1937 წელს ეზრა ფინინბერგის მიერ თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მოსკოვში გამომცემლობა „ემესმა“ გამოსცა.“ მანამდე, პოემის თარგმნა ისრაელში
ემიგრირებულმა პოეტმა ალექსანდრ პენმაც დააპირა, თუმცა ვერ მოახერხა და შემდეგ „ვეფხისტყაოსნი“ თელ-ავივის ყოფილმა მერმა დავით გოფშტეინმა თარგმნა.
1969 წელს თელ-ავივში ქუთაისის
ავტოქარხნის გაზეთის თანამშრომლის- ბორის გაპონოვის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“
გამოვიდა. წიგნის რედაქტორი იყო პოეტი აბრამ შლიონსკი. აბრამ შლიონსკი აღნიშნავდა:
„ხანდახან ჰგონია, რომ წინ გიდევს ებრაული ხელნაწერი, რომელიც თითქოსდა აღმოეჩინოთ
რომელიმე განძთსაცავში.“
ბორის გაპონოვს, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისთვის, შაულ
ჩერნიხოვსკის პრემია და ისრაელის
პრეზიდენტის პრემია მიენიჭა.
1960 წლის შემოდგომაზე, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ, შოთა რუსთაველის სურათის მისაკვლევად და რუსთაველის სავარაუდო საფლავის შესასწავლად, იერუსალიმში აკადემიკოსები ირაკლი აბაშიძე, აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი მიავლინა. ირაკლი აბაშიძე წერდა: „ეს ისტორია 1960 წლის ზაფხულის დასაწყისიდან მოდის, როცა ამ დიდი საქმის თაობაზე პირველად გავფრინდი მოსკოვს საბჭოთა კავშირის უმაღლეს ორგანოებში სათანადო ნებართვა-დასტურის გამოსათხოვად... ღრმა მადლობა მინდა მოვახსენო ამხანაგ ვასილ მჟავანაძეს, რომელმაც ეს საქმე თავიდანვე მხურვალედ მიიტანა გულთან და თავისი შუამდგომლობით წარმადგინა საბჭოთა კავშირის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების წინაშე.“
საქართველოს დელეგაციას, ლოდის აეროპორტში, საბჭოთა კავშირის კონსული ისრაელში გრიგორი კაპუსტინი და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი პალესტინაში არმანდ ვოლკოვი დახვდნენ. დელეგაციას ასევე ელოდებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პალესტინის მისია არქიმანდიტრ ავგუსტინეს ხელმძღვანელობით. ქართველ მკვლევარებს წაღებული ჰქონდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ეფრემ მეორეს პირადი წერილი მიწერილი პალესტინაში ბერძნების მართლმადიდებლური ეკლესიის მამამთავრის, იერუსალიმის პატრიარქის- ბენედიქტე მეორისადმი.
ჯვრის მონასტერი იერუსალიმში იმ ადგილზეა აშენებული, სადაც იესო ქრისტეს ჯვრის ხე მოჭრეს. თავის დროზე, ეს ადგილი ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ უბოძა მეფე მირიანს, რომელმაც ადგილზე ტაძარი ააშენა. ტაძარი ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს გაფართოვდა.
მტრების მიერ არაერთხელ დანგრეული ჯვრის მონასტერი მეთერთმეტე საუკუნეში ბაგრატ მეოთხემ აღადგინა. თუმცა მისი, როგორც ქრისტიანული სამლოცველოს და კულტურის ცენტრის შენარჩუნება მხოლოდ მეცამეტე საუკუნემდე მოხერხდა, რადგან, ეგვიპტის სულთანმა მალეხან--ნასერ ბენ ხალუინმა ქართველი ბერები მონასტრიდან გააძევა და მონასტერი მეჩეთად გადააკეთა. მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში ქართველები და კონსტანტინეპოლელები სულთანთან ჩავიდნენ და მონასტრის დაბრუნება მოსთხოვეს.
მეთექვსმეტე საუკუნიდან ჩანს, რომ მონასტერი ისევ ქრისტიანების ხელშია, ოღონდ ქართველების გარდა, იქ ბერძენი, სომეხი და სხვა ეროვნების ბერებიც ცხოვრობენ და ლოცულობენ. იქვე, კათოლიკებსაც ჰქონიათ თავიანთი საკურთხეველი.
მეჩვიდმეტე საუკუნეში ქართველებს ოსმალების მიერ დაწესებული გადასახადების გადახდა გაუჭირდათ და მონასტერი ერთმორწმუნე ბერძნებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გადასცეს. თუმცა ქართველი ბერები არსად წასულან.
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ბერძნებმა მთავარი ტაძარი მოქმედი დატოვეს, ხოლო მონასტრის დანარჩენი ნაწილი - საგულდაგულოდ ჩაკეტეს.
როგორც ჩანს, იერუსალიმის საპატრიარქო ჯეროვნად მაინც ვერ უფრთხილდებოდა მონასტერს, რაც, 1948 წლიდან, იქ განთავსებული ისრაელელი ჯარისკაცების მიერ სენაკების კედლების დაზიანებით დასტურდება. ისრაელელი ჯარისკაცები 1960-იანი წლების დასაწყისშიც იმყოფებოდნენ მონასტერში და იქ, სამხედრო მოსამსახურე მანდილოსნების წრთვნებს ატარებდნენ.
იერუსალიმში ჩასულმა ქართველმა მკვლევარებმა რაც მოასწრეს, ეს მონასტერში არსებული შოთა რუსთაველის გადაღებილი ფრესკის აღდგენა და ფოტოგრაფირება იყო.
აკაკი შანიძემ ფოტოგრაფირებაში დახმარება ისრელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, მკვლევარ იგალ იადინს სთხოვა. იგალ იადინს მნიშვნელოვანი წვლილი მიძღოდა ყუმრანის ხელნაწერების აღდგენა-დალაგების საქმეში და მაშინ ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგიის დოცენტად მუშაობდა.
იგალ იადინი და ყუმრანის ხელნაწერების აღდგენაზე მომუშავე სპეციალისტი ბიბერ-კრაუტი ფოტოგრაფირებაში იმ შემთხვევაში გაუწევდნენ დახმარებას ქართველებს, თუ ისინი ნაწილობრივ მაინც გაასუფთავებდნენ ფრესკას გადაფარებული საღებავისგან. შემდეგ ბიბერ-კრაუტმა იერუსალიმის პატრიარქის-ბენედიქტეს ნებართვის დაგვიანების თუ სხვა მიზეზების გამო, სამუშაოს შესრულებას თავი აარიდა.
ქართველებმა თვითნებურად რუსთაველის ფრესკას გადაფარებული საღებავი მოაშორეს და სხვა სპეციალისტის ძებნას შეუდგნენ. შოთა რუსთაველის ფრესკა ფოტოგრაფმა ალფრედ ბერნხაიმმა დაათვალიერა და ფოტოგრაფირებისთვის ფრესკის საღებავისგან მაქსიმალურად გასუფთავება მოითხოვა. გიორგი წერეთელი და ირაკლი აბაშიძე ფრესკაზე გადაფარებული შავ საღებავის წაშლას სველ ტილოთი შეეცადნენ. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სპეციალური საშუალებებით აღიჭურვილები საქმეს უფრო მონდომებით შეუდგნენ. რუსთაველის ფრესკა საღებავისგან თანდათან გასუფთავდა.
არმანდ ვოლკოვი საკუთარი ავტომობილით ბერნხაიმთან გაემგზავრა, მაგრამ ფოტოგრაფი ადგილზე არ დახვდა და ბერნხაიმი მეორე დღეს გიორგი წერეთელმა მიიყვანა ჯვრის მონასტერში.
ისრაელელმა სპეციალისტმა ფოტოსურათები გადაიღო და რუსთაველის ფრესკის შავ-თეთრი პოზიტივები თავის ლაბორატორიაში დაამზადა, ხოლო ფერადი ნეგატივები ქართველ მკვლევარებს შემდგომი დამუშავებისთვის საქართველოში გამოატანა. საქართველოში გამოაგზავნეს ვოლკოვის ფოტოგრაფის-ბორის კორშის მიერ გადაღებული ჯვრის მონასტრის სხვა ფრესკებიც.
აღსანიშნავია, რომ 1883 წელს რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ალექსანდრე ცაგარელმა, ხოლო 1900 წელს - დეკანოზმა პეტრე კენჭოშვილმა ნახა, მაგრამ შემდეგ ნიკო მარმა ფრესკას ვეღარ მიაგნო.
ჟურნალ „ საბჭოთა ხელოვნებაში“ 1958 წელს და 1960 წელს გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის პორტრეტები.1958 წელს გამოქვეყნებული რუსთაველის პორტრეტი 1845 წელს ნიკოლოზ ჩუბინიშვილის მიერ ფანქრით გადმოხატული პორტრეტის საღებავებით გაფორმებული ვარიანტი იყო, ხოლო 1960 წელს გამოქვეყნებული ფოტოსურათი- ისრელელი ფოტოგრაფის ალფრედ ბერნხაიმის ნამუშევარი გახლდათ.
1966 წლის მარტში დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ისრაელში საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი გურამ პატარაია, კინოოპერატორი გივი მელქაძე და მწერალი ილია რურუა ჩავიდნენ.საქართველოს ტელევიზიის შემოქმედებითმა ჯგუფმა საქმეს წარმატებით გაართვა თავი და რეჟისორ გურამ პატარაიას ფილმებისთვის „ პალესტინის სიძველეთა საიდუმლოება “ და „ რუსთაველის ნაკვალევზე “ რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.
მალხაზ კოხრეიძე
მალხაზ კოხრეიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий