четверг, 9 февраля 2017 г.



იეჰუდა ამიხაი

უფალო ჩვენო შემიწყალეო.
რომ არა შენი შეწყალება,
სამყარო ჩვენი შეგვიწყალებდა.
ვკრებ ყვავილებს და გავსცქერი მდელოს. 
გორაკებიდან მოვათრევ გვამებს,
წავილუღლუღე, რომ დედამიწა 
წყალობისგან დაცარიელდა.
ზღვასთან მარილის ვიყავ მეუფე,
გაშეშებული ვიდექ სარკმელთან.
ვითვლი ნაბიჯებს ანგელოზების
და გული ქშენით საწონებს ქაჩავს,
სიტყვის კონიდან წარმოვსთქვამ მცირედს.
მე უნებლიეთ გამოვიცანი- 
სამყაროს მიღმა რომ არა ღმერთი,
ისევ სამყარო შეგვიწყალებდა.

ბენ-ციონ თომერი

დავხუჭავ თვალებს
და ისევ ის ხმები
წინდებჩაცმულნი 
დალასლასებენ.
გაყუჩებული ჩრდილის ბავშვები
ვით მძორს თაგვისას მიგდებულს გზაზე,
გვერდს აუხვევენ მზის რგოლებსაც.
ნაცრადქცეულ ცნობიერებას
სტუმრობენ ღამით
სიმყუდროვენი უსასრულო ნაცნობ ვაგონში.
ბავშვობის მური წაიშალა შემორჩა კვამლი,
ცვილის სიფათა ანგელოზები, 
ნაჭრის თოჯინა,
ქაღალდის ნავი,
ძაფების და ღილების გროვა.
ეს ყველაფერი გამიფრინდა, აღარ ჩანს უკვე,
მათი თვალები კეფას ჩემსას ჩაშჩერებია.

აშერ რაიხი

ეს მწუხრი ყამის გარეშეა
თუმც ვხედავ ყამას.
რვა დღისამ მივიღე პირველი გაკვეთილი,
მნათვლელმა დამანახა ხელების ღიმილი.
ბიძა ყასაბმა მჟავე სამოსელში,
ლოცვა იბუტბუტა გაცვეთილი.
ყოფა ჩემი იმდროინდელი
იყო ვიწრო და მოკეცილი.
ბავშვის ჯიბეში ჯაყვა მძინარე,
ჩვილის თვალები შიშის წინაშე.
მამამ და ბიძამ არ უცქირეს. 
ბალღური მეხსიერებით 
მახსოვს მატკინეს.
ძვირფას სხეულზე მომჭრეს მცირედი,
შოხეტი მწმინდავს ცოდვის ქერქიდან.
ადუღებული სისხლი ჩემი, გაებრაელდა და 
აქვითინდა ჩუმად ბანაკში.
ქოჩრის დღესასწაულს სამი წლის შევხვდი,
ქოჩორი მაშინ გამინადგურდა. 
მაკრატლის პირი ყამის პირივით,
მზეზე ელვარებს მერონის მთაზე,
სისხლი წვეთავდა ჩემს გაჭრილ ყურზე, 
ხმებს ვერ არჩევდა ისე ჩაბრმავდა, 
აქ დავიყვირე.
დღესასწაული, ზეიმს არ გავდა.
აელვარდება სითეთრეში ყამა საკლავი,
მწყურვალე სისხლი ამოიფრქვევა, 
ბუმბულს უბიწოს წითლად მოსვრის 
დასჭექავს იმ დღეს და იქვე შავად შეიმოსება.
კოხტა სასაკლაო იყო ჩვენი ეზო.
წითელ გუბეზე ფოთოლივით 
ეცემა ბუმბული
და მოქირქილე მზეს შეღაღადებს.
მეხსიერების კარუსელი დამიტრიალდა,
წასულ ბავშვობის რიტუალებით,
ყამა თვალებში,
ლოცვა ბაგეზე,
კევივით იყო ჩამოკიდული.
ბუმბულმა შესძრა ქვეყანა,
როს დავიწივლე ქათმის დაკვლისას.
გამოვიცვალე, თან 
ჩამრჩა ყამა,
რაიც ყოველთვის  მემახსოვრება.
დრო წმიდა ადგილს მიატოვებს,
სიწმიდეს და ღრუბლებს ვეცლები.
დავასაფლავებ ჩემს ბავშვობას,
მამების დრო-ჟამს,
შვილებს ბნელეთის,
შეგირდებს ყამის.
კაენის და აბელის ამბავს ვიდრე ისწავლით,
მძულვარებაა ყველა ყამაში,
ამ ორ ძმათაგან გვირაბის ბოლოს,
ერთმა იხილა მზის შუქი მხოლოდ.

იაფა ცინესი

და დამშეული ყვავი, კაიფში 
იყო კედლებში გაჩხერილი,
ქვეყნიერება ზურგს უკან კი 
დაჩრდილა სახემ.
გადაწყდა ისევ ცისარტყელა
და გამერია თმაში სითეთრე,
ჩემში ძვირფასი შავი ჩანაცრდა.
იშმაელ ძმაო ძმაო!
ნაქარგი ალერსი სარკეს ეხება,
უსასრულობა უსასრულობის 
ჩემში გაივლის,
ძიებაშია დამარცვლილი თანმიმდევრობა
არ არს ადგილი,
უადგილოა ჩემი აქ ყოფნაც.
იშმაელ ძმაო ძმაო!
ტყეს არ შეეხო.
იყო ქაოსი, წყვდიადი და უდაბნო ოდეს
და თქვა ალაჰმა-უფალმა ღმერთმა: იქმნას ნათელი!
და ღვთის შეწევნით იქმნა ნათელი.
მოგვცა ბაღის ხე,
ხე ნაყოფისა.
ნაღვაწით მისით დაკმაყოფილდა 
და თქვა: მოვზილოთ ადამიანი!
იშმაელ ძმაო!
ტყეს არ შეეხო.
მე ვარ ლტოლვილი გლოვის ველიდან,
ცეცხლმოდებული ისრა-ელი.
ბავშვობა ჩემი იწვის მეორედ
და ჟამი დგება გამომჟღავნების,
დედაჩემი და ძმა ჩემი იწვის მშობლიურ ტყეში.
ხანძარი ფლითავს სულს და ისევ სულს
სვეტი ალისა წინ აღიმართა.
იშმაელ ძმაო ძმაო!
ტყეს არ შეეხო.
შიში გაგვთანგავს,
ალმოდებული კვდება ვედრება.
მე ალვის ხეს და ჭას მოვითხოვდი
თან აუტირებელ მინდორსაც ვითხოვ.
იშმაელ ძმაო ძმაო!

ლალი-ციფი მიხაელი

ბურუსში
ბურუსში
სიციცხლე ჩემი
გადამწყდა თავს.
გაუჩინარდა...
არა-
ჩანს.
ოღონდ კი ვშიშობ
როგორ გადავრჩე.
ძვლებიდან ძარღვებს ამოვგლიჯავ,
ავფრინდე იქნებ,
თუმცა ბოლომდე 
როგორ ვთქვა
პურისთვის
ოდენ!

*

დათმობა


წიგნიდან ფურცელი გადმოუვარდა,

გზატკეცილს და ტროტუარს შორის

ზიგზაგებზე.

მზერა გაექცა.

მოსულ ავტობუსს შეეფარა,

დაეშვა ძრავის ხვნეშის

მანძილებს შუა,

და გაგორდა ასე ზიგს და ზაგს შორის.

*

მომცრო კაფე თბილისში

 

გარეთ შიშინებს და აქ კი

ყავის პაწია მსხვრევად ფინჯანს

აეფარა შავი ნიღაბი.

(მთელი ცხოვრება ჩემი

იღბლის მოზაიკა.

მიბრჯრით აწვება,

რათა იფეთქოს,

დაწდეს შიმშილი.)

არ გვნახოთ

შლეგი წყვილი

მომცრო კაფეშიუცხო ქალაქში

ამ ეულ ღამეს.

შენს გასაცნობად

ვდგავ პირველ ნაბიჯს.

ვხედავ ფრთასათუთ ჩიტსვიწრო ბილიკებს

რომ ებლანდება

და რაღაც აბდაუბდაცერის ანაბეჭდზე-

გზაჯვარედინზე

ოქროს ძაფი ამძიმებს ჩემს თავს.

ვიღაცა სარკმელს მიიხურავს

მივილევით მსხვრევადები,

დაბნეულები და მდუმარენი,

ვით მომცრო კაფე.

*

სიღრმეში

 

მე ჩემს სიღრმეში ჭაღარა ვარ,

რეზინით დაბმული.

მე ჩემს სიღრმეში

ჩემი ყოფა მაშინებს დღესაც,

გავირინდები,

ვის ვუყვარვარ...

და მძიმე ლუკმის გადაყლაპვა

არ ძალუძს ამ ყელს,

რომ არ დამეფრთხო,

არ გამეფანტა

მსურდა სიჩუმე,

თუმც შუბლი ამბობს.

*

იგი წავიდა

 

იგი წავიდა მის შესახვედრად

დაჭმუჭნული და დაბერებული

ისევ ხელკავით.

ამაღლებული და გატანჯული

ითხოვს სიჩუმეს

და მეტს არაფერს.

სხეულს შემორჩა მშვენიერება და სიამაყე,

თუმც ისიც მიაქვს.

ცრემლთან ერთად ცივი ნუგბარის ტომარაში

დარჩა სიცოცხლე.

მან ახალგაზრდა მეუღლე და შვილი დაკარგა

და ეულია გვემა ამ ქვეყნად.

*

ის ახალგაზრდა ვიყო ნეტავი

ვტრიალებ როგორც

შუქის სხივი სპირალის რგოლში.

მწვანე ბაყაყებს მშობელივით ვათავისუფლებ.

გადაგრეხილი

ვხედავ ნაპრალებს,

დამშეული და ბრმა რითმის კავშირს.

გავშალე ფრთები,

ვერ ავფრინდი,

ძირს ვეხეთქები.

ხმაჩახლეჩილი ვკითხულობ მიწას,

სად არის მთვარე?

ესეც მაგიჟებს,

არაარ მინდა ახალგაზრდობა.

*

მართალია


მე გავიყავი,

მართალია,

მე გამყო მტკვარმა.

როგორც ლბილ ბამბას

მის მიწაზე მომეალერსა,

ხსოვნა კედლებზე ამოკვეთეს

და გაზაფხულის კანონები წარმომესახა.

გადავდგამთ ნაბიჯს,

ბავშურ ნაბიჯს,

აზრები კი სხვა მზეს გლოვობენ.

გაყოფილ წიგნში

შეხვედრაცაა და განშორებაც,

ვიწრო მდინარე მათ გადაფარავს,

ამასობაში ჩემი მარცხი გავითავისე.

თარგმნა მალხაზ კოხრეიძემ

 


Комментариев нет:

Отправить комментарий