пятница, 27 ноября 2020 г.

1993 წელს თბილისში ისრელის საელჩო გაიხსნა და ისრაელის პირველ, საგანგებო და სრლუფლებიან ელჩად საქართველოში ბარუხ ბენ-ნერია (ბირემბაუმი) დანიშნეს.

სოვეტოლოგიის ყოფილ ლექტორს, ისრელის პოლიციის ყოფილ ანალიტიკოსს მალე დავუახლოვდი და სახლშიც მოვიწვიე. მაშინ საქართველოში რთული ვითარება იყო და ისრაელის ელჩი დაცვის  თანხლებით  დადიოდა. ამიტომ, ვიდრე ის და მისი მეუღლე ჩემს საცხოვრებელ ბინაში შემოვიდოდნენ, დაცვამ ჩემი ბინა საგულდაგულოდ დაათვალიერა. ასე მოიქცა „ბიტახონი,“ როცა ელჩი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში წარვადგინე. ბარუხ ბენ-ნერია საფუძვლიანად ერკვევოდა ტერორიზმის საკითხებში და ინსტიტუტში, ტერორიზმის თემაზე წაიკითხა  ლექცია.

ბარუხ ბენ-ნერია, სიმამრს, იერუსალიმის მერის - ტედი კოლეკის მეგობარს უმადლოდა დიპლომატიურ სარბიელზე გამოსვლას, მაგრამ საქართველოში ელჩობაზე მაინც არ ფიქრობდა.   
       
ბარუხ ბენ-ნერია იყო პირველი  დიპლომატი, რომელმაც კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე  დიპლომატების დასახლების შექმნის იდეა წამოაყენა. მაშინ, მე,  მას  იდეა  მოვუწონე და ამის შესახებ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს -ირაკლი ანდრიაძეს მოვახსენე.

ისრელის ელჩი და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ერთმანეთს შეხვდნენ. ირაკლი ანდრიაძეს  იდეის განხორციელების შესაძლებლობა წინასწარ გაურკვევია და აღმოჩნდა, რომ ედუარდ შევარდნაძის დაცვა ასეთ პროექტს მხარს არ დაუჭერდა, რადგან ქვეყნის მეთაურის უსაფრთხოებას და მყუდროებას საფრთხე ემუქრებოდა თურმე.

ირაკლი ანდრიაძემ  ელჩთან შეხვედრისას ბენ-ერიას პირდაპირ უარი ვერ უთხრა, მაგრამ საჩოთირო შეკითხვა კი დაუსვა: პრობლემა არ გექნებათ, თქვენ და ირანის ელჩი მეზობლები რომ აღმოჩნდეთ?  რას ბრძანებთ, ახლოდან თუ არა,  შორიდან მაინც მივესალმებიო- უპასუხა ისრაელის ელჩმა. გაგვეცინა.

როცა  ირაკლი ანდრიაძის სამუშაო ოთახიდან  გამოვედით, ისრაელის ელჩი მეუბნება: მალხაზ ხომ კარგად ვუპასუხე? ჰგონიათ, რომ  ირანის ელჩით დამაფრთხობენ, საქართველოში  რა მაქვს ირანის ელჩთან გასაყოფი?

სხვათაშორის, მერე მაინც დაიწყეს კრწანიში დიპლომატიური ქალაქის მშენებლობის პროექტზე საუბარი, მაგრამ ბარუხ ბენ-ერია უკვე აღარ მუშაობდა ისრაელის ელჩად საქართველოში.
მალხაზ კოხრეიძე
                                                                    

четверг, 26 ноября 2020 г.

მეირ ფიჩხაძე, როგორც მხატვარი, პირველად, ისრაელში გამომავალი ერთ-ერთ რუსულ გაზეთში დაბეჭდილი წერილით გავიცანი. იქვე, მასთან ინტერვიუც იყო დაბეჭდილი და ინტერვიუიდან  ის დამამახსოვრდა, რომ  მეირ ფიჩხაძე  ერთ დროს, თურმე საფლავის ქვებს აფორმებდა.

როცა ქართული კინოს ფესტივალი მოვაწყვეთ, მოსაწვევი მასაც გავუგზავნეთ, მაგრამ ამერიკაში ყოფილა და ვერ მოვიდა, თუმცა ჩამოსვლისთანავე მომძებნა და ტელეფონით დამიკავშირდა. ცოტა ხანში, სახლშიც მეწვია- შამპანურით  და თავისი  გამოფენის კატალოგით ხელში. იქვე, თავისი ერთ-ერთი ნამუშევრის რეპროდუქციაც გაშალა და  კედელზე მიამაგრა.

დავლიეთ ვისკი, ვისაუბრეთ ქართულ კინოზე, მხატვრობაზე. ფიროსმანი ყოფილა მისი შთაგონების წყარო. საქართველოში  1973  წლის შემდეგ  არ ყოფილა. უნდოდა ჩამოსვლა,  მაგრამ აქ გამოფენის მოწყობაზე არ ფიქრობდა.

რამდენიმე დღეში, თელ-ავივში,  სახელოსნოში ვეწვიეთ.  სუფთად და ლამაზად დალაგებულ სახელოსნო ჰქონდა. ნახეთ რა მოწესრიგებული სახელოსნო მაქვს,  ჩემი "ხავერა"  მილაგებსო.  მეუღლეს გაშორებული იყო.
 
მაგიდაზე საქართველოში გადაღებული ფოტოსურათები ეწყო. ესენი ჩემი დებია- ჯულიეტა და მაყვალა,  ფოტოსურათი სურამში გადაიღესო.  იქვე, კედელზე, ასეთივე  ფერწერული ტილო ეკიდა, ეტყობა აღნიშნულ ფოტოსურათიდან გადახატა. ეს ნამუშევარი ვიღაცამ წიგნისთვის  ჩემთან შეუთანხმებლად გამოიყენა, შემეცოდა, მრავალშვილიანი მამა  ყოფილა და არ ვუჩივლეო. საქართველოდან წამოღებული თითოეული ფოტო ჩემთვის ხატვის სტიმულის მომცემია და ამიტომ თბილისში რომ ჩამოვალ, ის ადგილი უნდა  ვნახო, სადაც ძველი ნივთები და ფოტოსურათები იყიდებაო.

თავის დროზე, ჯულიეტა თავის ქმარშვილთან ერთად ქუთაისში დარჩენილა, ხოლო მაყვალა და თვითონ, მშობლებთან ერთად ისრაელში ასულან. 

მაყვალა ფიჩხაძე  ნიჭიერი ხელოვანი ყოფილა. ის ხატვას ქუთაისში, რეზო რამიშვილის სტუდიაში ეუფლებოდა. მაყვალა ფიჩხაძე მშობლიური ქუთაისის  და მეგობრების დატოვებას განიცდიდა  და  27 წლის  ასაკში  სიცოცხლე თვითმკვლელობით  დაუსრულებია.

მეირ ფიჩხაძე სახელოსნოს ერთ კუთხეში ჟურნალ „განთიადის“ ძებნას შეუდგა. როცა მოძებნა გვერდები "ქსეროქსით" გადამიღო. მაყვალას წერილებია, რეზო რამიშვილს სწერდა ქუთაისში... აქედან  ბევრ რამეს გაიგებ ჩვენ შესახებო. მერე ვიდეოკასეტასაც მოვძებნი და მოგცემ, აქაურმა ტელევიზიამ მაყვალაზე და ჩემზე გადაიღოო.

სტუდიიდან გამოსულები, თელ-ავივის  რომელიღაც რესტორნის  ქართული სამზარეულოს  დასაგემოვნებლად მივდივართ.  მხატვრის  "ხავერა" გვეპატიჟება.

ვივახშმეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. 

სახლში მისულმა, სულმოუთქმელად წავიკითხე "მაყვალა ფიჩხაძის წერილები“ და მეორე დღეს მეირ ფიჩხაძეს  დავურეკე- ფილმისთვის საუკეთესო მასალაა, რას იტყვი, იქნებ საქართველო-ისრაელის ერთობლივ პროდუქციაზე ვიფიქროთ-მეთქი. ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა, კი ბატონო  დავიწყოთო- მიპასუხა.

მაყვალა ფიჩხაძის რეზო რამიშვილისადმი მიწერლი წერილები თბილისში  ნუკრი ბარამიძეს წავაკითხე. მოეწონა. მე და ნუკრი  ქართული ტელეფილმების სტუდიაში რეჟისორ ზურაბ ინაშვილთან მივედით. იმასაც მოეწონა და გვეუბნება: ფილმის სახელწოდება შევარჩიე- „გამარჯობა რეზო მასწ! “ ასე იწყებდა თითქმის ყველა წერილს  მაყვალა ფიჩხაძე. -ახლა, ისრაელის მხარეს მიხედეთ, მე  კი შევეცდები  ამ წერილების საფუძველზე,  ერთობლივი ფილმის გადაღებაზე  ქართველები  დავიყოლიოო.

დავუკავშირდი მეირ ფიჩხაძეს. გარკვეული დროის შემდეგ, ისრაელიდან   მირით ტუვის  წერილი მომივიდა, რომელიც მატყობინებდა, რომ მაყვალა ფიჩხაძეზე არა, მაგრამ   მეირ ფიჩხაძეზე კი აპირებდნენ სატელევიზიო ფილმის გადაღებას. 

ისრაელის კინოგადამღები ჯგუფი  პირდაპირ ქუთაისში გაემგზავრა. იქიდან, თბილისში დაბრუნებულები  ავლაბარში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ.  მეირ ფიჩხაძეს იქ შევხვდი. მეირი მეუბნება:  კინოჯგუფმა გადაწყვიტა ფილმი ჩემზე გადაეღო. შენ კი მაყვალას და ჩემ შესახებ ისრაელში ადრე გადაღებულ  ფილმს გიტოვებ, შესაძლოა მომავალში გამოგადგესო.
მალხაზ კოხრეიძე 
                                             

вторник, 24 ноября 2020 г.

 

ჩვენი მამები ფუქციონერები იყვნენ და საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. ჭოლა ჭყონია პირველი მაისის (დიდუბის) რაიკომში მუშაობდა ედუარდ შევარდნაძესთან და როცა შევარდნაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, ჭოლა ჭყონია კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორის მოადგილედ გადაიყვანა. ალბათ, იმის გამო, რომ ის კარგად ერკვევოდა ხელოვნებაში, ლიტერატურაში...

გადმოცემით ვიცი, რომ უფრო მნიშვნელოვან თანამდებობას იმსახურებდა, მაგრამ რაც მიანდეს,  იმისთვის არასდროს უღალატია,  ბოლომდე ემსახურა ქართულ კინოს.

გოგიტა ჭყონია  მიყვებოდა: ცირკიდან გამოვედით მამა, მე და ჩემი ძმა. გზაში, მამამ  ლადო ასათიანის ლექსი წაგვიკითხა

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები

მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,

მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,

და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.


ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,

გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი...

მამა, ისე რიხით და გატაცებით კითხულობდა ლექსს, მეც მომინდა ლექსების დასწავლაო-მითხრა გოგიტა ჭყონიამ.

გოგიტამ ბევრი ლექსი იცოდა ზეპირად და ლადო ასათიანის გარდა, რომელი პოეტისთვის უნდა დაგედო ხელი, რომ მისი ლექსი არ სცოდნოდა. თვითონაც წერდა ლექსებს, წერდა ქართულად და რუსულად. ნუგზარ ნოზაძის სახელდახელოდ შექმნილ ფოტოსტუდიაში,  ფინჯან ჩაიზე და რუმკა კონიაკზე დაპატიჟებულები, თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვისმენდით მის მიერ წაკითხულ საკუთარ ლექსებს. ხალისით და არტისტულად კითხულობდა.

მრავალი პროექტი ჰქონდა ჩაფიქრებული და ჩანაფიქრებს ისე გადმოსცემდა,  უთუოდ განხორციელდებოდა გეგონა. მისი ერთ-ერთი  მოკლემეტრაჟიანი ფილმის ყურებისას დამძაბეს  ტაძრის ექსპრესიულად გადმოცემულმა ხედებმა. მეორე ნაწილმა  კი -„პროფილაკტიკაში“ მიყვანილი მანქანის ირგვლივ დაწყებულმა  ფუსფუსმა-დამამშვიდა.  თუმცა, ადამიანების ხმა  არ ისმოდა და მხოლოდ ინსტრუმენტების ხმის თანხლებით ვუცქერდით ფილმს. ამას ჰქვია: უტყვის მეტყველება და მეტყველის მდუმარება- მეთქი. მოეწონა შედარება.

„დებიუტში“ გადაღებული მისი ფილმები რეზო ესაძემ მოსკოვში ჩაიტანა. ჩვენებისას, დარბაზში  საგანგებოდ შესულა ევგენი ევტუშენკო და მაღალი შეაფსება მიუცია. ეს ამბავი თავად რეზო ესაძემ მოგვიყვა, როცა, მას, სახლში, მოულოდნელად ვესტუმრეთ მე, ნუკრი ბარამიძე და გოგიტა ჭყონია.

სიხარულით შემოგხვდნენ  ბატონი რეზო და ქალბატონი ციცი.  გევეგონა გოგიტაც  ჩვენს გვერდით იდგა, მაგრამ, რატომღაც არ სჩანდა. თურმე ტაქსის მძღოლთან გაუბია საუბარი და რომ შემოგვიერთდა გვითხრა: ტაქსის მძღოლი პოეტ მირანგულა ავსაჯანიშვილის ძმა ყოფილა და  ვისაუბრეთო.

მე და ნუკრი, ასე მოულოდნელად მიგვიყვანა გოგიტა ჭყონიამ  თავის  ოჯახში. შუაღამე იყო და იმის გამო, რომ პატარა ჭოლას ეძინა, ხმადაბლა ვსაუბრობდით. მაგრამ გოგიტამ  ვერ მოითმინა და ლექსები ხმამაღლა წაიკითხა. გარეთ გასვლა და სართულის  კიბის უჯრედზე დადგომა შევთავაზე. გავედით. გოგიტა ხმამაღლა კითხულობდა ლექსებს და ყველანი, ასე ერთად,  ჩაბნელებულ თბილისს ვუცქერდით.

ცოტა ხანში,  გამოვემშვიდობეთ გოგიტა ჭყონიას  და მე და ნუკრი ბარამიძე,  დოლიძის ქუჩით, „პეკინისკენ“  დავეშვით. აქ, მირანგულა ავსაჯანიშვილის ერთი სტროფი მახსენდება:   

გათეთრდა მთვარე, გათეთრდა სისხლი,

ალიონს გაჰყვა გმინვა ღამისა...

მალხაზ კოხრეიძე