გამორჩეული ქართული წარმართული
ღვთაებებია მზე და მთვარე და ყოფაშიც
ხშირად გვხვდებიან შესაბამისი სიმბოლოები.
თუ ბერძნებში, რომაელებში, ფინიკიელებში,
ეგვიპტელებში, არაბებში, ებრაელებში მდედრი მთვარეა, ქართველებში მზეა მდედრი,
ხოლო მთვარე, ისე როგორც ასურელებში და ქანაანელებში-მამრია. ამასთან დაკავშირებით
ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა:„ რომ ქართველების
შეხედულებით მთვარე მამაკაცია, ხოლო მზე ქალია, იმითაც მტკიცდება, რომ ყველა
საკუთარი სახელები, რომლებშიაც მზეა ჩართული, უეჭველად განსაკუთრებით ქალების
სახელია, მაგალითად, ფშაველებისა და ხევსურების ქალური სახელები: მზია, გულთამზე,
მზევინარი, მზექალა.“
ქალი ვარ, მქვიან ქალთამზე,
ქალური ვიცი ლხინია,
ვაჟკაცსა ვეძებ, რას დავდევ,
პეტრე ჰქვიან თუ ნინია.
მზეს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, როგორც
ქართულ ხელოვნებაში, ისე ლიტერატურაში და
განსაკუთრებით ხალხურ პოეზიაში. მაგალითად,
მზე რომ მდედრია შემდეგ ხალხურ სტროფებიდანაც სჩანს: " ნათელმა
მთვარემა ბრძანა: „ბევრით მე ვჯობივარ მზესა!“ დაჯდა დასწერა წიგნები, ზენა ქარი
მიართმევსა, მზეს რომ კაცი მოუვიდა, მზე ძალიან გაჯავრდესა: „მე და ვარ და ის ძმა
არის, რად ვძულდებით ერთმანეთსა?!“ „ ცაზე მზე დაბნელებულა, მთვარე აყრიდა
შაქარსა, მთვარე ნუ აყრი შაქარსა, არავინ მოგცემს მაგ ქალსა,“ „მზე დაწვა და
მთვარე შობა, მზევ შინ შემოდიო.“ „მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაა ჩემი,
სხვადასხვა ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი“
და ა.შ. ბოლო ლექსის მეგრული ორიგინალი ასე იკითხება:
ბჟა დია ჩქიმი
თუთა მუმა ჩქიმი
ხვიჩა ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი.
ცნობილია, რომ სვანური „ლილე“ და „ბარბოლ დოლაში“ მზის პერსონიფიცირებული ღვთაებებია და სვანებმა
ამ ღვთაებებს საგალობლები მიუძღვნეს.
„ლილე“ ასე იწყება:
დიდება შენდა, დიდო ღმერთო!
დიდება შენდა, ზეციერო!
ოქროსი გიდგას სრა-სასახლე.
ზღუდე გივლია ოქროვანი.
„ბარბოლ დოლაში“ ასე იწყება:
შეგვეწიე, ბარბოლ დოლაშ,
სამსხვერპლოზე ძღვენი მოგვაქვს,
ხილვა გვინდა შენი სახის,
შენი ტვირთის ზიდვა გვინდა.
რადგან მზე ღვთაება იყო, საგალობლებს უძღვნიდნენ,
შესაწირავს სწირავდნენ და დახმარებასაც სთხოვდნენ:
მზეო, მზეო გამოდი,
ჩვენს ერდოში ჩამოდი,
მიანათე ბაკებსა,
ცხვარს დაგიკლავ მაკესა.
ჰოდა, სჩადის მზეც სასწაულებს:
მზე ჩაღმა ჩამავალია,
ჩავა ჩაჯდება ბუდესა,
ოქროსი კვერცხი დაუდევს,
ჭუჭული მარგალიტისა.
ასე და ამგვარად იბადებოდნენ მაგიური სტროფები. იოსებ მეგრელიძე წერდა:
„ენისა და აზროვნების მაგიზმის გამო ადამიანმა უსულო საგნებიც კი სულიერად წარმოიდგინა
(ანიმიზმი), ირწმუნა მათზე სიტყვიერი ზემოქმედების შესაძლებლობაც.“
მზე სილამაზის სიმბოლო ხდება და სასიყვარულო ლექსებშიც ჩნდება.
სიცილი ელვას მიგიგავს, როდესაც
გაგეცინება,
სილამაზითა მზეს ჰგავხარ, დილით
რომ მოეფინება.
ან:
შენ მოხველ-მზეც ამოვიდა, მეც აქ
მოვშავდი ქოლვილი,
შენ წახვალ-მზეცა წავალის,
ვარდიც დაჭკნება, ყოილი.
ნიკო ჭავჭავაძე ამბობდა: „ბუნების სილამაზის
დანახვას კულტურული თვალი სჭირდებაო“ და როცა ქართველი პოეტი ქალების ლექსებს
ვკითხულობ, მგონია, რომ მზეს ისინი სწორედ
ასეთ თვალით უყურებენ.
ანა კალანდაძემ ერთგან ოკიეანით მზის ამოსვლას ასე გადმოგვცა:
მზე ოკიეანით ამოვა მძიმედ,
გაბრწყინდებიან
შორეული ზღაპრული მთები...
თავს მოვიკაზმავ
სირაქლემას ლამაზი ფრთებით,
ყელზე შევიბამ ბრჭყვიალა მძივებს...
მეორეგან
მზის ამოსვლას მთების თავზე ანა ასე წარმოგვიდგენს:
მზე ჩამოხედავს შუაფხოს,
გაიღვიძებენ სერები,
არაგვზე იბალახებენ
ლურჯყაჯრიანი ცხენები...
ანა კალანდაძის მზე მედიდური მზეა და პოეტის
ყველა სტროფში ამას ვგრძნობ:„ვაღმერთებ მზესა, ვანათებ ცეცხლსა და ვწირავ
მსხვერპლსა... გრძნეულ ურარტუს ეფინება რძისფერი კვამლი...“ „როდესაც მზეი თბილი
სხივით მინდვრებს შემოსავს და ცვარნაპკური შეირხევა მთაზე მოცხარი, ნინოს ნათელი
დაადგება საქართველოსა, ქვაბში ჩურჩულით გადაიწერს პიჯვარს მოძღვარი...“ „მზე და
მიმწუხრნი ჩრდილებს მიჰფენენ, დაუღალავად ასე იფრენენ და დიდებულსა მზესა
აქებენ...“ „ირგვლივ მზის ნათელი
დასდგომია მთებსა, ცაში გაფრენილან ნისლიანი მთები... მზეი შენით მზეობს, მზედ
ენთები, ზეობ, გვირგვინს ირქმევ მზისებრ...“ „მუხლებს მოვიყრი ნაწარმართევი (რაღაც
უნებურ იღვიძებს ჩემში), როს ავა ცაზე მზის აღმართებით და მზის ოქროსფერ, დიდ
სალოცველში კოცონს დააგზნებს ქურუმი ცისა...“ და სხვა.
საოცრად პოეტურია მედეა კახიძის მზე.
ყოველდღე რომ არ გავშალო
ხელისგულზე
მზის სხივები-
დოლის პურის მარცვლებივით,
ვიცი ისევ მარტოობა შემიგულებს,
გადავჭკნები,
როგორც ველი გაცელილი.
ან:
მზე მზესუმზირის
ქუდი ფარფარა
მოაქვს და აღმართს
ფეხით გადმოდის,
ხანდახან მწვერვალს
ნისლი დაფარავს,
მაგრამ მუხლს იხრის
თითქმის არცროდის.
ნაზი კილასონიას თავის ლექსებში, თითქოს ხალხური
შემოქმედებიდან გადმოჰყავს მზე.
მზე შინ და გარეთა,
მზეში თეთრი ნისლები,
და ბავშვობის კარებთან
სველი კიპაროსები.
ან:
ბჟაშხავ,
დღეს სხვანაირად ამოდის მზე.
დღეს რაღაც დიდი ვარ: ვერავინ
მძლევს.
დავტოვებ ლელიანს, ღამეს რომ
ვათევ,
ლელები მღერიან და მღერის
მართვე.
დოდო გვიშიანის არაერთი ლექსი აუმღერებიათ და თუ
დავაკვირდებით მზე მისი პოეზიის მთავარი სიმბოლოა. „თუმცა ვიცი მზეო, ჩემს
განსაცდელს ვერ ამაცილებ, მაგრამ გთხოვ მაინც, ბოლო გზაზე შენ გამაცილე.“ „მზეო
რომელიც იღვიძებ კვირტში,ცოცხლდები რტოზე, მწიფდები ხილში“ „გადაეფინა დილის შუქი
შიშველ ქარაფებს, ზეცის სარკეში თმას ივარცხნის ოქროს ქალღმერთი“ „მზე წითელი
თაკარა, ზღვა ლურჯი და გრილი, ნაკადული ანკარა, ლელიანის ჩრდილი“ „მზე ამოვიდა და
ნაკაწრები ამომიკემსა ოქროს სხივებით“ „მზე მთებსა და მინდორ-ველებს ოქროს ფუნჯით
ხატავს“ „მზე -მაღალ ჭერზე ოქროს კანდელი, სიცილ-კისკისი და ჟრუანტელი...“ „თესლმა
დალია წვიმის წვეთები და მოემზადა მზის შესახვედრად“ „და გადაქსელილს თაკარა მზის მწველი
სხივებით სულს გიგრილებენ გვიმრის მწვანე მარაოები...“ „შემოიჭრება დილის შუქი
სიბნელის ტყეში და ნაზად წაშლის მზის ოქროს ფუნჯი გუშინდელ სევდას...“
დოდო გვიშიანის ლექსებიდან გამოირჩევა „მზე“ და „მზის
საგალობელი“
„მზე“
ბრუნავს ეთერში ცის ამორძალი
და როგორც გაზრდილს ერთგული
ძიძა,
თვალს არ აშორებს ცისფერ
პლანეტას,
ოქროს აღვირით უჭირავს მიწა.
„მზის საგალობელი“
მზეო ამოდი!
მომანიჭე სუფევის შვება.
დამალევინე ოქროს სურით დილის
სინათლე
და თბილი ფუნჯით ჩამორეცხე ღამის
ბურანი.
თავისებურად მომხიბვლელია მზე ლია სტურას
ვერლიბრში.
მზის წაფერდებისას
და ოთახებში შემოსვლისას,
რამდენიმე კუნჭული რჩება
ხელუხლებლად ჩაბნელებული,
ოქროსფერი აბლაბუდა იცავს მათ
კდემას
(ეს ხანდახან, ელექტრონის შუქზე
გამოჩნდება ხოლმე)
ასეთ კუნჭულს ჩასძახებენ
საიდუნლოს,
როგორც ორმოს
და სუფრიდან გადაფერთხილ
ნამცეცებს დააყრიან.
ან:
ვარდისფერი და მშვენიერი...
გაოგნებული ჭუპრი დუმს,
მხოლოდ მზე,
ანესტეზიის ფილტრში გაწურული
უსისხლო მზე
ოდნავ ბჟუტავს
ლამის ცამდე ავარდნილ, ჭერში...
ნათია ნემსაძის თითოეული ლექსი მზის სხივებით არის ნაქსოვი. მზე ხომ მისი პოეზიის თვალშისაცემი ატრიბუტია.
„ვაგრძელებ სრბოლას, სადაც დღეს მზე სცრის“ „აღარ მშორდება მზის ანარეკლი მსუბუქ საკიდზე“ „ზევით შიშია მეჩხერი... მზის შორიახლო ვთბები“„ ბევრი ილაპარაკე... არ დაელოდო, მზის ჩაქრობას ფერად ფინჯანზე“ „ოდესღაც ლაღი გრძნობა კი ითბობს გათოშილ ხელებს, მზის საკოცნელად“. და ა.შ.
ამ მხრივ ნათია ნემსაძის გამორჩეული სტროფებია:
ფიჭვნარი ამაყად მზეს ეალერსება,
ლამაზად ბერდება ნატიფი ტირიფი.
ახლადგაღვიძებულს ნიავი ბეზრდება
და გასეირნებას ლამობს ცის
ბილიკი.
ან:
მე ვყვები მზეს , მივყვები ფერს,
ვუსმენ სურნელებს,
ვიხურავ ზღვას, ვიკერავ ცას,
ვხუჭავ სურვილებს,
შევხედავ
ჰანგს, დავკეტავ ჩანგს,მოვრთავ სულ მე ლექსს,
ავიტან
დროს, შევურევ ბრბოს, ვიღებ ანარეკლს,
მე
ვმართავ მას, რაც ხშირად გვკლავს-ფიქრებს გასაშლელს.
მალხაზ
კოხრეიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий