახავა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული საავტომობილო გზების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ და მთავარ არქიტექტორად დანიშნეს. მისი პროექტით, იმ დროს, ასევე აშენებული იყო უზბეკეთის, ყირგიზეთის და ავღანეთის სატრანსპორტო კომპლექსები.

1969 წელს, თბილისში, საქართველოს სამხედრო გზის და გაგარინის ქუჩის გადაკვეთაზე,  საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს  მშენებლობა  დაიწყეს.  

საავტომობილო გზების სამინისტროს პროექტი თბილისის სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული პროექტების ზონალურ ინსტიტუტში დამუშავდა და მასზე არქიტექტორები- გიორგი ჩახავა და ზურაბ ჯალაღანია, კონსტრუქტორები- თეიმურაზ თხილვა და ალექსანდრ კინბერგი მუშაობდნენ.

არსებულ რელიეფზე დაყრდნობილ 4 კოშკს, ორსართულიანი, ჰორიზონტალური კორპუსები აერთიანებდა და ნაგებობა რკინაბეტონით შენდებოდა.  მას  1  საგზაო-საამშენებლო, სარემონტო ტრესტის (მმართველი ტ.კიკაჩეიშვილი)   სამმართველო ( უფროსი ი.ყანჩელი, მთავარი ინჟინერი  ი.ავალიშვილი)  აშენებდა.  1  საგზაო-საამშენებლო, სარემონტო ტრესტმა შემდეგ ამ ნაგებობაში დაიდო ბინა.

გიორგი ჩახავა აღნიშნავდა: „ქალაქ თბილისს ლამაზი და რთული რელიეფი აქვს, ზოგიერთი მონაკვეთი, ერთი შეხედვით, მშენებლობისთვის უვარგისი გვეჩვენება. სწორედ ასეთ „უვარგის“ მონაკვეთზე გაგარინის ქუჩასა და სანაპიროს შორის გაშენდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ჩვიდმეტსართულიანი საიჟინრო კორპუსი.

ეს უბანი (მსგავსად ქალაქის სხვა ასეთი უბნებისა) დიდხანს არ იყო განაშენიანებული რელიეფის სირთულის გამო, მაგრამ კოშკურ საყრდენებზე სახლების მშენებლობის მეთოდმა შესაძლებლობა მოგვცა ეს ადგილიც აგვეთვისებინა. ამ მეთოდის პრინციპი მდგომარეობს გასაშენებელი ფართობის მაქსიმალურ შემცირებაში ცალკეულ კოშკთა აღმართვის გზით, რაც საშუალებას იძლევა ვაშენოთ ბუნებრივი რელიეფის შეუცვლელად, ავითვისოთ მთის ფერდობები და ხრამები, გავათავისუფლოთ ვაკე ადგილები პარკებისა და დასასვენებელი ზონების მოსაწყობად, დაუბრკოლებლად გავატაროთ ტრანსპორტი შენობის ქვეშ... და კიდევ : კოშკურ საყრდენებზე სახლების აგება წყვეტს ქალაქშენების კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს, ავტომანქანების მიერ გამონაბოლქვი გაზების განიავებას.“

ჩახავას და ჯალაღანიას ნამუშევარი შეუმჩნეველი საზღვარგარეთაც არ დარჩენიათ და მრავალმა მიმომხილველმა გამოაქვეყნა ნაგებობის ფოტო და შესაბამისი სტატია.  მათ შორისაა იტალიური ჟურნალი "დომუსი", ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნი "ცვლილებები თანამედროვე არქიტექტურაში", კიოლნში გამოცემული წიგნი "თანამედროვე არქიტექტურა აღმოსავლეთ ევროპაში "და სხვა.

 1981 წელს გიორგი ჩახავას და მის ჯგუფს საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს აგებისთვის, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია მიენიჭა. 

მიუხედავად ასეთი აღიარებისა, ჯგუფი  ცალკეული სპეციალისტების შენიშვნას და კრიტიკას მაინც ვერ გადაურჩა. ვახტანგ დავითაია აღნიშნავდა: „რაც მაინცდამაინც არ მომწონს ამ შენობაში ესაა ფასადების სქემატულობა, ასოციაციები 20-იანი წლების კონსტრუქტივიზმთან ( არა საერთო სივცობრივ კონცეპციაში, არამედ სიბრტყეების მხატვრულ გააზრებაში), რაც, ბუნებრივია, დაბლა სწევს მის ემოციურ ტონუსს.“

საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროში გიორგი ჩახავას სამუშაო კაბინეტი მეცამეტე სართულზე მდებარეობდა. მინისტრის მოადგილეების- გიორგი ჩახავას და ოთარ მხეიძის სამუშაო კაბინეტებს ერთი, საერთო მისაღები ოთახი ჰყოფდა. ოთარ მხეიძის კაბინეტს  იურიდიული განყოფილების სამუშაო ოთახი ესაზღვრებოდა, რომლის თანამშრომელიც მე ვიყავი.

გიორგი ჩახავას სიტუაციის საფუძვლიანად შესწავლა და სამართლის ნიუანსებში ჩაღრმავება უყვარდა. ამიტომ, ამა თუ იმ საკითხის განხილვისას საკმაო დროით  ვჩერდებოდი მის  კაბინეტში. 

ჩვენი საუბრები  მხოლოდ სამართლის თემით არ ამოიწურებოდა, აუცილებლად სხვა საკითხებსაც გადავწვდებოდით. იმ დროს ბატონმა გიორგიმ  მისი და ზურაბ ჯალაღანიას ვარაზის ხევისთვის გათვალისწინებული,  არაორდინალური საცხოვრებელი სახლების პროექტები გამაცნო, რომელთა განხორციელებასაც  შემდეგ   ბათუმში გეგმავდა.

ერთხელ, ცენტრალური კომიტეტიდან თუ მთავრობის სასახლიდან დაბრუნებულმა გიორგი ჩახავამ  კაბინეტში მიხმო და მითხრა: დოკუმენტებს გავეცანი, ქართველებს ცუდი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს და  ახალგაზრდა თანამშრომლები  შემიკრიბეო. 

მის კაბინეტში შევიკრიბეთ ახალგაზრდები. თვალებზე ცრემლმორეული საუბრობდა მინისტრის მოადგილე. მაშინ მან ასეთი აზრიც გამოთქვა:  იქნებ თანამშრომლებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დავიწყოთ და ამ სახლში ძირითადად ახალგაზრდები შევასახლოთო.  

სიცოცხლის ბოლომდე თავდაუზოგავად შრომობდა და  სჯეროდა, რომ მისი მორიგი  პროექტი ბაგების ტერიტორიაზე განხორციელდებოდა. 

სამსონ ლეჟავა გიორგი ჩახავზე  წერს:  „ ... სწორედ შემოქმედებით ხუროთმოძღვრებს და არა პრეტენზიულ ფსევდოინტელექტუალებს ძალუძთ დააფასონ და სწორად აღიქვან  ის,  რაც საუკუნეთა მანძილზე შეუქმნიათ ჩვენს წინარე თაობებს. ამ თვალსაზრისით ძალზე საგულისხმო იყო მისი დაკვირვებები როგორც  ქართულ სატაძრო, ისე ხალხურ არქიტექტურაზე, რომელთა ღირსეული მემკვიდრეც უდავოდ გახლდათ. ვფიქრობ, ამიტომ შეძლო საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვება. ტრაგედიაა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სამწუხაროდ შეუფერებელ გარემოცვაში მას არ მიეცა შესაძლებლობა თავის დიდ, უჩვეულო, მასშტაბურ ჩანაფიქრთა სრულყოფილი ხორცშესხმისა“
მალხაზ კოხრეიძე