четверг, 26 ноября 2020 г.

მეირ ფიჩხაძე, როგორც მხატვარი, პირველად, ისრაელში გამომავალი ერთ-ერთ რუსულ გაზეთში დაბეჭდილი წერილით გავიცანი. იქვე, მასთან ინტერვიუც იყო დაბეჭდილი და ინტერვიუიდან  ის დამამახსოვრდა, რომ  მეირ ფიჩხაძე  ერთ დროს, თურმე საფლავის ქვებს აფორმებდა.

როცა ქართული კინოს ფესტივალი მოვაწყვეთ, მოსაწვევი მასაც გავუგზავნეთ, მაგრამ ამერიკაში ყოფილა და ვერ მოვიდა, თუმცა ჩამოსვლისთანავე მომძებნა და ტელეფონით დამიკავშირდა. ცოტა ხანში, სახლშიც მეწვია- შამპანურით  და თავისი  გამოფენის კატალოგით ხელში. იქვე, თავისი ერთ-ერთი ნამუშევრის რეპროდუქციაც გაშალა და  კედელზე მიამაგრა.

დავლიეთ ვისკი, ვისაუბრეთ ქართულ კინოზე, მხატვრობაზე. ფიროსმანი ყოფილა მისი შთაგონების წყარო. საქართველოში  1973  წლის შემდეგ  არ ყოფილა. უნდოდა ჩამოსვლა,  მაგრამ აქ გამოფენის მოწყობაზე არ ფიქრობდა.

რამდენიმე დღეში, თელ-ავივში,  სახელოსნოში ვეწვიეთ.  სუფთად და ლამაზად დალაგებულ სახელოსნო ჰქონდა. ნახეთ რა მოწესრიგებული სახელოსნო მაქვს,  ჩემი "ხავერა"  მილაგებსო.  მეუღლეს გაშორებული იყო.
 
მაგიდაზე საქართველოში გადაღებული ფოტოსურათები ეწყო. ესენი ჩემი დებია- ჯულიეტა და მაყვალა,  ფოტოსურათი სურამში გადაიღესო.  იქვე, კედელზე, ასეთივე  ფერწერული ტილო ეკიდა, ეტყობა აღნიშნულ ფოტოსურათიდან გადახატა. ეს ნამუშევარი ვიღაცამ წიგნისთვის  ჩემთან შეუთანხმებლად გამოიყენა, შემეცოდა, მრავალშვილიანი მამა  ყოფილა და არ ვუჩივლეო. საქართველოდან წამოღებული თითოეული ფოტო ჩემთვის ხატვის სტიმულის მომცემია და ამიტომ თბილისში რომ ჩამოვალ, ის ადგილი უნდა  ვნახო, სადაც ძველი ნივთები და ფოტოსურათები იყიდებაო.

თავის დროზე, ჯულიეტა თავის ქმარშვილთან ერთად ქუთაისში დარჩენილა, ხოლო მაყვალა და თვითონ, მშობლებთან ერთად ისრაელში ასულან. 

მაყვალა ფიჩხაძე  ნიჭიერი ხელოვანი ყოფილა. ის ხატვას ქუთაისში, რეზო რამიშვილის სტუდიაში ეუფლებოდა. მაყვალა ფიჩხაძე მშობლიური ქუთაისის  და მეგობრების დატოვებას განიცდიდა  და  27 წლის  ასაკში  სიცოცხლე თვითმკვლელობით  დაუსრულებია.

მეირ ფიჩხაძე სახელოსნოს ერთ კუთხეში ჟურნალ „განთიადის“ ძებნას შეუდგა. როცა მოძებნა გვერდები "ქსეროქსით" გადამიღო. მაყვალას წერილებია, რეზო რამიშვილს სწერდა ქუთაისში... აქედან  ბევრ რამეს გაიგებ ჩვენ შესახებო. მერე ვიდეოკასეტასაც მოვძებნი და მოგცემ, აქაურმა ტელევიზიამ მაყვალაზე და ჩემზე გადაიღოო.

სტუდიიდან გამოსულები, თელ-ავივის  რომელიღაც რესტორნის  ქართული სამზარეულოს  დასაგემოვნებლად მივდივართ.  მხატვრის  "ხავერა" გვეპატიჟება.

ვივახშმეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. 

სახლში მისულმა, სულმოუთქმელად წავიკითხე "მაყვალა ფიჩხაძის წერილები“ და მეორე დღეს მეირ ფიჩხაძეს  დავურეკე- ფილმისთვის საუკეთესო მასალაა, რას იტყვი, იქნებ საქართველო-ისრაელის ერთობლივ პროდუქციაზე ვიფიქროთ-მეთქი. ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა, კი ბატონო  დავიწყოთო- მიპასუხა.

მაყვალა ფიჩხაძის რეზო რამიშვილისადმი მიწერლი წერილები თბილისში  ნუკრი ბარამიძეს წავაკითხე. მოეწონა. მე და ნუკრი  ქართული ტელეფილმების სტუდიაში რეჟისორ ზურაბ ინაშვილთან მივედით. იმასაც მოეწონა და გვეუბნება: ფილმის სახელწოდება შევარჩიე- „გამარჯობა რეზო მასწ! “ ასე იწყებდა თითქმის ყველა წერილს  მაყვალა ფიჩხაძე. -ახლა, ისრაელის მხარეს მიხედეთ, მე  კი შევეცდები  ამ წერილების საფუძველზე,  ერთობლივი ფილმის გადაღებაზე  ქართველები  დავიყოლიოო.

დავუკავშირდი მეირ ფიჩხაძეს. გარკვეული დროის შემდეგ, ისრაელიდან   მირით ტუვის  წერილი მომივიდა, რომელიც მატყობინებდა, რომ მაყვალა ფიჩხაძეზე არა, მაგრამ   მეირ ფიჩხაძეზე კი აპირებდნენ სატელევიზიო ფილმის გადაღებას. 

ისრაელის კინოგადამღები ჯგუფი  პირდაპირ ქუთაისში გაემგზავრა. იქიდან, თბილისში დაბრუნებულები  ავლაბარში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ.  მეირ ფიჩხაძეს იქ შევხვდი. მეირი მეუბნება:  კინოჯგუფმა გადაწყვიტა ფილმი ჩემზე გადაეღო. შენ კი მაყვალას და ჩემ შესახებ ისრაელში ადრე გადაღებულ  ფილმს გიტოვებ, შესაძლოა მომავალში გამოგადგესო.
მალხაზ კოხრეიძე 
                                             

Комментариев нет:

Отправить комментарий