суббота, 12 января 2019 г.



1990-იანი წლების დასაწყისში დავინახე, თუ როგორ მიიჩქაროდნენ მაყურებლები თელ-ავივის  კინოთეატრისკენ, რეჟისორ ანჯეი ვაიდას ფილმის- „ კორჩაკის“ სანახავად.

საქართველოში, იმ დროს  უკვე გამოქვეყნებული იყო შოთა ნიშნიანიძის  ლექსი „ლეგენდა იანუშ კორჩაკზე“
-პან თქვენს წიგნებზე ბევრს უტირია,
ყრმობისას ბევრჯერ გვიჭირისუფლე.
-პან, -მოწიწებით ამბობს უნტერი-
თქვენ კომენდანტი გათავისუფლებთ!

„არა ბავშვებო, ნუ შეშინდებით,
ნურც ეჭვით მიმზერთ, ნურც შეშფოთებით,
ჩემო მშიერო, მფრთხალო ჩიტებო,
თქვენ სიკვდილშიაც ვერ დაგშორდებით.
თქვენ იანოში არ მიგატოვებთ,
თავისუფლება არ სურს რიოში,
პაწიები ხართ, ჰოდა პატრონი
იქაც გჭირდებათ-საიქიოში.“

ფაშისტებმა “ობოლთა სახლის“ 200 ებრაელი ბავშვი, მწერალი და ექიმი იანუშ კორჩაკი, მისი ასისტენტი სტეფანია ვილჩინსკი და სხვა აღმზრდელები ტრებლინკის ბანაკში გადაიყვანეს და გაზის კამერაში შეყარეს.

როგორც ამბობენ, ინუშ კორჩაკს თავისი ავტორიტეტის წყალობით  შეეძლო თავი დაეღწია კამერისთვის, მაგრამ აღსაზრდელები და კოლეგები არ მიატოვა და იმათთან ერთად დაიღუპა.
#

თელ-ავივის ოპერის თეატრში სრული ანშლანგია. მაყურებლები პაატა ბურჭულაძის მოსასმენად ემზადებიან. დარბაზი სავსეა პოლიტიკოსებით, ხელოვნების მოღვაწეებით და მოყვარულებით. დარბაზში ქაშერი ქართველები მხოლოდ ჩვენ ვართ- მე და ჩემი პატარა ბიჭი ცოტნე.

ცოტნე სავარძელში ვერ ისვენებს და შენიშვნებს ვაძლევთ. თუმცა, იმედი გვაქვს კონცერტი დაიწყება  და  ისიც ცელქობას შეწყვეტს.

ტაშის გრიალში სცენაზე პაატა ბურჭულაძე გამოჩნდა.  მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია. 
მაყურებელი მოხიბლულია. ცოტნე კი მაინც არ ისვენებს.

 პაუზა.

უცებ, იქვე  მჯდომი ქალბატონი ჩემსკენ გადმოიხარა და მეუბნება: ვატყობ ქართველები ხართ და მინდა გკითხოთ- პაატა ბურჭულაძეს ბებია ან ბაბუა მაინც არ ჰყავს  ებრაელი? არა-მეთქი და გავიღიმე. ხავალო (დასანანიაო) -თქვა და თვალებზე ცრემლები მოადგა.

უცებ დარბაზში ვიღაცამ წამოიძახა-ქართულიიიი! პაატა ბურჭულაძემ გაიღიმა, კონცერტმეისტერს  ანიშნა და დაიწყო:  „ ღვინო კახურო...“

ცოტნე სიმღერის დასრულებამდე არ განძრეულა, მერე სხვა მაყურებლებთან ერთად ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა და რაღაცას მეუბნებოდა. მე, ბრავოს ძახილში მისი ხმა არ   მესმოდა, მაგრამ ვატყობდი, რომ კმაყოფილი და გახარებული იყო.
#
  

ათენის აეროპორტის დასავლეთის ტერმინალიდან აღმოსავლეთის ტერმინალში გადავედი. იქიდან დაფრინავენ Olympic Airwaysის თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.

ძალიან გრძელი და დამღლელი გზა გავიარე: ლენინგრადი-ბერლინი-ათენი. ამიტომ, ვცდილობ სკამზე მოხერხებულად მოვკალათდე და შეძლებისდაგვარად დავისვენო.

ვხედავ, აბაიაში გამოწყობილი ულამაზესი არაბი გოგო მოძრაობს დარბაზში.
თვალს არ ვაშორებ. იმანაც შემამჩნია. დაიმორცხვა. მერე დამალვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლოს გაიღიმა და თვალსაჩინო ადგილას დაჯდა

მე ანა კალანდაძის ლექსი მახსენდება: „ როგორც ია თავდახრილი ბუჩქის ძირას, მორცხვი ხარ და როგორ გშვენის კდემა დიდი... თქვი შავთვალავ, არაბი ხარ?..“

თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს გასასვლელისკენ უხმობენ
სკამიდან ვდგები, ჩანთას ვიღებ, და... იმ არაბი გოგოს შემცბარ სახეს ვაწყდები.
ვტოვებ ტერმინალს და ვფიქრობ: “ Восток-дело тонкое!”
მალხაზ კოხრეიძე






вторник, 8 января 2019 г.


პავლე ხუჭუას ოჯახი ბაქოში ცხოვრობდა. ამიტომ ის სასწავლებლად ბაქოს პირველ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქ მას მუსიკის ნიჭი აღმოაჩნდა და კრონგოლდის კერძო მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს სწავლა დაიწყო.

1918 წელს ხუჭუების ოჯახი ბაქოდან ფოთში გადმოსახლდა. სადაც პავლე ხუჭუამ „ნეაპოლური ორკესტრი“  ჩამოაყალიბა  და წარმოდგენებს მუსიკლურად გაფორმებას შეუდგა.

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების მიღების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალეკონომიკური ფაკულტეტზე მოეწყო, მუსიკისთვის თავი არ დაუნებებია და პარალელულად თბილისის პირველ მუსიკალურ სასწავლებელში დ.გროსმანის კლასში გააგრძელა სწავლა. შემდეგ  თბილისის კონსერვატორიაში, პროფესორ ვიშლაუს  სავიოლინო ჯგუფში სწავლობდა. იმ დროს ზაქარია ფალიაშვილმა მას მუსიკადმცოდნეობის ფაკულტეტზე  სწავლის გაგრძელება შესთავაზა.
 
პავლე ხუჭუა ლენინგრადში გაემგზავრა და კონსერვატორიის ისტორიულ-თეორიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

პავლე ხუჭუამ რამდენიმე ათეული მუსიკათმცოდნე აღზარდა. მათ შორის არიან: მ.ახმეტელი, ელ. ბალანჩივაძე, თ. გელაძე, მ.მესხი, მ.ფიჩხაძე, ს.ქეცბა, ელ. ძიძაძე, ევ. მაჭავარიანი. ევგენი მაჭავარიანი პავლე ხუჭუაზე წერდა: „ლენინგრადი შეძენილი გამოცდილება, მეტადრე საჯარო გამოსვლები-ახსნა-განმარტებები კონცერტების წინ და პოპულარული საჯარო ლექციების ტრადიცია ჩვენში სწორედ პავლე ხუჭუამ შემოიღო. მას ხელეწიფებოდა მუსიკის პრობლემებზე მსმენელთათვის მისაწვდომი ცნებებით  მსჯელობა. მაგრამ არასდროს გადაიხრებოდა ზედაპირულ, ვულგარულ პოპულარობაში და ჩინებულად აღწევდა ხოლმე მიზანს.“

როგორც  პავლე ხუჭუა, ისე ევგენი მაჭავარიანი, საფუძვლიანად ერკვევოდა  ფოლკლორში, კლასიკურ მუსიკაში, საესტრადო მიმართულებებში და თავისი გამოსვლებით მსმენელის ყურადღებას იპყრობდა. სწორედ პავლე ხუჭუამ მისცა საშუალება  კონსერვატორიის პირველ კურსელ ევგენი მაჭავარიანს გაძღოლოდა  ფილარმონიის პირველ ლექცია-კონცერტს.

ევგენი მაჭავარიანი დედამ, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობმა-მარიამ ბუბუტეიშვილმა შეიყვანა მისიკალურ სასწავლებელში და რადგან სახლში პიანინო არ ჰქონდათ, შვილს თეატრში ამეცადინებდა. ევგენი მაჭავარიანი  განსაკუთრებით სასწავლებლის  ორ პედაგოგს ემადლიერებოდა- მარიამ თავაძეს, რომელიც მოწაფეებს კონცერტებზე დაატარებდა და შემდეგ რეცენზიებს აწერინებდა და თამარა დემიდოვას, რომელიც მოსწავლეებს მუსლიტერატურას ასწავლიდა. იმ დროს ევგენი მაჭავარიანი დირიჟორობაზე ფიქრობდა, თუმცა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ზუგდიდში მოუწია გამგზავრება და მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად მუშაობა. მაშინ დაიწყო მან პრესასთან თანამშრომლობაც.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პავლე ხუჭუას გარდა, ევგენი მაჭავარიანის ლექტორები იყვნენ: ოთარ თაქთაქიშვილი, ქრისტეფორე არაქელოვი, ბარბარე ყორღანოვი, გივი ორჯონიკიძე, რომელთანაც აუდიტორიის მიღმა მეგობრობდა. მაშინ კონსერვატორიას ხელმძღვანელობდა იონა ტუსკია, რომელიც რუსული სკოლა დამთავრებულ ევგენი მაჭავარიანს ყველანაირად უწყობდა ხელს იმაში, რომ გამართული ქართულით ესაუბრა.

ასპირანტურაში ევგენი მაჭავარიანი დაკავებული იყო როგორც ძველი ქართული საგალობლების, ისე თანამედროვე ქართული მუსიკის კვლევით.

მუსიკათმცოდნე აღფრთოვანებას ვერ მალავდა, როცა ნიუ-იორკიდან საქართველოში ჩამოსული კამერული ანსამბლის წევრები ქართული სამუსიკო ფოლკლორით დაინტერესდნენ და ანსამბლის ხელმძღვანელმა ნოა გრინბერგმა ქართულ ხალხურ მუსიკაზე, ამერიკის შეერთებული შტატების 16 უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხა. სხვათაშორის, ნოა გრინბერგის გათვითცნობიერებაში დიდი წვლილი პავლე ხუჭუას მიუძღოდა.

ევგენი მაჭავარიანი დაინტერესებული იყო თბილისური საყოფაცხოვრებო, საოჯახო სიმღერებით და ისინი ახალი თბილისური ფოლკლორის ნიმუშებად მიაჩნდა. აღნიშნულ სიმღერებში ის იტალიური სიმღერების, რუსული თუ ბოშური რომანსების იმპულსებს  ხედავდა, რომლებიც ქართულ ნიადაგზე ღვივდებოდნენ და ეროვნულ საწყისებს ერწყმოდნენ. ასეთი სიმღერების მაგალითებად მიიჩნევდა ცინუკი დადიანის შესრულებულ „სიონში შევალ“, ლილი გეგელიას „შევიპარები ჩუმად შენს „ბაღნარში“, გოგი ვასაძის შესრულებულ „ჭრიჭინ-ჭრიწინ“, „ქარი ფოთლებს მიაქანებს“, „ჩემო თბილისო“ და ა.შ. ევგენი მაჭავარიანს სჯეროდა, რომ ამგვარი თვითშემოქმედება არ შეწყდებოდა და ახალგაზრდები გააგრძელებდნენ წინაპრების დაწყებულ საქმეს. „ბოლო ხანს ზოგიერთნი სინანულით აღნიშნავენ, თითქოს თბილისის ამ სპეციპიკური მუსიკალური ფოლკლორის ტრადიციები ქრება- თითქოს ჩვენი ახალგაზრდები მხოლოდ უცხოურმა მუსიკამ დაიპყრო და მათ თავიანთი გულის ჰანგები, საკუთარი ინდივიდუალური ხმები ჩაახშეს... საბედნიეროდ, ეს მთლად ასე არ არის.“ - წერდა ევგენი მაჭავარიანი.

ევგენი მაჭავარიანი  ბოლო წლებში  განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ლიანა ისაკაძის და მაია თომაძის შემოქმედებას. ასევე   საქებარ სიტყვებს არ იშურებდა საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის (კ.ვარდელი, თ. ბათიაშვილი, ნ.ჟვანია, ო.ჩუბინიშვილი) მისამართით. ის წერდა: „არ გადავაჭარბებ თუ ვიტვი, რომ ჩვენი კვარტეტი დღეს ერთ -ერთი უძლიერესია (არა მარტო საბჭოთა კავშირში), იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, ოსტატობით, დამოუკიდებელი, სრულიად განსხვავებული, ინდივიდუალური მუსიკოსების ორგანული შერწყმით, რეპერტუარით- ისინი ასრულებენ თითქმის მთელ კლასიკას...“

საქართველოში ევგენი მაჭავარიანია პირველი მუსიკათმცოდნე, რომელმაც მუსიკალურ ტელევიზიაზე წამოიწყო საუბარი და არსებული ტელეპროდუქციის განხილვის შედეგად დასკვნა გააკეთა. დასკვნიდან ჩანს, რომ საქართველოს ტელევიზიას საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ პირველს გადაუღია და უჩვენებია ტელეოპერა და ეს ყოფილა აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ მიხედვით შექმნილი კომპოზიტორ ნოდარ გიგაურის ოპერა, რასაც მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის მიხედვით შექმნილი კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის  ოპერა „ჯილდო“ მოჰყოლია. 

ევგენი მაჭავარიანი საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გადაცემების კრიტიკასაც არ ერიდებდა და  აღნიშნავდა: „ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა შევაჩეროთ ისეთი ტიპის მსმენელის ფორმირება, რომელიც უსმენს მუსიკას, მაგრამ არ ესმის იგი. საქმე იმაშია, რომ მუსიკალური ტელევიზია მსმენელისგან არ მოითხოვს არაფერს, არათუ რექციას, არამედ ელემენტარულ ყურადღებასაც კი, რაც წარმოქმნის მუსიკის ზერელე ყურისგდებას, მისი დროდადრო, სხვათა შორის მოსმენის მავნე ჩვევას. ეს კი სმენის პასიურობას იწვევს.“

ცნობილია, რომ ევგენი მაჭავარიანი წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მუშაობდა და ამ დაწესებულების   დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა, მაგრამ საზოგადოება მას უფრო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გადაცემების რედაქციის აქტიურ რედაქტორად იცნობდა.

რაც თავი მახსოვს,  საქართველოს რადიო და ტელევიზია ყურადღებას უთმობდა საესტრადო სიმღერებს და პერიოდულად გადმოსცემდა ე.წ. მსუბუქი მუსიკის კონცერტებს. იმ დროს მსმენენელებს საშუალება ეძლეოდათ მოესმინათ ისეთი უცხოელი შემსრულებლებისთვის როგორებიც იყვნენ:  ფრენკ სინატრა, პერი კომო, ელვის პრესლი, ტომ ჯონსი და სხვები.

ფართო აუდიტორია ჰყავდა სატელევიზიო გადაცემა „საესტრადო პანორამას,“ რომლის მიწურულსაც უცხოელ  შემსრულებელსაც  უთმობდნენ ეთერს.

საგანგებოდ უცხოელ  შემსრულებლებს ეთმობოდა გადაცემა „კალეიდოსკოპი.“ გადაცემაში ოსკარ პიტერსონის, ელა ფიტჯერალდის, ლუი ამსტრონგის, ბენი გუდმენის, დები პოინტერების და სხვების ჩანაწერებს გვიჩვენებდნენ. ანალოგიური იყო  „საესტრადო გასართობ პროგრამა“, რომელიც- „მელოდია, რიტმი, განწყობილებამ“ ჩაანაცვლა.  აღსანიშნავია, რომ უცხოური მელოდიები ყოველგვარი კომენტარების გარეშე გადიოდა ეთერში და მსმენელი, იმდროინდელი ესტრადის მიღწევებს თუ ჩავარდნებს  მშობლიურ ენაზე ვერ ეცნობოდა. ამის შევსება ძირითადად უცხოური რადიოს  ან ცალკეული ჟურნალის საშუალებით ხერხდებოდა.

და აი ეკრანზე გამოჩნდა გადაცემა „ესტრადა და თანამედროვეობა.“ გადაცემის წამყვანია ევგენი მაჭავარიანი- საესტრადო ჟანრის უბადლო მცოდნე. მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ ევგენი მაჭავარიანი თავისი პოლონელი მეუღლის წყალობით, ჩვენში ესოდენ პოპულარულ საესტრადო სიმღერების „სოპოტის საერთაშორისო ფესტივალებს“ ესწრებოდა და იქიდან ჩამოტანილი მასალებით ქართველ მსმენელებს  კვებავდა. სოპოტი, განსაკუთრებით სოციალისტური ქვეყნების  მელომანებისთვის, მართლაც მექას წარმოადგენდა.

მალე  ევგენი მაჭავარიანის გადაცემას სახელწოდება  შეუცვალეს და „ეს ესტრადაა“ უწოდეს, ხოლო თავად გადაცემის  წამყვანს, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.

ვისაც ახსოვს ევგენი მაჭავარიანის საუბარები მსმენელებთან, მისი ხმის ტემბრს, ინტონაციას ვერასოდეს დაივიწყებს. ის ისე საინტერესოდ განაზოგადებდა თემას, რომ მზად იყავი კიდევ დიდხანს გესმინა. სხვათაშორის, ქართველი მუსათმცოდნეები ყოველთვის მაღალ დონეზე უძღვებოდნენ რადიო თუ ტელე გადაცემებს და ეს ალბათ, ისევ პავლე ხუჭუას დამსახურება იყო. გივი ორჯონიკიძის, მანანა ახმეტელის, მაია დათუნაშვილის საუბრები თამამად შეიძლება ჩავთვალოთ მუსიკათმცოდნეობის დარგის კლასიკად.

ერთხელ ევგენი მაჭავარიანმა ფრანგული ჯგუფის „Belle Époque“ შესრულებული სიმღერა „Fly, Robin, Fly,“ საღეჭ რეზინას შეადარა და რომ ვაკვირდებოდი მელოდიას, მართლაც, ისეთი  განწყობა მეუფლებოდა, რომ  საღეჭ რეზინას ვღეჭავდი.

ევგენი მაჭავარიანმა მოახერხა ის, რომ „ეს ესტრადაა“ ლიდერი გადაცემა გახდა საქართველოს ტელესივრცეში და ეს მარტო იმით არ იყო გაპირობებული, რომ ახალგაზრდობას უცხოური ესტრადა აინტერესებდა, არამედ იმით, რომ ისინი ღრმად განსწავლულ სპეციალისტს უსმენდნენ, სპეციალისტს, რომელმაც იცოდა, რომ  ეს  ჟანრი თავისი ზემოქმედებით  ყველაზე მისაწვდომი, ყველაზე პოპულარული, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე ანგარიშგასაწვი იყო სხვა ჟანრებთან შედარებით.
მალხაზ კოხრეიძე.