вторник, 6 декабря 2016 г.

მე და ციფი თელ-ავივის სინემატეკის დირექტორის-ალონ გარბუზის ოფისში ვზივართ. ალონი ქართულ კინოზე საუბრობს. თენგიზ აბულაძეს, ოთარ იოსელიანს და სერგი ფარაჯანოვს ახსენებს. მე სხვა ქართველ რეჟისორებზე ვიწყებ საუბარს. ვატყობ, დავაინტერესე. საბოლოოდ შევთანხმდით, თელ-ავივის მერიის დახმარებით, ისრაელში, ქართული კინოს ფესტივალი მოეწყობა. საწრაფოდ ვრეკავ თბილისში ჩემს მეგობართან, გამობრძმედილ „კინოშნიკთან’-ნუკრი ბარამიძესთან და დახმარებას ვთხოვ.

ჩამოვედი თუ არა საქართველოში რეჟისორებს-საშა რეხვიაშვილს, მერაბ კოკოჩაშვილს, რეზო ესაძეს შევხვდი და წინასწარი შეთანხმებისთვის მათი ფილმების ვიდეოჩანაწერები გამოვართვი, ხოლო იმჟამად მოსკოვში მყოფი ირაკლი კვირიკაძე დაპირებისამებრ, კასეტას ისრაელში გადმომიგზავნის.
ჩემდასავალალოდ, ამ რეჟისორების ფილმების სამონტაჟო ფურცლები გაბნეული აღმოჩნდა, არადა, კასეტებთან ერთად ფილმების ივრითული თარგმანები რომ არ წარვადგინო, საქმე ცუდათ წამივა. ვჯდები ტელევიზორთან, ხელში ვიღებ ვიდეოს პულტს და დიალოგებს სიტყვასიტყვით ბლოკნოტში ვიწერ, რომელსაც შემდეგ ციფი ივრითზე თარგმნის.

სინემატეკმა მოიწონა წარმოდგენილი მასალები და ფესტივალის ჩატარების დროდ 1997 წლის ოქტომბერი გამოაცხადა. ამასთან, მოწვევა გამოუგზავნა მერაბ კოკოჩაშვილს, საშა რეხვიაშვილს და რეზო ესაძეს. გული დამწყდა იმაზე, რომ ირაკლი კვირიკაძის ფილმების მოსკოვიდან ისრაელში ჩატანა ვერ მოხერხდა.

იმხანად, თბილისის ეკრანებზე, ლევან ანჯაფარიძის „ორმაგი სახე“ გამოვიდა. იმ დროს, შემთხვევით ქუჩაში ლია ქობულაძე შემხვდა. ლია, ლევანის ფილმში დედის როლს ასახიერებს. სწორედ, მან მირჩია ფილმის ნახვა და ფესტივალზე წაღება. სურათის ნახვის შემდეგ, ფესტივალზე ოსტატებთან ერთად შეგირდების ნამუშევრების წარდგენაც გადავწყვიტე და ძვირფას ტვირთს ლევან ანჯაფარიძის ფილმის გარდა, გიო მგელაძის, ბესო სოლომანაშვილის და გიო ცინცაძის სურათებიც მივამატე.

დათო ტურაშვილმა თავიდანვე იცოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. გამგზავრებისას მე დათოს დავუკავშირდი და ვთხოვე თბილისის მერთან, ბატონ ბადრი შოშიტაიშვილთან მისულიყო, რათა მერიას ფესტივალისადმი მისალმების ტექსტი მოემზადებინა. დათო ხალისით მოეკიდა ჩემს თხოვნას და იქვე მომიგო: გიორგი სააკაძის შემდეგ თბილისს, იცოდე ასეთი მერი არ ჰყოლიაო. ბატონი ბადრი ფესტივალსაც მიესალმა და თელ-ავივის მერი-რონი მილოც მოიწვია თბილისში.

თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში დაეშვა. ძვირფასი ტვირთი საბაჟო ტერმინალში გადამაქვს. უცებ, ერთი იაოფი ურიკიდან გადმოვარდა და იქვე მიმავალი მგზავრების ფეხებთან დავარდა. ერთ-ერთი მათგანი ბავშვი იყო, რომელსაც, შევატყვე, რომ შეეშინდა. ბავშვი გულში ჩავიკარი, რუსები აღმოჩნდნენ. დარბაზიდან გასული ახლა უკვე ჩემს შვილს-ცოტნეს ვიკრავ გულში, ცოტნეს ფილმებზე უფრო მისთვის განკუთვნილი საჩუქარი აინტერესებს.

მეორე დღეს, მე და ციფი თელ-ავივის სინემატეკში მივედით, იაოფები დავალაგეთ, კოლოფები დავნომრეთ და სარეკლამო ჟურნალის მასალები ჩავაბარეთ. წინასწარი შეთანხმებით „დიდი მწვანე ველი“ (მ.კოკოჩაშვილი.) „ერთი ნახვით შეყვარება.“ (რ. ესაძე.) და „საფეხური.“ (ს.რეხვიაშვილი) ეკრანზე ივრითული სუბტიტრებით უნდა გასულიყო. ამიტომ მალევე სათანადო ტექნიკით აღჭურვილ ერთ-ერთ სტუდიაში გადავინაცვლეთ.

პატი ანუ პატრიცია არგენტინიდან რეპატრირებული ებრაელია. მას არა ერთი ქვეყნის ფილმი „გადმოუივრითებია“, მაგრამ ქართულ ფილმს პირველად მიუჯდა, მიუჯდა და მოეწონა კიდევაც. თუმცა, ფირების სიძველემ ნამდვილად შეაწუხა. ამის გამო ციფიმ „ საფეხურის“ „მიახლოებით“ შეცვლა შემოგვთავაზა-იქნებ ფირი უკეთესი ხარისხის იყოსო, მეც დავეთანხმე.

სინემატეკის დარბაზში მე, ციფი და ცოტნე საშა რეხვიაშვილის ცნობილი სურათის-„მიახლოების“ გასინჯვას ვესწრებით. ფილმის დაწყებისთანავე ციფიმ გადმომილაპარაკა: მალხაზ ეს ვისი ფილმიაო, მეც გაოგნებულმა ვუპასუხე: ეს დათო ჯანელიძის „ მდგმურებია“-მეთქი. აი კურიოზი, კოლოფებს „მიახლოება“ აწერია, ხოლო შიგ მდგმურები აწყვია. საწრაფოდ ვრეკავ თბილისში და ნუკრის ვთხოვ დათო ჯანელიძის შესახებ მასალები ფაქსით გადმომიგზავნოს. ამგვარად, ფესტივალს კიდევ ერთი საინტერესო ქართველი რეჟისორის-დათო ჯანელიძის ნამუშევარიც შეემატა. მოგვიანებით, დათოს კაფკას „ციხე-სიმაგრის“ მიხედვით გადაღებული ფილმიც ვნახე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 90-იან წლებში, საქართველოში ასეთი სრულყოფილი სურათი არ შექმნილა.

პატი ე.წ. ‘სიმულაციაზე“ გვიწვევს. „სიმულაციის“ დროს სამონტაჟო მაგიდის ერთი მონიტორი ფილმს უჩვენებს, ხოლო მეორე მონიტორი ივრითულ სუბტიტრებს. თუ სუბტიტრები სინქრონშია ლაპარაკთან ეს იმას ნიშნავს, რომ ტექსტი მზად არის ფირზე გადასაბეჭდად. პირველი ფილმი, რომელმაც გამოცდა გაიარა „დიდი მწვანე ველია“ პირიმზე (ლია კაპანაძე) და სოსანა (დოდო აბაშიძე) ივრითზე „ამეტყველდნენ“

რაც შეეხება სხვა ფილმებს: „არდადეგები,“ „მიხა.“ „ცხელი ზაფხულის სამი დღე.“ (მ. კოკოჩაშვილი), „ ნეილონის ნაძვის ხე.“ (რ.ესაძე) „ბუზი“ (გ ცინცაძე) , „სისხლიანი სცენარი“ (ბ. სოლომონაშვილი) და „ორმაგი სახე“(ლ.ანჯფარიძე) დარბაზში სინქრონულად ითარგმნება. „მდგმურები“ (დ. ჯანელიძე) და „ არა მეგობაროს“ (გ. მგელაძე) ინგლისური სუბტიტრები ადევს.

ფესტივალისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა პრესამ და ტელე-რადიომაუწყებლობამ. საინტერესო პუბლიკაციები გამოაქვეყნეს გაზეთებმა- „იოდიოთ ახრონოთმა“ „მარიივმა“ „ჰაარეცმა“ „ჰაირმა“ და რუსულენოვანმა „პანორამამ“. აი რას წერდა მაშინ გაზეთი „ალია საქართველოდან“:
„ეს ყველაფერი ჩვენი გუშინდელი დღეა, რამდენჯერ მოვფერებივართ ამ დღეებს შინაგანად, რამდენჯერ გვინატრია მასთან შეხვედრა. და აი ახლა როცა გვეძლევა ამის საშუალება, უნდა მივიდეთ მასთან და მივეფეროთ. არა მალულად, არამედ სახალხოდ, ნუ შეგვაშინებს თვალზე მომდგარი ცრემლი, ასეთ მოგონებებს და შეხვედრებს იგი მუდამ ახლავს თან. მთავარია ერთხელ კიდევ დავბრუნდეთ ჩვენი წარსული ყოფის ნოსტალგიებში და მონატრების ჭია გავახაროთ.“

ქალბატონ თამარ კეზერაშვილის მეცადინეობით ინტერვიუ ჩამოგვართვა ისრაელის სახელმწიფო რადიოს ქართულმა და რუსულმა რედაქციებმა, „ამერიკის ხმიდან“ დაგვიკავშირდა ქალბატონი ეთერ ფიჩხაძე, ამასთან, რადიოსა და ტელევიზიის ივრითული პროგრამები ციფი მიხაელის მიერ გადაცემულ ინფორმაციებს აწვდიდა საზოგადოებას.

მერაბ კოკოჩაშვილი

ფესტივალის პირველ დღეს თელ-ავივის სინემატეკმა მერაბ კოკოჩაშვილის „მიხა“ და „არდადეგები“ უჩვენა მაყურებელს. დარბაზში ხალვათობაა. როგორც გვითხრეს, საქართველოდან ამოსულ ვიღაც ქალბატონს დაურეკია და უთქვამს: მოხუცი დედა უნდა მოვიყვანო და მისი თაობის მაყურებელს სინქრონული თარგმანი ხელს შეუშლისო. სინემატეკის ხელმძღვანელობამაც საქართველოდან ამოსულების  პატივისცემით,  თარგმანი მოხსნა. ამის გამო ქართულის არმცოდნე მაყურებელმა დარბაზი დატოვა, თუმცა ჩვენს წინ მჯდომ ორ „არაქართველს“ არაფრად ჩაუგდია სინემატეკის გადაწყვეტილება. ჩვენ მათ აბული მიხელაშვილი მივუჩინეთ მთარგმნელად.

სურათის მსვლელობისას დარბაზში სოსო ბარდანაშვილი, შოთა სეფიაშვილი და რამდენიმე კაცი კიდევ შემოვიდა. დასრულდა თუ არა სეანსი ბატონმა სოსომ ტაში შემოჰკრა და დარბაზიც აიყოლია. კმაყოფილებას ვერ მალავდნენ „არაქართველებიც“. ჩვენ მათ გავესაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ ისინი საქართველოსაც იცნობდნენ და ქართულ კინოსაც, მათ ევროპაში ოთარ იოსელიანის ფილმები ენახათ, მაგრამ „მიხა“ და „არდადეგები“ განუმეორებელიაო-გვითხრეს.

ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. ეკრანზე „დიდი მწვანე ველი“ უნდა უჩვენონ. წესითა და რიგით, მაყურებელმა დარბაზი უნდა შეავსოს, რადგანაც ფილმს ივრითული სუბტიტრები ადევს და ფრაგმენტები ტელევიზიამაც აჩვენა. მართლაც, ინტერესი დიდია, პოპულარულ სახეებს ვხედავ დარბაზში. აქ არიან რეჟისორები, მწერლები, მსახიობები, მხატვრები, ჟურნალისტები. ბატონი მერაბი სცენაზე ადის და ფილმის შექმნის ისტორიას ყვება. სურათის დასრულების შემდეგ, მრავალი ნაცნობი და უცნობი გაგვესაუბრა. ჩვენც კმაყოფილები ფოიეში ვეშვებით. უცებ კიბეებზე ერთი აღელვებული ქალბატონი დაეშვა და ბატონ მერაბს ჩაეხუტა, იგი აღრფთოვანებული, ივრითზე ფილმის ქებას შეუდგა. ქალბატონი იუდითი ისრაელის ერთ-ერთი კიბუცის დრამის მასწავლებელი იყო. მოგვიანებით მან თავისთან კიბუცში მიგვიწვია და იქ მოგვიყვა, რომ“დიდი მწვანე ველი“ მას ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში მიეხმარა-იგი თავის კონფლიქტურ ოჯახს გაეცალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან ამოსულებიც გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალ-ყურს ფესტივალის პროგრამას. ერთი უკმაყოფილო მაყურებელი ჩემთან მოვიდა და მისაყვედურა: რატომ გია დანელია არ ჩამოიყვანეთო. მე ავუხსენი მას ის, რომ გია დანელია რუსული კინოს წარმომადგენელია, თუმცა, იქვე „არ იდარდოზე“ ჩამოვუგდე სიტყვა. ძალიან მომწონსო,-მიპასუხა, ჰოდა თუ მოგწონთ „პორუჩიკი იშხნელი“ აგერ არის-მეთქი. გახარებუმა ბატონ მერაბს ხელი ჩამოართვა.

საშა რეხვიაშვილი

საშა რეხვიაშვილმა მაყურებელს „საფეხური“ წარუდგინა და ჩემდამოულოდნელად დარბაზი დატოვა. მე, უკან გავედევნე. თურმე, იგი თავის ფილმებს ეკრანზე არ უყურებს. მე, მას კაფეში ვეპატიჟები, სადაც ვსვამმმთ ჩაის და ვსაუბრობთ კინოზე.

ფილმის დასრულებისას დარბაზში შევედით, ერთმა რუსმა ქალბატონმა ყველას დაასწრო და იმდენი აქო ბატონი საშა, რომ მაყურებელმა მისი დაშოშმინება ძლივს მოახერხა. ორმა გოგონამ, რომლებიც თელ-ავივის უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის თანამშრომლები იყვნენ „საფეხურისა“ და ონის ებრაელების თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „სამკუთხა წრეში“ უნივერსიტეტში ჩვენება გვთხოვეს. ეს ფილმი იერუსალიმში სპეციალისტთა ერთმა ჯგუფმაც ნახა, თუმცა რატომღაც თავად ონიდან ამოსულებს ამ სურათისადმი დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ. მიუხედავად ამისა, როგორც შემდგომ გამოჩნდა, რაჭიდან ამოსულებს ბატონი საშა მაინც ეამაყებათ. მერი ამშიკაშვილი სტატიაში „რაჭა ჩემი სიყვარული“ („ალია საქართველოდან“) იხსენებს, რომ კომუნისტების მართველობის პერიოდში ხელისუფლება ონის სინაგოგის დანგრევას შეეცადა. რა თქმა უნდა, ამას წინ ებრაელი თემი აღუდგა. ებრაელებს ქრისტიანებიც ამოუდგნენ მხარში, მათ შორის თითქოს ბატონი საშას ოჯახიც იყო, რის გამოც, ჩვილი საშა რეხვიაშვილი დედას სალოცავში აკვნით შეუყვანია და ერთი კვირა იქედან არ გამოსულან. ჩემთან საუბარში ბატონმა საშამ ეს ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა, მას რომ ებრაელებისადმი უდიდესი მოკრძალება აქვს ეს მის ნამუშევრებშიც ჩანს.

მოგვიანებით ისრაელს ფრანგი პროდიუსერები ეწვივნენ. ჩვენ ჩვენს მხრივ, გადავწყვიტეთ მათთვის „სამკუთხა წრეში“ წარგვედგინა, მით უმეტეს, რომ ფილმს ფრანგული სუბტიტრები ადევს.

დარბაზი ისრაელის კინოს და ტელევიზიის წარმომადგენლებით იყო სავსე. გაიმართა საინტერესო საუბრები, მაგრამ შევატყვე, რომ ნელ-ნელა ეს საუბრები ბრალდებებში გადაიზარდა-ისრაელელები ფრანგებს ადრინდელი დაპირებების შეუსრულებლობას ახსენებდნენ, ფრანგები უკეთესი ფილმების გადაღებას ურჩევდნენ და ა.შ. ჩვენ საუბარში ჩართვა გვერიდებოდა, რადგან ეს შეხვედრა, როგორც ჩანდა, მხოლოდ საფრანგეთ-ისრაელის ურთიერთობებს ეხებოდა, მაგრამ დრო მაინც შევარჩიე და ციფის ვანიშნე დაიწყე-მეთქი.

ქართული ფილმის ხსენებაზე დარბაზი გაჩუმდა, ვხედავ პროდიუსერებმაც სერიოზული სახე მიიღეს. იმ დროს, ისრაელური კინო არავის ახსოვდა. ცოტა ხნის შემდეგ, დარბაზში ვიღაცამ მაინც დაარღვია სიჩუმე და წამოიძახა: ესენი აქ ვინ მოიწვიაო. ჩვენ იძულებულები გავხდით საუბარი მხოლოდ დოკუმენტური კინოს წარმომადგენელთან გაგვეგრძელებინა, მან კასეტა მოითხოვა, მაგრამ იმის გამო , რომ კასეტის გაცემის უფლება არ გვქონდა ვერ მივეცით. გამომშვიდობებისას საფრანგეთში დაგვიკავშირდითო, გვითხრეს. დარბაზიდან ამაყად გამოვედი.

რეზო ესაძე

„ახლახანს ვნახე რეზო ესაძის ფილმი „ნეილონის ნაძვის ხე“ . ჩემი აზრით , ეს ნამდვილი შედევრია“.-უთქვამს ფედერიკო ფელინის. სწორედ ამ სიტყვებზე დაყრდნობით გაზეთი „ჰაირი“ საზოგადოებას მოუწოდებდა აუცილებლად ენახათ ეს ფილმი, შედეგმაც არ დააყოვნა, მაყურებელმა დარბაზის შევსება დაიწყო, თუმცა სინემატეკის ხელმძღვანელობას „არდადეგების“ და „მიხას“ შემდეგ კურსი მაინც არ შეუცვლია და ისევ თარგმანის გარეშე აპირებდა ფილმის ჩვენებას. გაიგო თუ არა ეს მაყურებელმა სინემატეკს თავს რისხვა დაატეხა, სახლში დაურეკეს ალონ გარბუზს, რომელმაც დარბაზში, სასწრაფოდ სათანადო ტექნიკის დამონტაჟება ბრძანა. ამის შემდეგ ყველა ფილმი თარგმანით გადიოდა.

თელ-ავივის სინემატეკის ფოიეში ბატონი რეზოს ნახატებია გამოფენილი. სტენდზე სხვა მასალებთან ერთად, მისი ლექსების თარგმანებიცაა წარმოდგენილი. მაყურებელი „ერთი ნახვით შეყვარებასა“ და რეჟისორთან შეხვედრას ელოდება. მანამდე მე მერაბ კოკოჩაშვილი და რეზო ესაძე რადიოსტუდიაში ქალბატონ თამარ კეზერაშვილს ვესტუმრეთ. ქალბატონი თამარი მსმენელებს რეჟისორების შესახებ ესაუბრება და იხსენებს იმასაც, რომ ბატონი რეზო, თენგიზ აბულაძის „მონანიებაში“ თამაშობს. ვის როლს ასრულებთ ბატონო რეზო „მონანიებაში „ -ეკითხება რეზო ესაძეს თამარ კეზერაშვილი, ბატონი რეზო ჯერ ჩაფიქრდა, მერე ჩვენ გადმოგვხედა და თქვა: მე, ჩემო ბატონო ამ ფილმში მთავარი ტორტის მჭამელი გახლავართ. ერთი სული მაქვს გავიცინო, მაგრამ არ შეიძლება. მერე გარეთ გამოსულები, სინემატეკში მისვლამდე ვცინოდით. მე, აცრემლებული რეზო ესაძეც ვიხილე მაშინ, როცა ნაზარეთში მივემგზავრებოდით და როცა აყვავებული ისრაელი დღევანდელ საქართველოს შეადარა.

„ერთი ნახვით შეყვარება“ გადაჭედილ დარბაზში უჩვენეს. მაყურებელი, ასევე ინტერესით გაეცნო რეზო ესაძის გრაფიკულ ნამუშევრებს. იმ დროს, ჩემთან ერთი ახალგაზრდა მოვიდა და ერთი მცირე ფორმის ნამუშევრის ფასი შემეკითხა. მეც „გავუტიე“. ახალგაზრდას ენა დაება და გამეცალა, მაგრამ შორს არ წასულა, იქვე ციფისთან მივიდა და მასთან გააბა საუბარი, ციფი ჩემთან მოვიდა და ის ბიჭი გამაცნო. მამამისი თურმე ცნობილი ხელოვანი და კოლექციონერია, ამასთან, შეძლებული ოჯახიც ყოფილა. ჰოდა თუ შეძლებულია გამოართვას მამამის ფული და გადაიხადოს-მეთქი, მამამის გამოართვას რა, შენ ისრაელი საქართველო ხომ არ ჰგონიაო, შემეკამათა ციფი, ჯარიდან ახალი ჩამოსულია და ჯერ ანგარიშზე მცირე თანხა აქვსო. მოვრიგდით, გახარებული ახალგაზრდა მადლობას გვიხდის, იგი ფილმების მეორედ ჩვენებაზეც მოვიდა და თავისი შეყვარებულიც მოიყვანა.

აეროპორტში, უსაფრთხოების თანამშრომელი გოგონა, გასაუბრების შემდეგ მერაბ კოკოჩაშვილსა და საშა რეხვიაშვილს უპრობლემოდ ატარებს. რატომღაც რეზო ესაძეს უქმნის პრობლემას. ბოლოს ნახატების შეკვრის გახნაც მოითხოვა და ნამუშევრები გულმოდგინედ დაათვალიერა. მერე ბატონ რეზოს ხელი ჩამოართვა და უთხრა: მე თქვენი ნამუშევრების ნახვა მინდოდა, დიდი მადლობა და ბედნიერი მგზავრობაო.

„მე მიყვარს თქვენი მიწა, ხალხი და მენანება ამ წმინდა მიწას ფეხსაცმლით შევეხო, შევბღალო ის. მზად ვარ ფეხშიშველი მოვიარო მთელი თქვენი ქვეყანა, აქ ხომ ყველა ქვა ისტორიაა. მიყვარხართ ყველა გმადლობთ, ნახვამდის!“ რეზო ესაძის ეს სიტყვები ფესტივალის დამთავრებიდან ოთხი თვის შემდეგ ისრაელში, ჟურნალმა „ალიონმა“ გამოაქვეყნა.

მალხაზ კოხრეიძე
2000 წლის 12 დეკემბერი