суббота, 28 декабря 2019 г.


მიხეილ კინწურაშვილის მეცადინეობის შედეგად, თბილისში პოეზიის თეატრი ჩამოყალიბდა და მე, როგორც პოეზიის და თეატრის მოყვარული, ამ თეატრის გულშემატკივარი გავხდი.

მიხეილ კინწურაშვილს მანამდე ვიცნობდი, როგორც „მეტეხის“ თეატრის ნიჭიერ მსახიობს და ვცდილობდი მისთვის ხელი შემეწყო. მაშინ, პოეზიის თეატრს საკუთარი სცენა არ ჰქონდა და სხვადასხვა კლუბებში იმართებოდა წარმოდგენები. ერთი ასეთი წარმოდგენა, სპეციალურად თბილისის საქალაქო საბჭოსთვის და მისი აღმასრულებელი კომიტეტისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ძალიან გვინდოდა, ქალაქის ხელმძღვანელობა და საბჭოს  კულტურის მუდმივი კომისიის წევრები, თეატრის შემოქმედებით დაინტერესებულიყვნენ და დასისთვის  შესაფერისი  შენობის გამოყოფაზეც  ეზრუნათ.

მიზანს თითქმის მივაღწიეთ. ქალაქის თავმა პირადად დამავალა ფართობის მოძებნა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება. იმ დროს, საქართველოს დედაქალაქის  შენობების დიდი ნაწილი  მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენდა. 

მიხეილმა თავისი სახლის სიახლოვეს, სოლოლაკში, ერთ ადგილზე მიმანიშნა და მივედით. ნახევრად სარდაფის ტიპის ფართობში, სხვადასხვა მიზნებისთვის მაგიდებს,სკამებს და ჭურჭელს აქირავებდნენ.

"პუნქტის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიცნო და თანამშრომელთან ერთად სასწარაფოდ  ერთი მაგიდა ააწყო და სახელდახელო სუფრა გაშალა. ჩვენ,  თანამშრომლების განწყობა გვაინტერესებდა. გვაინტერესებდა უმტკივნეულოდ  თუ  მოვახერხებდით "პუნქტის"  სხვა ფართობში გადატანას.

მიგვიხვდნენ რა  განზრახვას, "გამქირავებელი პუნქტის" თანამშრომლებმა, მორიდებულად, უკმაყოფილება გამოხატეს და ჩვენც საუბარი შევწყვიტეთ.  უცებ, მიხეილ კინწურაშვილს  ერთი სახედაღლილი კაცი მიუჯდა გვერდით. ვერ მიცანიო-შეეკითხა. მიხეილმა შეხედა და გაუღიმა, მერე მე მომიბრუნდა და მეუბნება: ჩვენი უბნის „სანტეხნიკიაო“. ეჰ, ერთი კვირაა სამსახურიდან გამაგდესო- ჩაიქნია ხელი „სანტეხნიკმა.“ როგორო?-შეიცხადა მიხეილმა. ხომ იცი,  სმა მიყვარს ბრატჯან და ეგრეო. მერე სახლში რას გეუბნებიანო-ეკითხება მიხეილი. აბა, უმუშევარი ვის რად ვუნდივარ და ცოლმაც გამომაგდოო.

მიხეილი მომიბრუნდა და მეუბნება: იცი რა ხელი აქვს?  ცოდოა, სახლმართველობა აქვეა და შენ რომ ეტყვი უფროსს-აღადგენენო. მივედით სახლმართველთან. წამოხტა ფეხზე, ხელი ჩამომართვა, რამ შეგაწუხათო. მეც ვეუბნები: აღადგინეთ ეს კაცი სამსახურში, ცოდოა, უმუშევარი ცოლმა გამოაგდო-მეთქი. ეგ რა აღსადგენია, მაგრამ თქვენ უარს როგორ გეტყვითო, წავიდეს პასპორტი მოიტანოსო. 

გაგვიხარდა მე და მიხეილს, მაგრამ „სანტეხნიკი“ სიხარულს არ გამოხატავს- თუ არ გამომყვებით ცოლი სახლში არ შემიშვებს და პასპორტსაც ვერ მოვიტანო. გავყევით.

წინ მიდის „სანტეხნიკი“ უკან მე და მიშა მივყვებით. უცებ ფანჯრიდან ქალი ყვირის: ეგღა მაკლდა შენი „საბუტილნიკები“ მოგეყვანა, და ამასაც მოვესწარიო. ერთი ამას შეხედეთ, როგორ გამოწყობილა პიჯაკში,  და ჰალსტუხიც რომ შეუბამსო-ჩემზე ამბობს. გაჩუმდი რაღა!- ყვირის „სანტეხნიკი,“ 
მთავრობაა, მთავრობაო. ქალი დაწყნარდა. ვისაუბრეთ. იქვე, ქმარს პირობა დავადებინეთ, რომ აღარ დალევდა.  ცოლმა  არ მჯერა მაგის, მაგრამ თქვენი ხათრითო და პასპორტი  გამოიტანა.

მიშამ მერიის შენობამდე ჩამომაცილა და წასვლისას მითხრა:  მალხაზ ჩვენი თეატრის  საქმე დღეს ვერ გადავწყვიტეთ, მაგრამ ერთი კარგი საქმე მაინც ხომ გავაკეთეთო. მე დავეთანხმე.

შემდეგ, ისევ   ყოფილი ქალაქის თავის, ჩემი და მიხეილ კინწურაშვილის მეცადინეობით გამოიძებნა პოეზიის თეატრისთვის შესაბამისი ფართობი.
მალხაზ კოხრეიძე