вторник, 24 ноября 2020 г.

 

ჩვენი მამები ფუქციონერები იყვნენ და საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. ჭოლა ჭყონია პირველი მაისის (დიდუბის) რაიკომში მუშაობდა ედუარდ შევარდნაძესთან და როცა შევარდნაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, ჭოლა ჭყონია კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორის მოადგილედ გადაიყვანა. ალბათ, იმის გამო, რომ ის კარგად ერკვევოდა ხელოვნებაში, ლიტერატურაში...

გადმოცემით ვიცი, რომ უფრო მნიშვნელოვან თანამდებობას იმსახურებდა, მაგრამ რაც მიანდეს,  იმისთვის არასდროს უღალატია,  ბოლომდე ემსახურა ქართულ კინოს.

გოგიტა ჭყონია  მიყვებოდა: ცირკიდან გამოვედით მამა, მე და ჩემი ძმა. გზაში, მამამ  ლადო ასათიანის ლექსი წაგვიკითხა

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები

მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,

მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,

და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.


ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,

გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი...

მამა, ისე რიხით და გატაცებით კითხულობდა ლექსს, მეც მომინდა ლექსების დასწავლაო-მითხრა გოგიტა ჭყონიამ.

გოგიტამ ბევრი ლექსი იცოდა ზეპირად და ლადო ასათიანის გარდა, რომელი პოეტისთვის უნდა დაგედო ხელი, რომ მისი ლექსი არ სცოდნოდა. თვითონაც წერდა ლექსებს, წერდა ქართულად და რუსულად. ნუგზარ ნოზაძის სახელდახელოდ შექმნილ ფოტოსტუდიაში,  ფინჯან ჩაიზე და რუმკა კონიაკზე დაპატიჟებულები, თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვისმენდით მის მიერ წაკითხულ საკუთარ ლექსებს. ხალისით და არტისტულად კითხულობდა.

მრავალი პროექტი ჰქონდა ჩაფიქრებული და ჩანაფიქრებს ისე გადმოსცემდა,  უთუოდ განხორციელდებოდა გეგონა. მისი ერთ-ერთი  მოკლემეტრაჟიანი ფილმის ყურებისას დამძაბეს  ტაძრის ექსპრესიულად გადმოცემულმა ხედებმა. მეორე ნაწილმა  კი -„პროფილაკტიკაში“ მიყვანილი მანქანის ირგვლივ დაწყებულმა  ფუსფუსმა-დამამშვიდა.  თუმცა, ადამიანების ხმა  არ ისმოდა და მხოლოდ ინსტრუმენტების ხმის თანხლებით ვუცქერდით ფილმს. ამას ჰქვია: უტყვის მეტყველება და მეტყველის მდუმარება- მეთქი. მოეწონა შედარება.

„დებიუტში“ გადაღებული მისი ფილმები რეზო ესაძემ მოსკოვში ჩაიტანა. ჩვენებისას, დარბაზში  საგანგებოდ შესულა ევგენი ევტუშენკო და მაღალი შეაფსება მიუცია. ეს ამბავი თავად რეზო ესაძემ მოგვიყვა, როცა, მას, სახლში, მოულოდნელად ვესტუმრეთ მე, ნუკრი ბარამიძე და გოგიტა ჭყონია.

სიხარულით შემოგხვდნენ  ბატონი რეზო და ქალბატონი ციცი.  გევეგონა გოგიტაც  ჩვენს გვერდით იდგა, მაგრამ, რატომღაც არ სჩანდა. თურმე ტაქსის მძღოლთან გაუბია საუბარი და რომ შემოგვიერთდა გვითხრა: ტაქსის მძღოლი პოეტ მირანგულა ავსაჯანიშვილის ძმა ყოფილა და  ვისაუბრეთო.

მე და ნუკრი, ასე მოულოდნელად მიგვიყვანა გოგიტა ჭყონიამ  თავის  ოჯახში. შუაღამე იყო და იმის გამო, რომ პატარა ჭოლას ეძინა, ხმადაბლა ვსაუბრობდით. მაგრამ გოგიტამ  ვერ მოითმინა და ლექსები ხმამაღლა წაიკითხა. გარეთ გასვლა და სართულის  კიბის უჯრედზე დადგომა შევთავაზე. გავედით. გოგიტა ხმამაღლა კითხულობდა ლექსებს და ყველანი, ასე ერთად,  ჩაბნელებულ თბილისს ვუცქერდით.

ცოტა ხანში,  გამოვემშვიდობეთ გოგიტა ჭყონიას  და მე და ნუკრი ბარამიძე,  დოლიძის ქუჩით, „პეკინისკენ“  დავეშვით. აქ, მირანგულა ავსაჯანიშვილის ერთი სტროფი მახსენდება:   

გათეთრდა მთვარე, გათეთრდა სისხლი,

ალიონს გაჰყვა გმინვა ღამისა...

მალხაზ კოხრეიძე

 


Комментариев нет:

Отправить комментарий