вторник, 18 декабря 2018 г.


ყვარელში, ალექსანდრე მარჯანიშვილის და  ელისაბედ ჭავჭავაძის ოჯახში გამართულ თეატრალურ წარმოდგენებში არა მარტო მათი შვილები- კოტე, ლადო, სოფიო და ნინო მონაწილეობდნენ, არამედ სხვა  ახალგაზრდებიც.
კოტე მარჯანიშვილი სიცოცხლის ბოლომდე თეტრთან იყო დაკავშირებული, ხოლო ლადო მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობის შესახებ ბევრმა არ იცის.
ლადო მარჯანიშვილის მიერაა ჩამოყალიბებული ფოთის საბავშვო თეატრი. მის მიერ შერჩეული ნორჩები და უფროსკლასელები  წარმატებით  თამაშობდნენ  ლადო მარჯანიშვილის და ლიდია ანტიპოვას მიერ განხორციელებულ დადგმებში- „მხიარული თოჯინები,“  „ჩექმებიანი კატა“, „ტყის ზღაპარი“,“ამურის შურისძიება“,“ივანოვი პაველი“  და სხვა.
მალე რუსულ დასის გვერდით შეიქმნა ქართული დასიც. დასმა განახორციელა ი გედევანიშვილის „სინათლე“, დ.ჭონქაძის „სურამის ციხე,“  მოლიერის „ძუნწი“.  დასში პირველად თავიანთი ნიჭი გამოავლინეს  მსახიობმა  გიორგი საღარაძემ და მუსიკოსმა  პავლე ხუჭუამ. მაშინ პავლე ხუჭუამ  „ნეაპოლური ორკესტრი“ შექმნა და წარმოდგენების მუსიკლურად გაფორმებას შეუდგა.
ლადო მარჯანიშვილს ოდესის საზღვაო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და ფოთის ნავსადგურის  მთავარ ლოცმანობას საბავშვო თეატრის რეჟისორობას უთავსებდა. მის განკარგულებებს ბერძნულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ, რუსულ, ფრანგულ ენებზე,  გემების ეკიპაჟები უსიტყვოდ ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ თეატრის საქმეში, კერძოდ, სცენის გაფორმებასა და განათებაში,  მას  ეხმარებოდნენ  მთავარი ლოცმანის  თანაშემწეები- ანატოლი კონსტანტინოვი და ნიკოლაი ანდრონიკოვი.
ლადო მარჯანიშვილის გარდაცვალებიდან 36 წლის შემდეგ, მიხეილ მამულაშვილმა გამოაქვეყნა დოკუმენტური მოთხრობა „ქართველი რობინზონი“. მოთხრობის მიხედვით, ფოთში მცხოვრები ლადო მარჯანიშვილი თბილისში მიხეილ მამულაშვილს დაკავშირებია და თავისი თავგადასავალი მოუყოლია.
როგორც მიხეილ მამულაშვილი  წერდა: ლადო მარჯანიშვილი რუსეთის ფლოტის საკაპტაჟო გემზე კაპიტნად მუშაობდა, როცა გემი წყნარ ოკიანეში დაზიანდა და კაპიტანი ტალღებმა ერთ  კუნძულზე გარიყეს.
კუნძულზე კაპიტანს, უცნობი ხის ნაყოფით და ანკარა წყლით დაუკმაყოფილებია თავი და იქვე ჩასძინებია. გამოღვიძებულს თავზე ორი ველური დადგომია და მათ, ის თანატომელებთან წაუყვანიათ.
ქართველი მეზღვაური კუნძულის მკვიდრი გამხდარა. გაეზარდა წვერი და წელს ქვევით ფოთლებით შემოსილა. როგორც სხვები, ისიც  ნადირობით და თევზაობით ირჩენდა თავს და დრო და დრო ბაყაყის, კუს და გველის ხორცითაც იკვებებოდა.
ლადო მარჯანიშვილმა კუნძულზე ცოლიც მოუყვანია და შვილებისთვის  თამრიკო და ტარიელი დაურქმევია. საბოლოოდ, მას ცოლშვილი კუნძულზე დაუტოვებია და თვითონ ინგლისური გემის საშუალებით ევროპაში დაბრუნებულა.
ეჭვგარეშეა ის, რომ  ვოლგაზე,  სამდინარო ხომალდის კაპიტნის თანაშემწე ლადო მარჯანიშვილმა  თავისი მომავალი მეუღლე რუსეთში გაიცნო და ნიჟნინოვგოროდში შვილები  შეეძინა.
ლადო მარჯანიშვილი ცოლშვილთან ერთად ჩავიდა ფოთში და წლების განმავლობაში ამ ქალაქში ცხოვრობდა და შრომობდა. ის,იქ, ნიკო ნიკოლაძის შემდეგ, ყველაზე პოპულარულ ადამიანად მიაჩნდათ. მან  აღზარდა  ქართველი გემის  კაპიტნები  და  ფოთელებს თავი პროფესიონალ, დისციპლინირებულ, ალკოჰოლური  სასმელების არმოყვარულ ადამიანად დაამახსოვრა.
ალკოჰოლური სასმელების მოყვარული ყოფილა ანრდია მიქაბერიძე. ერთხელ ის ფრანგ მეზღვაურებთან ნაქეიფარი,  უფულობის გამო, მარსელიდან სახლში ვერ დაბრუნებულა  და იმ გემზე მოწყობილა, რომელსაც მაროკოდან და ალჟირიდან კეთროვანები გადაჰყავდა ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულზე.  
მალე, ანდრია მიქაბერიძე  ტანკერზე გადავიდა სამუშაოდ და მოგზაურობისას ერთ-ერთი კუნძულით მოხიბლულმა, იმ კუნძულზე დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ ამხანაგებმა განზრახვა არ მოუწონეს და გემზე დააბრუნეს.
ანდრია მიქაბერიძეს მეზღვაურებს შორის ბევრი მეგობარ ჰყავდა და გულუხვადაც უმასპინძლდებოდა მათ. გემის ხელმძღვანელობას არ მოსწონდა მისი ასეთი ხელგაშლილობა და ის სტამბოლში, რესტორანში ქეიფობისას  სუფრაზე ჩაძინებული მიატოვეს.
გამოფხიზლებულმა ანდრიამ ჯიბეში წერილი იპოვა. მეზღვაურები წერდნენ, რომ ფული დაუტოვეს და ამ ფულით სამშობლოში დაბრუნებას ურჩევდნენ. 
იმერეთში დაბრუნებული ანდრია მიქაბერიძე აღათი ლორიაზე დაქორწინდა და  სოფელ სიმონეთში დასახლდა. ანდრიამ სახლი ევროპულ ყაიდაზე მოაწყო და კაბერნეს ჯიშის ვაზიც მოაშენა. ფრანგულად საუბრის სურვილი რომ შემოაწვებოდა, მეუღლეს სუფრას გააშლევინებდა, თეფშებს და ჭიქებს დააწყობინებდა და ასე, თეფშებისკენ და ჭიქებისკენ მომზირალი, ხან ჟანს ესაუბრებოდა და ხან- გასტონს თურმე.
აღათი ლორიამ ქმარი მიატოვა და ყოფილ მოჯამაგირეს-ონისიმე დოღონაძეს გაჰყვა ცოლად. სიმონეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ონისიმე დოღონაძე კოლმეურნეობის ერთ-ერთმა წევრმა ნაჯახით დაჭრა და ჭრილობის გართულების შედეგად გარდაიცვალა. 
ღრმათ მოხუცებული გარდაიცვალა აღათი ლორია. მისი სახე კინოფირმა შემოინახა. აღათი  ლორია დავით კლდიაშვილის მთაწმიდაზე დაკრძალვის დროს, დავითის მეუღლის გვერდით დგას.
ანდრიას და აღათის ვაჟიშვილებიდან უფროსი ვილჰელმი გერმანიასთან ომში დაიღუპა. მეორე კი, ამერიკაში გაიქცა და გემზე მოეწყო. 
ანდრია მიქაბერიძე საბოლოოდ დედის მისახედი გამხდარა. ის სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა, რომ კუნძულზე რომელზედაც დარჩენა უნდოდა-არ დარჩა.
ანდრია მიქაბერიძე ექიმ კონსტანტინე მიქაბერიძის ძმა იყო. კონსტანტინე მიქაბერიძე მას შემდეგ,  რაც ნიკო ნიკოლაძე  ფოთის თავად აირჩიეს,  ფოთის სამხედრო ჰოსპიტლის უფროს ექიმად მუშაობდა და ამასთანავე ქალაქის სათათბიროს წევრიც იყო.
მალხაზ კოხრეიძე  


Комментариев нет:

Отправить комментарий