суббота, 24 ноября 2018 г.


1950-იანი წლების ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში, რომელიც მეთერთმეტე კალასის მოსწავლეებისთვის შეადგინეს შ.რადიანმა და პ.კეკელიძემ, სხვა ქართველ მწერლების ბიოგრაფიებთან და ნაწარმოებებთან  ერთად  ( შალვა დადიანი, სანდრო შანშიაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, ლეო ქიაჩელი, ალექსანდრე აბაშელი, გიორგი ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, ილო მოსაშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე) ალექსანდრე ჭეიშვილის ბიოგრაფია და ნაწარმოებიც შეიტანეს.

ალექსანდრე ჭეიშვილი  მრავალი მოთხრობის და ნარკვევის ავტორია.  მისი ბიოგრაფიის მიხედვით  თუ ვიმსჯელებთ, ის   აქტიური პიროვნება  ჩანს და მთავრობა მისთვის ჯილდოებსაც არ იშურებს.   ალექსანდრე ჭეიშვილს რომანისთვის „ლელო“ სტალინური პრემია მიანიჭეს.

მწერალი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში  1930-იანი წლების  გერმანიას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ  გერმანიის ერთ-ერთ ზოოპარკში, ცხოველების და ფრინველების გალიების გვერდით, აფრიკიდან ჩამოყვანილი ადამიანები ჰყავთ მოთავსებული და ამით ერთობიან  მნახველები. „ეს უბედურები მღეროდნენ თავიანთ სიმღერებს, მაგრამ მათი სიმღერები ჟღერდნენ როგორც მონების კვნესა-გოდება“-წერდა  ალექსანდრე ჭეიშვილი.

გავიდა დრო და სწორედ გერმანია გახდა მწერლის თავშესაფარი.

1961 წლის ზაფხულამდე,  ბერლინის დასავლეთი და აღმოსავლეთი  ნაწილი კედლით არ იყო გამიჯნული და საზღვარი ქუჩებს და სახლებს შორის გადიოდა. ამ ადგილებში,  სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მოქმედებდა. თუმცა, ცალკეული პირები ახერხებდნენ არალეგალური გასასვლელებით ესარგებლათ და  დასავლეთ ბერლინში გადადიოდნენ. ასე მოიქცა ალექსანდრე ჭეიშვილიც- ის  აღმოსავლეთ ბერლინიდან  დასავლეთ ბერლინში გაიპარა.

საბჭოთა მწერლის დასავლეთ ბერლინში გადასვლის ამბავი დასავლეთ გერმანიის რადიომ მყისიერად აუწყა მსმენელებს.

გერმანიაში ალექსანდრე ჭეიშვილმა თავის რომანს სახელი შეუცვალა და "ლელოს" ნაცვლად "ჩაის ყვავილი" უწოდა. "ჩაის ყვავილის" გამოცემას ის ფიშერის გამომცემლობაში აპირებდა, მაგრამ არ გამოუცეს. მართალია, ჰესენის რადიომ მისი რომანის რამდენიმე ნაწყვეტი და ანეგდოტები გააცნო მსმენელებს.

მწერლობით მიღებული ჰონორარი თავის სარჩენად არ ჰყოფნიდა, ამიტომ მან მაინის ფრანკფურტში ბეწვეულის სავაჭრო გახსნა,  შეძლებული ქართველებიც დაეხმარნენ და ასე დაიმკვიდრა თავი გერმანიაში. ერთხელ,  ექიმ გიორგი კორძახიასთვის უთქვამს- გერმანიის პოლიცია გამუდმებით მითვალთვალებსო.

მწერალი ავთანდილ ნიკოლეიშვილი გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში ალექსანდრე ჭეიშვილის წერილებს გაეცნო და აღმოაჩინა, რომ დასავლეთ გერმანიაში მყოფი ალექსანდრე ჭეიშვილი საქართველოში თავის ოჯახს  სწერდა, რომ თუ რაიმე პრობლემა შეექმნებოდათ,  საქართველოს მწერალთა კავშირში ირაკლი აბაშიძეს, ხოლო საქართველოს  ცენტრალურ კომიტეტში- მდივან  ისიდორე დილიძეს და  პირველ მდივან ვასილ მჟავანაძეს დაკავშირებოდნენ. ამათი იმედი ჰქონია.  მწერალს  სჯეროდა,  რომ ხელისუფლება, რომელმაც ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაცია მოახდინა, მის ოჯახსაც დაეხმარებოდა.

საქართველოს მწერალთა კავშირის წესდებას ვერავინ დაარღვევდა და ალექსანდრე ჭეიშვილი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს და მისი ბიოგრაფია და რომანი  ქართული  ლიტერატურის  სახელმძღვანელოდანაც  ამოიღეს.

ალექსანდრე ჭეიშვილი 1962 წელს გერმანიაში გარდაიცვალა. მისი  „რჩეულის,“ პირველი ტომი 1957 წელს გამოვიდა, ხოლო გამოსაცემად გამზადებული მეორე ტომი დავიწყებას მიეცა.
მალზახ კოხრეიძე



четверг, 22 ноября 2018 г.


1960 წელს საბჭოთა ლიტერატურის და ხელოვნების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები მწერალი აკაკი ბელიაშვილი, კინორეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი და კინოოპერატორი ფელიქს ვისოცკი.

ნიუ-იორკში, ქართველები მოჭიდავე ნიკოლოზ ქვარიანს დაუკავშირდნენ და სასტუმრო „შოტლანდიაში“ შეხვდნენ. თავის მხრივ  ნიკოლოზ  ქვარიანმა  გიორგი პაპაშვილს დაურეკა პენსილვანიაში  და სასტუმროში მიიწვია. იმ დროს, ქართულ ჟურნალ-გაზეთებში  გამოაქვეყნებული იყო გიორგი და ელენე  პაპაშვილების რომანის „ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ცალკეული თავები.  რომანი ანდუყაფარ ჭეიშვილმა თარგმნა.

პენსილვანიიდან ნიუ-იორკში ჩასულმა გიორგი პაპაშვილმა აკაკი ბელიაშვილს უთხრა: „ მე რისი მწერალი ვარ, ჩემი ცოლი სწერამს, მე ვუამბობ ხოლმე და ეგაა მწერალი, მე კი არა. მწერალი კი არა და კითხვაც კი მიჭირს, ამას წინათ ჟურნალი „დროშა“ მომიტანეს, ვეღარა ვკითხულობ, დავიწყებ ასო-ასო, სანამ სიტყვას ბოლომდე ჩავალ, თავში რომელი ასოც ამოვიკითხე, უკვე მავიწყდება.“

ცოლ-ქმარმა პაპაშვილებმა ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს ქართულ ფოლკლორს. მათ გამოსცეს წიგნი სათაურით „იყო და არა იყო-რა.“ წიგნი ქართული ზღაპრების ლიტერატურულ გადამუშავებას წარმოადგენს და ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში სტალინგრადის და სევასტოპოლის დამცველებს. სხვათაშორის, გიორგი პაპაშვილმა ქართული ფოლკლორი თავის ქანდაკებებშიც გამოიყენა, რომლებსაც  საკუთარი ფერმის ახლოს მდებარე გრანიტის კლდის მასალით ქმნიდა.

სოფელ კობიანთკარში დაბადებული გიორგი პაპაშვილი პროფესიით მეუნაგირე და მელითონე იყო. როცა პირველ მსოფლიო ომში ჯარისკაცად გაიწვიეს, ის სპარსეთის ფრონტზე  იბრძოდა, სადაც ტყვედ ჩავარდა, თუმცა  სტამბოლში გაიქცევა მოახერხა და იქიდან გემით ამერიკაში გაემგზავრა.

გიორგი პაპაშვილი ამერიკაში სხვა და სხვა სამუშაოზე მუშაობდა, მაგრამ, მაშინ გაუმართლა, როცა ამერიკელი ჰელენ უაიტი შეირთო ცოლად. მან,  ჰელენის მზითევით, პენსილვანიის შტატში ფერმა შეიძინა და მიწათმოქმედებას  მიჰყო ხელი.

სწორედ, პენსილვანიაში  დაიწერა „ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ და პირველად 1938 წელს გამოიცა. 1950 წელს რომანი ამერიკის რჩეულ ნაწარმოებთა სერიაში შეიტანეს. აღნიშნული სერია შედგება ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, ჰემინგუეის, ფოლკნერის და სხვეა გამოჩენილი მწერლების ნაწარმოებებისგან.

რომანის მთარგმნელი ანდუყაფარ ჭეიშვილი წერდა: „წიგნი გამსჭვალულია თბილი, მსუბუქი იუმორით, ეს იუმორი არაა გადაქცეული თვითმიზნად, არაა დაფუძნებული ჰიპერბოლებზე და მრავალსიტყვაობაზე. მისი ფესვები ქართული იუმორის  საუკეთესო ტრადიციებშია საძიებელი. კითხულობთ ამ წიგნს და თქვენ თვალწინ იშლება ამერიკის შეერთებული შტატების შეუფერადებელი სურათები. ეს არის ქართველი გლეხის თვალით დანახული ამერიკა. ვის არ შეხვდებით წიგნის ფურცლებზე მატყუარა, გაქნილ კომისიონერებსა და მათ მიერ მოტყუებულ კლიენტებს, მოხერხებულ ბიზნესმენებს და გაფიცულ მუშებს, რასიული პროპაგანდით დამონებულ თეთრგვარდიელ ემიგრანტებს და მშვიდობიან, კეთილ ინდიელებს. ობიექტურადაა აღწერილი ამერიკული ზნე-ჩვეულებანი და ამერიკული რეალობები. ავტორი ძუნწი, მაგრამ მკვეთრი შტრიხებით გადმოგვცემს საწარმოო ძალების ნგრევის სურათს პირველი მსოფლიო კრიზისის წლებში. დაკეტილ ფაბრიკა-ქარხნებს და ალაყაფის კარებთან ატუზულ უმუშევრებს. ამავე დროს გიორგი პაპაშვილი, რომელსაც მეფის რუსეთის ნახევრად კუსტარული საწარმოების მეტი არაფერი ენახა, აღტაცებულია ამერიკის მოწინავე ტექნიკით. კარგად შეითვისა გიორგიმ ამერიკელი მუშებიც- „ ისინი მშრომელი, პატიოსანი ხალხია,-წერს იგი, განსაკუთრებით კი მათი ოპტიმიზმი და მხიარულება მომწონდა.“ გიორგი სახვადასხვა ეროვნების მუშებში ტრიალებდა და თუმცა ირგვლივ მუდამ ქართველების შემოკრებას ცდილობდა, მისთვის უცხო იყო ნაციონალური განკერძოების გრძნობა. წიგნის ბოლოს იგი ყველა ერს მშვიდობისა და ძმობისაკენ მოუწოდებს. „ჩვენ სხვადასხვა ხალხი შევიკრიბეთ ამ ქეიფზე -ქართველები, რუსები, ბერძნები, ლატვიელები, ირლანდიელები. მე მინდა თვითეული ჩვენგანის სამშობლოს სადღეგრძელო დავლიოთ. როცა ვხედავ, როგორ მეგობრულად ვსხედვართ ერთმანეთის გვერდით, სურვილი მებადება, მსოფლიოს ყველა ერმა მოგვბაძოს. მხოლოდ ამ გზით მიაღწევს კაცობრიობა ბედნიერებას.“

გიორგი პაპაშვილი,  თავის  ოჯახს ამერიკიდან პირველად 1920-იანი წლების მეორე ნახევარში დაუკავშირდა, მამას- ივანე პაპაშვილს წერილი გამოუგზავნა. 1950-იანი წლების მიწურულს ნიუ-იორკიდან დუშეთში ტელეფონით დარეკა და ოჯახის წევრებს ესაუბრა.

1961 წლის აპრილში გიორგი და ელენე პაპაშვილები საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი შეხვდნენ ანდუყაფარ ჭეიშვილს, აკაკი ბელიაშვილს. ეწვივნენ საქართველოს მწერალთა კავშირს, მხატვართა კავშირს,  სოფლად და ქალაქად შეხვდნენ ნათესავებს, მეგობრებს და მეზობლებს. ცოლ-ქმარს თბილი შეხვედრა მოუწყეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. მაშინ, საზოგადოების წინაშე სიტყვით დოცენტი გივი გაჩეჩილაძე გამოვიდა და გიორგი პაპაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრა.

შეხვედრებით კმაყოფილი გიორგი პაპაშვილი აღნიშნავდა: „ გუშინ ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, ლამაზი მხარე და ქალაქი ბევრია ქვეყანაზე, მაგრამ საქართველო კიდევ უფრო მშვენიერია იმიტომ, რომ აქ ხალხიც ლამაზია და ცხოვრებაც ლამაზად აქვთ მოწყობილიო.“ 

თავად გიორგი პაპაშვილმა გამომშვიდობებისას თქვა:"ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამშობლო, ჩემი მხარე ჩემს ამერიკელ მეუღლეს ვაჩვენე, აგრეთვე ჩვენს საუკეტესო მეგობრებს შეერტებული შტატებიდან-ქ.ნ და ბ-ნ ჩარლზმიულნბერგებს, რომლებიც თბილისში ყოფნის ბოლო კვირას შემოგვიერთდნენ.
თქვენ ბევრი, ძალიან ბევრი დიდებული რამ გაგიკეთებიათ ამ ორმოცი წლის განმავლობაში და მახარებს ის, რომ აპირებთ უფრო მეტის გაკეთებას-მეტი საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და სახალხო დაწესებულებების აგებას.
ჩემი მეუღლის, ჩემი და ჩვენი ამერიკელი მეგობრების გულწრფელი სურვილია კვლავაც ვიცხოვროთ მშვიდობიან სამყაროში ისე, რომ შეგვეძლოს ზრდა და აყვავება.
ვმედოვნებთ კვლავ ჩამოვალთ. მანამდე კი გულითადი მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ყოფნა საქართველოში სასიხარულო მოვლენად გადააქცია"
მალხაზ კოხრეიძე




вторник, 16 октября 2018 г.


1965 წლის თებერვალში  რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე რობერტ სტურუამ დადგა არტულ მილერის „სეილემის პროცესი.“ „სეილემის პროცესი“ თეატრმცოდნეებმა რობერტ სტურუას საეტაპო სპეკტაკლად აღიარეს და იმთავითვე მაღალი შეფასება მისცეს. თავად სტურუაც თვლის, რომ  „სეილემის პროცესი“ და ვიკტორ როზოვის „ვახშმობის წინ,“  მისთვის პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო რეჟისურაში.

აღსანიშნავია, რომ არტურ მილერის პიესაზე მუშაობისას, პირველად  შედგა „სამეულის“ (მხატვრები ალექსანდრ სლოვინსკი, ოლეგ ქოჩაკიძე, იური ჩიკვაიძე) და რობერტ  სტურუას თანამშრომლობა. 

იმ დროს, მარჯანიშვილის თეატრიდან რუსთაველის თეატრში ახალი გადასული იყო მსახიობი ედიშერ მაღალაშვილი და რობერტ სტურუამ სწორედ ის მიიწვია  სპეკტაკლში პროქტორის როლზე. ედიშერ მაღალაშვილმა ღირსეული პარტნიორობა გაუწია ძველ რუსთაველელებს.

რუსთაველის თეატრის „სეილემის პროცესი“ მოსკოველმა მაყურებლებმაც ნახეს და აღფრთოვანება ვერ დამალეს.  ამასთანავე რუსულმა  ჟურნალ-გაზეთებმა  არა ერთი წერილი მიუძღვნეს სპეკტაკლს და მის დამდგმელ რეჟისორს.

არტურ მილერის პიესას საფუძვლად დაედო მეჩვიდმეტე  საუკუნის მიწურულს სალემში „კუდიანების“ წინააღმდეგ  გამართული სასამართლო პროცესი. იმ დროს, ჯადოქრობისთვის, სასამართლოს განაჩენით  ცხრამეტი ადამიანი ჩამოახრჩეს, ერთი ქვებით ჩაქოლეს, ორასამდე ციხეში ჩასვეს.  მალე სასამართლომ თავისი შეცდომა აღიარა, ხოლო მას შემდეგ რაც არტურ მილერმა პიესა დაწერა, მასაჩუსეტის თანამრგობრობამ ყველა მსჯავრდებულს განაჩენი გაუუქმა.

მართალია სეილემის პროცესი მეჩვიდმეტე საუკუნეში შედგა, მაგრამ  პიესა, რომლის ორიგინალური სახელწოდებაა „სასტიკი განსაცდელი,“ დრამატურგმა  თავის თანამედროვეებს- „მაკარტიზმის“ მსხვერპლთ მიუძღვნა. ამას ისიც ემატებოდა, რომ რობერტ სტურუამ  მილერის ნააზრევს საბჭოთა კავშირში 1930-იან წლებში განხორციელებული რეპრესიების თემაც  დაუკავშირა.

არტურ მილერი რობერტ სტურუას ნამუშევრით კმაყოფილი დარჩა და მაღალი შეფასებაც მისცა.

არტურ მილერის ცხოვრება და  შემოქმედება საბჭოთა კავშირში და კერძოდ საქართველოში დიდ ინტერესს იწვევდა. მისი პიესა „კომივოაჟერის სიკვდილი“ ციალა კარბელაშვილმა თარგმნა და ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. იმავე ჟრნალში გამოქვეყნდა დრამატურგის შეხედულება ამერიკულ თეატრზე: „ლონდონის  გაზეთმა“სანდი ტაიმსმა“ გამოაქვეყნა ცნობილი ამერიკელი დრამატურგის - არტურ მილერის ინტერვიუ თანამრდროვე ამერიკული თეატრის საკითხებზე. მისი აზრით, ამერიკული თეატრი სულ  უფრო და უფრო დიდ ყურადღებას უთმობს სექსუალურ პრობლემებს და სენტიმენტალური ხდება. ამის მიზეზებს მილერი ხედავს თეატრების მიდრეკილებაში- გვერდი აუარონ სოციალურ პრობლემებს და უზრუნველყონ თეატრების შემოსავალი. კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად დასავლეთის კულტურა, მილერმა უპასუხა: „ყველაფერი ფასდება პოპულარობასა და აქედან გამომდინარე კომერციული სარგებლობიანობის თვალსაზრისით.“

1967 წელს არტურ მილერი თბილისში ჩამოვიდა და ამერიკული კულტურის და თავისი შემოქმედების  შესახებ  აღნიშნა: „უნდა ვთქვა, რომ მსოფლიო კულტურის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ახალი ტერმინებითა და გამოგონებებით  დიდი ღვაწლი მიუძღვის. ამერიკას აქვს მრავალთა შორის არა ერთი კარგი სურათი.

უწინარეს ყოვლისა, მე ამერიკელებისთვის ვწერ, ეს იმის გამოა ალბათ, რომ ყველაზე კარგად ამერიკელ მაყურებელს ვიცნობ. ჩემი პიესები იდგმება ამერიკის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების თრატრების სცენებზე. მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაშიც იცნობენ მათ.“

არტურ მილერი თბილისში მეუღლესთან-ინგა მორატ-მილერთან ერთად ჩამოვიდა. ინგა მორატი  არტურ მილერმა  მერლინ მონროსთან გაშორების შემდეგ მოიყვანა ცოლად.

ერთ დროს, ჟურნალი „მნათობი“ იუწყებოდა:  „ამერიკელი კონოვარსკვლავი მერლინ მონრო და მისი ქმარი, დრამატურგი არტურ მილერი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. ამ ამბავს ისეთი ეფექტი მოუხდენია ბროდვეიზე, თითქოს ყუმბარა აფეთქებულიყოს.

მერლინ მონრო 33 წლისაა, ხოლო არტურ მილერი 45-სა. მერლინი უკვე ორჯერ იყო გათხოვილი: 16 წლის ასაკში იგი გაყვა ჯეიმს დოგერტის, მისი მეორე ქმარი იყო ბეის-ბოლის ჩემპიონი ჯო დი მაჯო.

მის მესამე განქორწინებაზე ლაპარაკობდნენ სურათი „მილიონერის“ გადაღების დროს, რომელიც ახლახან გამოვიდა ამერიკისა და საფრანგეთის ეკრანებზე. ჟურნალისტები წერდენენ მონროსა და მის პარტნიორ ივ მონტანის შორის არსებულ „იდილიაზე,“ მაგრამ ამ უკანასკნელმა გულდასმით უარყო ყოველივე ეს და საბოლოოდ „ნიუ-იორკ პოსტმაც“ დაადასტურა რომ „საქმეში მესამე პირი არ ურევიაო.“
დიდი ხანი არ არის რაც გადაიღეს სურათი “The Misfits” („უვარგისნი“) მერლინ მონროს მონაწილეობით და არტურ მილერის სცენარის მიხედვით.

მონროსა და მილერის განქორწინებამ ბურჟუაზიულ პრესას ახალი საკვები მისცა ჭორაობისა და მითქმა-მოთქმისთვის“

ციალა ქაროსანიძე წერდა, რომ  ამერიკაში  ჩასულ   აკაკი ბელიაშვილს მერლინ მონროსთან ერთად მოუწია ჰოლივუდში მანქანით წრეების დარტყმა და ულამაზესმა მძღოლმა  ქართველ მწერალს  გამძლეობა მოუწონაო.

თუ აკაკი ბელიაშვილის „მოგზაურობას ამერიკაში“ თვალს გადავავლებთ,  დავინახავთ, რომ აკაკი ბელიაშვილი ჰოლივუდში  მსახიობ  დაიანა მაკბეინს შეხვდრია და ის, მერლინ მონროს საერთოდ არ ახსენებს. თუმცა გამორიცხული არ არის მანქანით მრთლაც გააქროლა ქართველი მწერალი ამერიკელმა მსახიობმა ქალმა და ეს ამბავი  მან  წიგნში არ შეიტანა. ან იმდენად უნდოდა ბელიაშვილს  მერლინი მონროსთან შეხვედრა, რომ  მეგობრებს გამოგენებული სიუჟეტი  მოუყვა.

მერლინ მონრო ლექსებს წერდა. მისი ლექსები ქართულად გიორგი ლოლაძემ თარგმნა და გამოაქვეყნა.
ღამის ღამეში -სიმშვიდეა-
სურნელიც სხვაა-ძალაც ახალი;
უთვალებოა-ხელშეუხები
და უსიტყვობას არავის უთმობს.
###
სიცოცხლევ...
ორივე შენი მიმართულების კუთვნილება ვარ.
ობობას ქსელივით ვცხოვრობ როგორღაც.
ორი ბომონის მეუფება არ შეიძლება
ქარში მოხრილი
და როცა უფრო მოუჭერს ყინვა,
მარგალიტებად ჩამოქნილი მისი ხაზები
ამ ჩემს მზერაში აღიბეჭდება.
###
ობობას ქსელზე სიფრიფანა ვარ,
ვარ სხვებზე წმინდაც...
ამოვარდნილ ქარს კი ობობასავით
მედგრად ვერ ვხვდები.
სიცოცხლევ... ყოველ წამსა ვგრძნობ
შენ რომ გეკუთვნი.
შენი ორივე მიმართულება
რომ მექაჩება-
თავჩაქინდრული ამიტომა ვარ.
###
დროდადრო
ლექსებს ვწერ,
ოღონდ ჩემს ლექსებს-
სათხოვარი მაქვს-
ნუ ამიმხედრებთ...
დალახვროს ეშმაკმა
თუ არ მაქვს ნიჭი
სიტყვის გაყიდვის...
შერყვნილი სილამაზის,
შერყვნილი ოცნებების
ტკივილი მაწუხებს
და აზრად
იღვრება
სანამ ცოცხალ ვარ
ფიქრია-
მელანი 
###
როცა გოდებდი შენ საულივით,
მე ქედი მაინც არ მომიხრია,
მერე გალაღდი, გაჯიქდი უცებ.
სახეში გვცემდა მიწა და ქვიშა...
მაშინ
მოღვედე ჩემი სხეული.
###
მე მივატოვე სავანე მწვანე და ხორკლიანი.
მერე ხავერდის საწოლი ლურჯი,
სურვილი მაშინ მომეძალება,
როცა ბუჩქნარი შეიფოთლება.
კარიდან მარცხნივ გავუყვეთ ჩვენ გზას,
რას მიაქროლებს
საკუთარ ავტოს ჩემი თოჯინა,
მას ვერ აშინებს წუმპე-ტალახი...
„შორს წავალთ ალბათ.“
###
ჩემო თოჯინა შეიშრე ცრემლი,
გეყო ტირილი.
აგიყვან ხელში, რომ დაგეძინოს,
დაგარწევ ნაზად.
კმარა ტირილი, ხედავ რომ ვცდილობ,
არ დავემსგავსო შენს მკვდარ დედიკოს
წყალობა ჰყავით!
მიშველეთ! რადგან სიცოცხლე, თანმდევს ისეთი,
სურვილისთანავე რაც კვდება!
მალხაზ კოხეიძე