ჩემს მეხსიერებაში ანაგის ქუჩა, ყოველთვის ანაგის ქუჩად დარჩება. ყოველთვის იარსებებს ამ ქუჩაზე საბურთალოს ბაზარი. ყოველთვის შემხვდებიან გაზიანი წყლების აპარატებთან ტკბილი წყლით გაჭყეპილი ბავშვები და ტრანსპორტის მომლოდინე მგზავრები. ყოველთვის გამოვა სახელოსნოდან მერაბ ბერძენიშვილი. სახელოსნოსთან ახლოს, სტენდებზე ყოველთვის შეცვლიან თეატრების თუ საკონცერტო დარბაზების აფიშებს. „გაზაფხულის“ ეკრანზე ყოველთვის გაუშვებენ ფილმს- „Судьба солдата в Америке.” სკოლასთან, სათვალეებიან ფოტოგრაფისგან ყოველთვის ვიყიდი კინოჟურნალებიდან გადაღებულ მსახიობების ფოტოებს და კატუშას „სალიარკის“ და ნახერხის ნაზავის სუნით გაჟღენთილ სკოლის სადარბაზოს კარებსაც ყოველთვის ხალისით შევაღებ.
#
მეცხრე კლასში გამოგვიცხადეს, რომ გაძლიერებული ტექნიკური ჯგუფი ვიყავით და ამიტომ ხაზვის და შრომის გაკვეთილები კვირაში ორჯერ, ორ-ორი საათი ჩაგვიტარდებოდა. საგნებს ახალგაზრდა და მომხიბვლელი მასწავლებელი ნუნუკა შეყრილაძე გვასწავლიდა.
მასწავლებელმა თავიდანვე გამოგვიცხადა: ბავშვებს არ დაგიძახებთ და ასე მოგმართავთ- „მოსწავლეებო.“ ჩვენც დავეთანხმეთ და შემდეგ ჩვენზე გაბრაზებულიც კი არ იცვლიდა მომართვის ფორმას.
მოსწავლეების ერთი ნაწილი მონდომებით ასრულებდა დავალებას. მეორე ნაწილი - ფანჯრის შუშის გამოყენებით ნამუშევრების ასლებს ამზადებდა.
„კოპიროვშჩიკები“ მთლად უსარგებლონი არ ვიყავით- წაკითხული მხატვრული ლიტერატურის საჯარო განხილვით გარჯას ვუმსუბუქებდით ხაზვით დაქანცულ თანაკლასელებს.
ორ ფრონტზე იბრძოდა მასწავლებელი. აქეთ ნამუშევრებს აფასებდა და იქით- მხატვრული ლიტერატურის ირგვლივ გამართულ პოლემიკაში ერთვებოდა. მახსოვს, კამათი აკაკის სალიტერატურო ენა ჯობია თუ ილიასი, აკაკის გამარჯვებით დასრულდა, რადგან მასწავლებლის იმერლობამ თავისი როლი შეასრულა.
მეათე კლასში ვართ. მალე მეცადინეობა დასრულდება და სკოლასაც გამოვემშვიდობებით. ბოლო დღეებია. ვიკავებთ ადგილებს ხაზვის კაბინეტში. მასწავლებელი გვიყურებს და დუმს. უცებ გამოცოცხლდა და გვეუბნება: მინდა ჩემი გაკვეთილების დრო, თქვენთან ერთად დღეს სკოლის გარეთ გავატარო. ისევ ლიტერატურაზე ვისაუბრებთ.
გადავიდეთ დიდუბის პანთეონში!- წამოიძახა ვიღაცამ. წავიდეთ-ამბობს მასწავლებელი და ხალისით ვდგებით სამუშაო მაგიდებიდან.
ანაგის ქუჩით სააკაძის მოედნზე გავედით, ხოლო იქიდან ვახუშტი ბაგრატიონის ხიდით პანთეონისკენ გავემართეთ. ლევან ვაჩნაძე გვეუბნება- ვიდრე პანთეონამდე მივალთ, შევეჯიბროთ ერთმანეთს, აბა, ვნახოთ ვინ მეტ ფრანგ მწერალს დაასახელებსო.
არ ვჩერდებით, შიგადაშიგ მწერლის ნაწარმოებსაც ვიხსენებთ. (ესეც შენი საბჭოთა სკოლა!). ამასობაში პანთეონში შევედით, ვიღაცამ ნაცნობი პოეტის ნაცნობი ლექსი დასცხო. იწყება კამათი და შეუმჩნევლად გადის 2 საათი.
სკოლაში დაბრუნებულებს შესასვლელში სამხედროს მასწავლებელი ვიკტორ ჭიკაიძე გვხვდება. Здравствуйте товарищ майор! -„ჩესტს“ ვიღებთ ბიჭები. ამხანაგი მაიორიც „ჩესტს“ იღებს, მაგრამ ჩვენ არ გვიყურებს, უფრო ჩვენს მომხიბვლელ მასწავლებელს ესალმება.
კარგი ბავშვებია, ამათთან მეგობრობა შეიძლება-ამბობს ვიკტორ ჭიკაიძე. ნუნუკა შეყრილაძეც ეთანხმება.
ყველა სკოლის კიბეებზე ავდივართ.
#
თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონის ტრიბუნაზე დამსხვრეული ფერადი მინა ვიპოვეთ და ბავშვები ნამსხვრევებით ხელში მზეს შევცქერით. ზელიმხან მასწ! აქედან მარნეულამდე რამდენი კილომეტრია-ეკითხება ერთი გოგო მასწავლებელს. მასწავლებელი შემობრუნდა და ახლა შეამჩნია, რომ ბავშვები მინდორს კი არა ცას ვუყურებდით. იმდენი, რამდენიც აქედან მზემდე-იხუმრა მასწავლებელმა.
გავიცინეთ.
ზელიმხან! ჩამოდით!- მეგაფონით გვიხმობს შლაპიანი კაცი. ჩავედით! ჩავედით!-გვეუბნება მასწავლებელი და სარბენი ბილიკებისკენ ვეშვებით.
პირველი გოგონები გაჰყავთ. ბიჭები ფეხბურთის კარის ძელთან, ბალახზე ვჯდებით.
შორს- ფინიშთან, დროშას იქნევენ. ყოჩაღ ზელიმხან!-იცინის შლაპიანი კაცი.
აბა, ბიჭები მოდით- სტარტისკენ გვითითებს კმაყოფილი მასწავლებელი.
მზე გვანათებს სახეში. მასწავლებელი კი არ ცხრება და დაბეჯითებით მოითხოვს ჩვენგან გამარჯვებას.
ფინიშამდე თითქოს ვერაფერს ვხედავდი, ვიდრე სახესთან დროშის ფრიალი არ ვიგრძენი. ჩემს გვერდით ისევ ჩვენი ბიჭებია.
ისევ 62 -ე სკოლაა. ყოჩაღ ზელიმხან! -იცინის კეპიანი კაცი.
ყველა აქ ხართ... გაუფორმეთ ბავშვებს თანრიგები - კატეგორიული ტონით ეუბნება მასწავლებელი შლაპიან კაცს. ჯერჯერობით მადლობა იკმარეთ, სკოლაში ოფიციალურად გამოგიგზავნით-პასუხობს შლაპიანი.
უკმაყოფილო მასწავლებელი გასასვლელისკენ მიგვიძღვება. ტრანსპორტის გაჩერებაზე ვხვდებით, რომ ხელში ისევ ფერადი მინის ნამსხვრევები გვიჭირავს და ურნაში ვყრით.
#
მონდომებული პედაგოგი იყო მერი ლებანიძე, რომელიც რუსულ ენას გვასწავლიდა.
გარდა იმისა, რომ გაკვეთილების ზედმიწევნით მომზადებას გვთხოვდა, გვთხოვდა რვეული-ალბომის გვეწარმოებინა, სადაც თვალსაჩინო მასალის გამოყენებით, ამა თუ იმ რუს მწერალზე ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას შევიტანდით.
გარდა იმისა, რომ გაკვეთილების ზედმიწევნით მომზადებას გვთხოვდა, გვთხოვდა რვეული-ალბომის გვეწარმოებინა, სადაც თვალსაჩინო მასალის გამოყენებით, ამა თუ იმ რუს მწერალზე ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას შევიტანდით.
დავალების შესრულებისას ტექსტის გადაწერის გარდა, საჭირო იყო ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი ფოტოების თუ ნახატების უზადოდ ჩაწებება, რაც მაინცდამაინც არ გვეხალისებოდა.
მოსწავლეების ერთი ნაწილი ითხოვდა ალბომის გაუქმებას, მაგრამ მასწავლებელი პოზიციას არ თმობდა. ერთხელ ამასთან დაკავშირებული დიალოგი მოსწავლეს და მასწავლებელს შორის კამათში გადაიზარდა და მოსწავლემ საკლასო ოთახი პროტესტის ნიშნად დატოვა. მეორე მოსწავლემაც იგივე მოითხოვა, რაც პირველმა, მაგრამ მასწავლებელი შეუვალი იყო და ამიტომ მეორემაც დატოვა საკლასო ოთახი. მეორეს მესამე მიჰყვა, მესამეს მეოთხე და საკლასო ოთახში საბოლოოდ მხოლოდ 3 მოსწავლე დარჩა.
იმდენად გართულდა მდგომარეობა, რომ დაძაბულობამ მასწავლებლებს შორისაც იჩინა თავი. სკოლაში მოიწვიეს გაფართოებული კრება მშობლების მონაწილეობით. პროტესტი რუსული ენის მასწავლებელის წინააღმდეგ, მაშინ სხვაგვარად აღიქმებოდა.
მერი ნიკალაევნამ სკოლაში სიარული შეწყვიტა და თითქოს ჩვენც არ ველოდებოდით.
იმ დღეებში კლასის დამრიგებელმა სამედიცინო ინსტიტუტში წაგვიყვანა მოსწავლეების ერთი ჯგუფი. ღონისძიების დასრულების შემდეგ კაფეში დავჯექით. ვსვამთ ლიმონათს და ვსაუბრობთ. უცებ ლამარა თეთვაძე გვეუბნება: მერი ნიკალაევნას ვესაუბრე, ცუდად ყოფილა, გული ჰქონია ცუდად, ექიმები სანუგეშოს ვერაფერს ეუბნებიან. თქვენ ხომ ცუდი ბავშვები არ ხართ, თქვენ ხომ შეგიძლიათ უშველოთ... აქვე ცხოვრობს.
ყველამ ლიმონათის ჭიქებს წავავლეთ ხელი და ისეთი გამომეტველება მივიღეთ, თითქოს ვერ ხვდებოდით რაზე ლაპარაკობდა კლასის დამრიგებელი.
მასწავლებელი არ მოგვეშვა და თითოეულ ჩვენგანს ისე მოულბო გული, რომ ვერც გავაცნობიერეთ, თუ როგორ აღმოვჩდით მერი ლებანიძის ერთოთახიან „ხრუშჩოვკაში.“
მერი ნიკალევნას გაუხარდა ჩვენი დანახვა და ღიმილით გვითხრა: მე თქვენს განათლებაზე ვზრუნავდი და თუ მიუღებელია ასეთი რვეულები-აღარ მოვითხოვო.
ქეთი გორგოძის სახლში სკოლის დამთავრებას ვზემობდით, როცა ლამარა თეთვაძემ მე და ლევან ჩოფიკაშვილი ცალკე გაგვიხმო და გვთხოვა წავსულიყავით და მერი ლებანიძე ზეიმზე მოგვეყვანა. ის უკვე ნიკოლაძის ქუჩაზე ცხოვრობდა და ჩვენც ტაქსით ვერისკენ გავემგზავრეთ.
ტაქსის შოფერმა რომ გაიგო რუსულის მასწავლებელთან მივდიოდით, თავისი ამბავი გაიხსენა. სკოლაში რუსულის მასწავლებელი შეჰყვარებია და კინაღამ ცოლად მოუყვანია. თქვენი მასწავლებელი ლამაზია?- შეგვეკითხა. ულამაზესი!-ვუპასუხეთ.
კარი მერი ნიკალაევნამ გაგვიღო. გვაკოცა. ცოტა ხნით ტელევიზორთან დაგვსვა, თვითონ კი თავის მოსაწესრიგებლად გავიდა. მალე ისეთი მომხიბვლელი გამოვიდა, რომ კომპლიმენტებით ავავსეთ.
ტაქსის შოფერი ტაქსიდან გადმოსულიყო, დაინახა თუ არა ჩვენი მასწავლებელი აღტაცებულმა წამოიძახა: ეს რა ლამაზი მერი ნიკალაევნა ყოფილა! „ვოლგის“ წინა კარები გამოუღო და რომ არ დაგვეძახა, მე და ლევანს ვერაზე დაგვტოვებდა.
მგზავრობისას ტაქსისტმა, რაც სკოლაში რუსული ლექსი უსწავლია, ყველა მხატვრულად წაგვიკითხა. ბევრი ვიცინეთ და ასე გახალისებულები შევუერთდით ჩვენს მასწავლებლებს და თანაკლასელებს საბურთალოზე.
#
ალექსანდრ პუშკინს აქვს მოთხრობა „Станционный смотритель.“ ქართულად- „სადგურის ზედამხედველი“. მოთხრობა სკოლის პროგრამაში შედიოდა და ჩვენც ვსწავლობდით.
მოთხრობის მიხედვით, მდიდარი გუსარი მინსკი თვალთმაქცობით სადგურის ზედამხედველის ქალიშვილს - დუნიას წაიყვანს და როცა მამა შვილს ქალაქში მიაგნებს, აღმოჩნდება, რომ მისი თავი არც მინსკის აინტერესებს და არც საკუთარ ქალიშვილს. სადგურის ზედამხედველი კვდება.
რუსულის მასწავლებელი მერი ნიკალაევნა თვალმოპრუწკული გვიყურებს და შეკითხვით მოგვმართავს:
Кто виновата в том, что станционный смотритель умер?
ჩვენ არ ვიბნევით და ერთხმად ვპასუხობთ: დუუნია!
Нет ребята!-უკმაყოფილო სახით გვეუბნება მასწავლებელი.
ცოტა ფიქრი, და ისევ ერთხმად ვამბობთ: გუსაარ!
Нет ребята!- ცივ წყალს გვასხამს მერი ნიკალაევნა.
შევწუხდით, მაგრამ, უცებ კვანძი გავხსენით და ვუპასუხეთ: სტანციონნი სმატრიტელ!
Нет ребята!- უკვე ნაწყენია მასწავლებელი.
ჩვენ არ ვიბნევით და ერთხმად ვპასუხობთ: დუუნია!
Нет ребята!-უკმაყოფილო სახით გვეუბნება მასწავლებელი.
ცოტა ფიქრი, და ისევ ერთხმად ვამბობთ: გუსაარ!
Нет ребята!- ცივ წყალს გვასხამს მერი ნიკალაევნა.
შევწუხდით, მაგრამ, უცებ კვანძი გავხსენით და ვუპასუხეთ: სტანციონნი სმატრიტელ!
Нет ребята!- უკვე ნაწყენია მასწავლებელი.
მძიმე დღეში ვართ, ერთმანეთს ვუყურებთ, რა ვთქვათ არ ვიცით და უცებ მერი ნიკალაევნა წამოგვეშველა: Царская Россия!
ამოვისუნთქეთ. მერე, სკოლაში ყველაფერ ცუდს ცარსკაია რასიას ვაბრალებდით.
გავიდა დრო და თურმე, მთავარი დამნაშევე Советская Россия ყოფილა.
მერე- Независимая Россия.
გავიდა დრო და თურმე, მთავარი დამნაშევე Советская Россия ყოფილა.
მერე- Независимая Россия.
ისე, იმ დროს, დუნიაზე რომ შევჩერებულიყავით ჯობდა ალბათ.
#
დამრიგებელთან, ქართული ენის მასწავლებელთან - ეთერ კვაჭაძესთან ფოტოსურათი გადავიღეთ და დავემშვიდობეთ მეექვსე კლასს. მეშვიდე კლასში დამრიგებელად ფიზიკის მასწავლებელი დაგვინიშნეს, ხოლო ქართული ენას და ლიტერატურას ნუნუ კილტავა გვასწავლიდა.
ნუნუ კილტავა უკომპრომისო პედაგოგი იყო. არ აინტერესებდა რა მიზეზით აცდენდა მოსწავლე გაკვეთილებს, ან რატომ არ იყო მზად. ამოგხედავდა სათვალეებიდან და გეტყოდა: „ცხადია, ორიანი.“
იმდენად ვერ შევწყვე მასწავლებლის ამგვარ ხასიათს, რომ გაკვეთილების შეგნებული გაცდენა დავიწყე. იმანაც დამიმახსოვრა და სასწავლო წლის ბოლოს გამოცდაზე არ დამიშვა. რაც იმას ნიშნავდა, რომ აგვისტოს ბოლოს ე.წ. საშემოდგომო გამოცდა უნდა ჩამებარებინა.
საშემოდგომო გამოცდას სხვა მასწავლებლები იბარებდნენ. მეც სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოვცხადდი სკოლაში, დავწერე თემა, დამიწერეს დამაკმაყოფილებელი და გადამიყვანეს მერვე კლასში.
მერვე კლასში და საერთოდ სკოლის დამთავრებამდე, ქართულ ენას და ლიტერატურას ელენე აბაშიძე გვასწავლიდა. როცა მან პირველი გაკვეთილი ჩაგვიტარა და შესვენებაზე გავიდა, გამიხმო და მითხრა: ამ ბაშვებში მხოლოდ შენ გიცნობ, შენი ნაწერი მე გავასწორე და მჯერა ცუდი ბიჭი არ ხარ და აბა შენ იციო.
ელენე აბაშიძეს თემით დაინტერესების საოცარი მეთოდი ჰქონდა: საუბრისას თუ შეგატყობდა, რომ პოლემიკაში ვერ ერთვებოდი, უცხო იყო შენთვის წარმოდგენილი თემა, გაიოცებდა და გეტყოდა: როგორ შენ ეს არ იცი, არ წაგიკითხავს, ასეთ ბიჭს როგორ გეკადრება ამის არ ცოდნა და შენც შერცხვენილი, სახლში მისული წიგნებს ფურცლავდი, რათა მომავალშიც არ დაგემსახურებინა მასწავლებლის შენიშვნა.
ერთხელ, ერთი ლექსების კრებული მოიკითხა. მე მქონდა, და თან ორი ეგზემპლარი. ერთი ვაჩუქე. შემდეგ რაღაც არ მოეწონა ჩემს ქცევაში და დამემუქრა- იმ წიგნს უკან დაგიბრუნებ თუ ასე გააგეძელებო. მე ეტყობა ამას ყურადღება არ მივაქციე და ნაწყენმა მართლაც უკან დამიბრუნა წიგნი. ძალიან ვწუხდი. გავიდა დრო და მითხრა: წიგნი შეგიძლია მომიტანო, შენ უკვე კარგად იქცევიო.
აუცილებლად დამირეკავდა 29 აგვისტოს და მეტყოდა: ხომ იცი საკლასო ოთახი მოსაწესრიგებელია და გამოდიო. ჩვენი საკლასო ოთახი, მის მიერ მოწყობილი ლიტერატურის კაბინეტიც იყო და სხვას არავის ანდობდა იმის მოწესრიგებას. რამდენიმე მოსწავლეს მიგვიყვანდა და როგორც მას უნდოდა, ისე ვალაგებდით. მე ფარდების ჩამოკიდებას მავალებდა.
ანაგის ქუჩიდან მარჯვნივ, სკოლის კედელთან ე.წ. ჰერბარიუმი „ფუნქციონირებდა.“ ჰერბარიუმი ნაგავის ბუდედ გადაექციათ და სკოლის დირექცია მისი დემონტაჟს აპირებდა, მაგრამ მოსწავლეებს ამას ვერ ავალებდა. ელენე აბაშიძეს უთქვამს დირექტორისთვის ჩემი მოსწავლეებით მე გავასუფთავებ იქაურობასო. დაგვტოვა გაკვეთილების შემდეგ რამდენიმე ბიჭი და ჩვენც დავიწყეთ ნაგავის გატანა. თვითონ სკამზე იჯდა და სკოლის ამბებს გვიყვებოდა. მაშინ მოგვიყვა, თუ როგორ მოეწონათ გოჩა აბაშიძე „კინოშნიკებს,“ როცა ის ქართულის გაკვეთილზე მხატვრულად კითხულობდა ლექსებს. ძალიან ცხელოდა და კარ-ფანჯრები გავაღეთ, ამიტომ გოჩას ხმა და ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩათო. ეს რომ თქვა, თვალებზე მომდგარი ცრემლები შეიმშრალა.
სანიმუშო მეგობრები ყოფილან თანაკლასელები ზურაბ პატარიძე (საქართველოს პრემიერ მინისტრი) და რომან მიმინოშვილიო (მწერალი). მასწავლებელმა იმათი ურთიერთობის ერთი ეპიზოდიც გაიხსენა. შემდეგ ნონა გაფრინდაშვილის გადმოყვანაზე და ნიჭზე ისაუბრა და ა.შ.
1979 წელია. ხმა გავრცელდა, უნივერსიიტეტში, ქართული ენის დაცვის ერთი წლისთავს აღნიშნავენო. ლევან ჩოფიკაშვილმა, დათო სიხარულიძემ და მე გადავწყვიტეთ უნივერსიტეტში წავსულიყავით, მაგრამ სკოლის კედლებიდან გაღწევა გაგვიჭირდა, რადგან სკოლის დირექციამ საგულდაგულოდ ჩარაზა ყველა კარი.
ბიჭები ვდგავართ ფანჯარასთან, გადავყურებთ სკოლის ეზოს და სინანულს გამოვთქვმთ იმის გამო, რომ ვერ ვახერხებთ უნივერსიტეტში წასვლას. უცებ ვხედავთ მანქანამ სკოლის სასადილოსთვის რძის პროდუქტები მოიტანა. სასადილოს კარები გაიღო და ჩვენც წამებში სასადილოში გავჩნდით, იქედან კი სკოლის ეზოში გავედით.
სიმშვიდე დაგვხვდა უნივერსიტეტის ეზოში, ამიტომ მალე ისევ სკოლაში დავ ვბრუნდით, თუმცა იქ უკვე გაუგიათ, რომ სამი მოსწავლე გაკვეთილს არ ესწრებოდა და ზომების მიღებაზე ალაპარაკებულან. ელენე აბაშიძეს უკითხავს ვინ და რამდენია გაპარულიო. გვარები რომ გაუგია, უთქვამს- თქვენ გაჩერდით, მაგათ მე მივხედავო.
სკოლაში დაბრუნებულები დარაჯმა ერთი კი აგვათვალიერა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ჩვენც კიბეებზე ისე ავედით, თითქოს ვიღაცის გაღვიძებას ვერიდებოდით. ავიარეთ მეორე სართული და მესამე სართულის კიბეებს რომ ვამთავრებთ ელენე აბაშიძე წამოგვადგა თავზე.
მასწავლებელს ხელები უკან ჰქონდა შემოწყობილი, სახეზე კი ფერი არ ედო. უცებ მწვდა პიჯაკის სახელოში, ტირის, მარყევს და იძახის: თქვენ არ იცით მე რა გადავიტანე, დამრიგებელი ვიყავი... იმანაც არ დამიჯერა და დაიღუპა 9 მარტს...
ჩვენ დავდუმდით. შემდეგ თვითონაც მოერია თავს და დამშვიდდა.
მინდოდა გამეგო იმ მოსწავლის ვინაობა, მაგრამ სკოლა ისე დავამთავრე, რომ ვერ გავუბედე და ვერ შევეკითხე. არ მინდოდა კიდევ ერთხელ განეცადა ტკივილი. შემდეგ მე თვითონ დავინტერესდი 1956 წლის 9 მარტის მასალებით და დავადგინე, რომ დაღუპულთა შორის 62-ე სკოლის მეცხრეკლასელი რევაზ გოგიაცაა.
გამოსაშვები გამოცდებია. ქართულს ენას და ლიტერატურის ზეპირ გამოცდას ვაბარებთ. ავიღე საგამოცდო ბილეთი. პირველი საკითხად დავით გურამიშვილის „ქართლის ჭირი“ შემხვდა. ვიწყებ თხრობას. უცებ ელენე აბაშიძე მაჩერებს და ბილეთს მოშორებით მყოფ ნუნუ კილტავას აწვდის, თან მანიშნებს- იმას ჩააბარეო. კინაღამ დავმუნჯდი. ამომხედა სათვალეებიდან ნაცნობმა მასწავლებელმა და დაიწყეო- მანიშნა. მოვყევი პირველი საკითხი. შემდეგ მეორე საკითხზე გადავედი. შემობრუნდა ნუნუ კილტავა ელენე აბაშიძისკენ, იმან კი კოლეგას თვალი აარიდა და ჭერს ახედა.
მოიხსნა ნუნუ კილტავამ სათვალე, გამიღიმა და მითხრა: „ცხადია, ხუთიანი.“
#
სკოლას ვამთავრებთ. გამოცდებიც მთავრდება. ქართულის გამოცდაში ხუთიანი მივიღე და ოთახიდან გამოვედი. ჩემმა თანაკლასელმა გოგომ პიჯაკზე ყვავილი მიმიმაგრა. კიბეებზე დავეშვი და სკოლის შენობიდან გამოვედი. გარეთ მშობლები გველოდებიან. ჩემი მეგობრის დედამ სკოლის დამთავრება მომილოცა და მაკოცა.
ვხედავ, სკოლის შენაობასთან დედას პატარა გოგო მოუყვანია და ეუბნება- მოვა დრო და ამ სკოლაში ისწავლიო. მე ყვავილს ვიხსნი მკერდიდან და პატარა გოგოს ვაძლევ.
გადის წლები და გოგო სკოლას ამთავრებს. ამთავრებს უნივერისტეტს, ასპირატურას და დოქტორი ხდება.
ნამდვილი ის არის რომ, მე ჩემი თანაკლასელის გულზე მიმაგრებული ყვავილით მართლაც გამოვედი სკოლის შენობიდან, მართლა მომილოცა სკოლის დამთავრება მეგობრის დედამ, დისერტაცია მართლაც დაიცვა იმ გოგომ და მხოლოდ ის ეპიზოდი- „Державин лиру передает“ - გამოვიგონე.
მალხაზ კოხრეიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий