четверг, 22 ноября 2018 г.


1960 წელს საბჭოთა ლიტერატურის და ხელოვნების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები მწერალი აკაკი ბელიაშვილი, კინორეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი და კინოოპერატორი ფელიქს ვისოცკი.

ნიუ-იორკში, ქართველები მოჭიდავე ნიკოლოზ ქვარიანს დაუკავშირდნენ და სასტუმრო „შოტლანდიაში“ შეხვდნენ. თავის მხრივ  ნიკოლოზ  ქვარიანმა  გიორგი პაპაშვილს დაურეკა პენსილვანიაში  და სასტუმროში მიიწვია. იმ დროს, ქართულ ჟურნალ-გაზეთებში  გამოაქვეყნებული იყო გიორგი და ელენე  პაპაშვილების რომანის „ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ცალკეული თავები.  რომანი ანდუყაფარ ჭეიშვილმა თარგმნა.

პენსილვანიიდან ნიუ-იორკში ჩასულმა გიორგი პაპაშვილმა აკაკი ბელიაშვილს უთხრა: „ მე რისი მწერალი ვარ, ჩემი ცოლი სწერამს, მე ვუამბობ ხოლმე და ეგაა მწერალი, მე კი არა. მწერალი კი არა და კითხვაც კი მიჭირს, ამას წინათ ჟურნალი „დროშა“ მომიტანეს, ვეღარა ვკითხულობ, დავიწყებ ასო-ასო, სანამ სიტყვას ბოლომდე ჩავალ, თავში რომელი ასოც ამოვიკითხე, უკვე მავიწყდება.“

ცოლ-ქმარმა პაპაშვილებმა ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს ქართულ ფოლკლორს. მათ გამოსცეს წიგნი სათაურით „იყო და არა იყო-რა.“ წიგნი ქართული ზღაპრების ლიტერატურულ გადამუშავებას წარმოადგენს და ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში სტალინგრადის და სევასტოპოლის დამცველებს. სხვათაშორის, გიორგი პაპაშვილმა ქართული ფოლკლორი თავის ქანდაკებებშიც გამოიყენა, რომლებსაც  საკუთარი ფერმის ახლოს მდებარე გრანიტის კლდის მასალით ქმნიდა.

სოფელ კობიანთკარში დაბადებული გიორგი პაპაშვილი პროფესიით მეუნაგირე და მელითონე იყო. როცა პირველ მსოფლიო ომში ჯარისკაცად გაიწვიეს, ის სპარსეთის ფრონტზე  იბრძოდა, სადაც ტყვედ ჩავარდა, თუმცა  სტამბოლში გაიქცევა მოახერხა და იქიდან გემით ამერიკაში გაემგზავრა.

გიორგი პაპაშვილი ამერიკაში სხვა და სხვა სამუშაოზე მუშაობდა, მაგრამ, მაშინ გაუმართლა, როცა ამერიკელი ჰელენ უაიტი შეირთო ცოლად. მან,  ჰელენის მზითევით, პენსილვანიის შტატში ფერმა შეიძინა და მიწათმოქმედებას  მიჰყო ხელი.

სწორედ, პენსილვანიაში  დაიწერა „ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ და პირველად 1938 წელს გამოიცა. 1950 წელს რომანი ამერიკის რჩეულ ნაწარმოებთა სერიაში შეიტანეს. აღნიშნული სერია შედგება ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, ჰემინგუეის, ფოლკნერის და სხვეა გამოჩენილი მწერლების ნაწარმოებებისგან.

რომანის მთარგმნელი ანდუყაფარ ჭეიშვილი წერდა: „წიგნი გამსჭვალულია თბილი, მსუბუქი იუმორით, ეს იუმორი არაა გადაქცეული თვითმიზნად, არაა დაფუძნებული ჰიპერბოლებზე და მრავალსიტყვაობაზე. მისი ფესვები ქართული იუმორის  საუკეთესო ტრადიციებშია საძიებელი. კითხულობთ ამ წიგნს და თქვენ თვალწინ იშლება ამერიკის შეერთებული შტატების შეუფერადებელი სურათები. ეს არის ქართველი გლეხის თვალით დანახული ამერიკა. ვის არ შეხვდებით წიგნის ფურცლებზე მატყუარა, გაქნილ კომისიონერებსა და მათ მიერ მოტყუებულ კლიენტებს, მოხერხებულ ბიზნესმენებს და გაფიცულ მუშებს, რასიული პროპაგანდით დამონებულ თეთრგვარდიელ ემიგრანტებს და მშვიდობიან, კეთილ ინდიელებს. ობიექტურადაა აღწერილი ამერიკული ზნე-ჩვეულებანი და ამერიკული რეალობები. ავტორი ძუნწი, მაგრამ მკვეთრი შტრიხებით გადმოგვცემს საწარმოო ძალების ნგრევის სურათს პირველი მსოფლიო კრიზისის წლებში. დაკეტილ ფაბრიკა-ქარხნებს და ალაყაფის კარებთან ატუზულ უმუშევრებს. ამავე დროს გიორგი პაპაშვილი, რომელსაც მეფის რუსეთის ნახევრად კუსტარული საწარმოების მეტი არაფერი ენახა, აღტაცებულია ამერიკის მოწინავე ტექნიკით. კარგად შეითვისა გიორგიმ ამერიკელი მუშებიც- „ ისინი მშრომელი, პატიოსანი ხალხია,-წერს იგი, განსაკუთრებით კი მათი ოპტიმიზმი და მხიარულება მომწონდა.“ გიორგი სახვადასხვა ეროვნების მუშებში ტრიალებდა და თუმცა ირგვლივ მუდამ ქართველების შემოკრებას ცდილობდა, მისთვის უცხო იყო ნაციონალური განკერძოების გრძნობა. წიგნის ბოლოს იგი ყველა ერს მშვიდობისა და ძმობისაკენ მოუწოდებს. „ჩვენ სხვადასხვა ხალხი შევიკრიბეთ ამ ქეიფზე -ქართველები, რუსები, ბერძნები, ლატვიელები, ირლანდიელები. მე მინდა თვითეული ჩვენგანის სამშობლოს სადღეგრძელო დავლიოთ. როცა ვხედავ, როგორ მეგობრულად ვსხედვართ ერთმანეთის გვერდით, სურვილი მებადება, მსოფლიოს ყველა ერმა მოგვბაძოს. მხოლოდ ამ გზით მიაღწევს კაცობრიობა ბედნიერებას.“

გიორგი პაპაშვილი,  თავის  ოჯახს ამერიკიდან პირველად 1920-იანი წლების მეორე ნახევარში დაუკავშირდა, მამას- ივანე პაპაშვილს წერილი გამოუგზავნა. 1950-იანი წლების მიწურულს ნიუ-იორკიდან დუშეთში ტელეფონით დარეკა და ოჯახის წევრებს ესაუბრა.

1961 წლის აპრილში გიორგი და ელენე პაპაშვილები საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი შეხვდნენ ანდუყაფარ ჭეიშვილს, აკაკი ბელიაშვილს. ეწვივნენ საქართველოს მწერალთა კავშირს, მხატვართა კავშირს,  სოფლად და ქალაქად შეხვდნენ ნათესავებს, მეგობრებს და მეზობლებს. ცოლ-ქმარს თბილი შეხვედრა მოუწყეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. მაშინ, საზოგადოების წინაშე სიტყვით დოცენტი გივი გაჩეჩილაძე გამოვიდა და გიორგი პაპაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრა.

შეხვედრებით კმაყოფილი გიორგი პაპაშვილი აღნიშნავდა: „ გუშინ ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, ლამაზი მხარე და ქალაქი ბევრია ქვეყანაზე, მაგრამ საქართველო კიდევ უფრო მშვენიერია იმიტომ, რომ აქ ხალხიც ლამაზია და ცხოვრებაც ლამაზად აქვთ მოწყობილიო.“ 

თავად გიორგი პაპაშვილმა გამომშვიდობებისას თქვა:"ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სამშობლო, ჩემი მხარე ჩემს ამერიკელ მეუღლეს ვაჩვენე, აგრეთვე ჩვენს საუკეტესო მეგობრებს შეერტებული შტატებიდან-ქ.ნ და ბ-ნ ჩარლზმიულნბერგებს, რომლებიც თბილისში ყოფნის ბოლო კვირას შემოგვიერთდნენ.
თქვენ ბევრი, ძალიან ბევრი დიდებული რამ გაგიკეთებიათ ამ ორმოცი წლის განმავლობაში და მახარებს ის, რომ აპირებთ უფრო მეტის გაკეთებას-მეტი საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და სახალხო დაწესებულებების აგებას.
ჩემი მეუღლის, ჩემი და ჩვენი ამერიკელი მეგობრების გულწრფელი სურვილია კვლავაც ვიცხოვროთ მშვიდობიან სამყაროში ისე, რომ შეგვეძლოს ზრდა და აყვავება.
ვმედოვნებთ კვლავ ჩამოვალთ. მანამდე კი გულითადი მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ყოფნა საქართველოში სასიხარულო მოვლენად გადააქცია"
მალხაზ კოხრეიძე




вторник, 16 октября 2018 г.


1965 წლის თებერვალში  რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე რობერტ სტურუამ დადგა არტულ მილერის „სეილემის პროცესი.“ „სეილემის პროცესი“ თეატრმცოდნეებმა რობერტ სტურუას საეტაპო სპეკტაკლად აღიარეს და იმთავითვე მაღალი შეფასება მისცეს. თავად სტურუაც თვლის, რომ  „სეილემის პროცესი“ და ვიკტორ როზოვის „ვახშმობის წინ,“  მისთვის პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო რეჟისურაში.

აღსანიშნავია, რომ არტურ მილერის პიესაზე მუშაობისას, პირველად  შედგა „სამეულის“ (მხატვრები ალექსანდრ სლოვინსკი, ოლეგ ქოჩაკიძე, იური ჩიკვაიძე) და რობერტ  სტურუას თანამშრომლობა. 

იმ დროს, მარჯანიშვილის თეატრიდან რუსთაველის თეატრში ახალი გადასული იყო მსახიობი ედიშერ მაღალაშვილი და რობერტ სტურუამ სწორედ ის მიიწვია  სპეკტაკლში პროქტორის როლზე. ედიშერ მაღალაშვილმა ღირსეული პარტნიორობა გაუწია ძველ რუსთაველელებს.

რუსთაველის თეატრის „სეილემის პროცესი“ მოსკოველმა მაყურებლებმაც ნახეს და აღფრთოვანება ვერ დამალეს.  ამასთანავე რუსულმა  ჟურნალ-გაზეთებმა  არა ერთი წერილი მიუძღვნეს სპეკტაკლს და მის დამდგმელ რეჟისორს.

არტურ მილერის პიესას საფუძვლად დაედო მეჩვიდმეტე  საუკუნის მიწურულს სალემში „კუდიანების“ წინააღმდეგ  გამართული სასამართლო პროცესი. იმ დროს, ჯადოქრობისთვის, სასამართლოს განაჩენით  ცხრამეტი ადამიანი ჩამოახრჩეს, ერთი ქვებით ჩაქოლეს, ორასამდე ციხეში ჩასვეს.  მალე სასამართლომ თავისი შეცდომა აღიარა, ხოლო მას შემდეგ რაც არტურ მილერმა პიესა დაწერა, მასაჩუსეტის თანამრგობრობამ ყველა მსჯავრდებულს განაჩენი გაუუქმა.

მართალია სეილემის პროცესი მეჩვიდმეტე საუკუნეში შედგა, მაგრამ  პიესა, რომლის ორიგინალური სახელწოდებაა „სასტიკი განსაცდელი,“ დრამატურგმა  თავის თანამედროვეებს- „მაკარტიზმის“ მსხვერპლთ მიუძღვნა. ამას ისიც ემატებოდა, რომ რობერტ სტურუამ  მილერის ნააზრევს საბჭოთა კავშირში 1930-იან წლებში განხორციელებული რეპრესიების თემაც  დაუკავშირა.

არტურ მილერი რობერტ სტურუას ნამუშევრით კმაყოფილი დარჩა და მაღალი შეფასებაც მისცა.

არტურ მილერის ცხოვრება და  შემოქმედება საბჭოთა კავშირში და კერძოდ საქართველოში დიდ ინტერესს იწვევდა. მისი პიესა „კომივოაჟერის სიკვდილი“ ციალა კარბელაშვილმა თარგმნა და ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. იმავე ჟრნალში გამოქვეყნდა დრამატურგის შეხედულება ამერიკულ თეატრზე: „ლონდონის  გაზეთმა“სანდი ტაიმსმა“ გამოაქვეყნა ცნობილი ამერიკელი დრამატურგის - არტურ მილერის ინტერვიუ თანამრდროვე ამერიკული თეატრის საკითხებზე. მისი აზრით, ამერიკული თეატრი სულ  უფრო და უფრო დიდ ყურადღებას უთმობს სექსუალურ პრობლემებს და სენტიმენტალური ხდება. ამის მიზეზებს მილერი ხედავს თეატრების მიდრეკილებაში- გვერდი აუარონ სოციალურ პრობლემებს და უზრუნველყონ თეატრების შემოსავალი. კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად დასავლეთის კულტურა, მილერმა უპასუხა: „ყველაფერი ფასდება პოპულარობასა და აქედან გამომდინარე კომერციული სარგებლობიანობის თვალსაზრისით.“

1967 წელს არტურ მილერი თბილისში ჩამოვიდა და ამერიკული კულტურის და თავისი შემოქმედების  შესახებ  აღნიშნა: „უნდა ვთქვა, რომ მსოფლიო კულტურის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ახალი ტერმინებითა და გამოგონებებით  დიდი ღვაწლი მიუძღვის. ამერიკას აქვს მრავალთა შორის არა ერთი კარგი სურათი.

უწინარეს ყოვლისა, მე ამერიკელებისთვის ვწერ, ეს იმის გამოა ალბათ, რომ ყველაზე კარგად ამერიკელ მაყურებელს ვიცნობ. ჩემი პიესები იდგმება ამერიკის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების თრატრების სცენებზე. მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაშიც იცნობენ მათ.“

არტურ მილერი თბილისში მეუღლესთან-ინგა მორატ-მილერთან ერთად ჩამოვიდა. ინგა მორატი  არტურ მილერმა  მერლინ მონროსთან გაშორების შემდეგ მოიყვანა ცოლად.

ერთ დროს, ჟურნალი „მნათობი“ იუწყებოდა:  „ამერიკელი კონოვარსკვლავი მერლინ მონრო და მისი ქმარი, დრამატურგი არტურ მილერი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. ამ ამბავს ისეთი ეფექტი მოუხდენია ბროდვეიზე, თითქოს ყუმბარა აფეთქებულიყოს.

მერლინ მონრო 33 წლისაა, ხოლო არტურ მილერი 45-სა. მერლინი უკვე ორჯერ იყო გათხოვილი: 16 წლის ასაკში იგი გაყვა ჯეიმს დოგერტის, მისი მეორე ქმარი იყო ბეის-ბოლის ჩემპიონი ჯო დი მაჯო.

მის მესამე განქორწინებაზე ლაპარაკობდნენ სურათი „მილიონერის“ გადაღების დროს, რომელიც ახლახან გამოვიდა ამერიკისა და საფრანგეთის ეკრანებზე. ჟურნალისტები წერდენენ მონროსა და მის პარტნიორ ივ მონტანის შორის არსებულ „იდილიაზე,“ მაგრამ ამ უკანასკნელმა გულდასმით უარყო ყოველივე ეს და საბოლოოდ „ნიუ-იორკ პოსტმაც“ დაადასტურა რომ „საქმეში მესამე პირი არ ურევიაო.“
დიდი ხანი არ არის რაც გადაიღეს სურათი “The Misfits” („უვარგისნი“) მერლინ მონროს მონაწილეობით და არტურ მილერის სცენარის მიხედვით.

მონროსა და მილერის განქორწინებამ ბურჟუაზიულ პრესას ახალი საკვები მისცა ჭორაობისა და მითქმა-მოთქმისთვის“

ციალა ქაროსანიძე წერდა, რომ  ამერიკაში  ჩასულ   აკაკი ბელიაშვილს მერლინ მონროსთან ერთად მოუწია ჰოლივუდში მანქანით წრეების დარტყმა და ულამაზესმა მძღოლმა  ქართველ მწერალს  გამძლეობა მოუწონაო.

თუ აკაკი ბელიაშვილის „მოგზაურობას ამერიკაში“ თვალს გადავავლებთ,  დავინახავთ, რომ აკაკი ბელიაშვილი ჰოლივუდში  მსახიობ  დაიანა მაკბეინს შეხვდრია და ის, მერლინ მონროს საერთოდ არ ახსენებს. თუმცა გამორიცხული არ არის მანქანით მრთლაც გააქროლა ქართველი მწერალი ამერიკელმა მსახიობმა ქალმა და ეს ამბავი  მან  წიგნში არ შეიტანა. ან იმდენად უნდოდა ბელიაშვილს  მერლინი მონროსთან შეხვედრა, რომ  მეგობრებს გამოგენებული სიუჟეტი  მოუყვა.

მერლინ მონრო ლექსებს წერდა. მისი ლექსები ქართულად გიორგი ლოლაძემ თარგმნა და გამოაქვეყნა.
ღამის ღამეში -სიმშვიდეა-
სურნელიც სხვაა-ძალაც ახალი;
უთვალებოა-ხელშეუხები
და უსიტყვობას არავის უთმობს.
###
სიცოცხლევ...
ორივე შენი მიმართულების კუთვნილება ვარ.
ობობას ქსელივით ვცხოვრობ როგორღაც.
ორი ბომონის მეუფება არ შეიძლება
ქარში მოხრილი
და როცა უფრო მოუჭერს ყინვა,
მარგალიტებად ჩამოქნილი მისი ხაზები
ამ ჩემს მზერაში აღიბეჭდება.
###
ობობას ქსელზე სიფრიფანა ვარ,
ვარ სხვებზე წმინდაც...
ამოვარდნილ ქარს კი ობობასავით
მედგრად ვერ ვხვდები.
სიცოცხლევ... ყოველ წამსა ვგრძნობ
შენ რომ გეკუთვნი.
შენი ორივე მიმართულება
რომ მექაჩება-
თავჩაქინდრული ამიტომა ვარ.
###
დროდადრო
ლექსებს ვწერ,
ოღონდ ჩემს ლექსებს-
სათხოვარი მაქვს-
ნუ ამიმხედრებთ...
დალახვროს ეშმაკმა
თუ არ მაქვს ნიჭი
სიტყვის გაყიდვის...
შერყვნილი სილამაზის,
შერყვნილი ოცნებების
ტკივილი მაწუხებს
და აზრად
იღვრება
სანამ ცოცხალ ვარ
ფიქრია-
მელანი 
###
როცა გოდებდი შენ საულივით,
მე ქედი მაინც არ მომიხრია,
მერე გალაღდი, გაჯიქდი უცებ.
სახეში გვცემდა მიწა და ქვიშა...
მაშინ
მოღვედე ჩემი სხეული.
###
მე მივატოვე სავანე მწვანე და ხორკლიანი.
მერე ხავერდის საწოლი ლურჯი,
სურვილი მაშინ მომეძალება,
როცა ბუჩქნარი შეიფოთლება.
კარიდან მარცხნივ გავუყვეთ ჩვენ გზას,
რას მიაქროლებს
საკუთარ ავტოს ჩემი თოჯინა,
მას ვერ აშინებს წუმპე-ტალახი...
„შორს წავალთ ალბათ.“
###
ჩემო თოჯინა შეიშრე ცრემლი,
გეყო ტირილი.
აგიყვან ხელში, რომ დაგეძინოს,
დაგარწევ ნაზად.
კმარა ტირილი, ხედავ რომ ვცდილობ,
არ დავემსგავსო შენს მკვდარ დედიკოს
წყალობა ჰყავით!
მიშველეთ! რადგან სიცოცხლე, თანმდევს ისეთი,
სურვილისთანავე რაც კვდება!
მალხაზ კოხეიძე








среда, 10 октября 2018 г.


გამორჩეული ქართული წარმართული ღვთაებებია მზე და მთვარე და ყოფაშიც  ხშირად გვხვდებიან შესაბამისი სიმბოლოები.

თუ ბერძნებში, რომაელებში, ფინიკიელებში, ეგვიპტელებში, არაბებში, ებრაელებში მდედრი მთვარეა, ქართველებში  მზეა  მდედრი, ხოლო მთვარე, ისე როგორც ასურელებში და ქანაანელებში-მამრია. ამასთან დაკავშირებით  ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა:„ რომ ქართველების შეხედულებით მთვარე მამაკაცია, ხოლო მზე ქალია, იმითაც მტკიცდება, რომ ყველა საკუთარი სახელები, რომლებშიაც მზეა ჩართული, უეჭველად განსაკუთრებით ქალების სახელია, მაგალითად, ფშაველებისა და ხევსურების ქალური სახელები: მზია, გულთამზე, მზევინარი, მზექალა.“ 
ქალი ვარ, მქვიან ქალთამზე, ქალური ვიცი ლხინია,
ვაჟკაცსა ვეძებ, რას დავდევ, პეტრე ჰქვიან თუ ნინია.

მზეს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, როგორც ქართულ ხელოვნებაში, ისე  ლიტერატურაში და განსაკუთრებით ხალხურ პოეზიაში. მაგალითად,  მზე რომ მდედრია შემდეგ ხალხურ სტროფებიდანაც  სჩანს: " ნათელმა მთვარემა ბრძანა: „ბევრით მე ვჯობივარ მზესა!“ დაჯდა დასწერა წიგნები, ზენა ქარი მიართმევსა, მზეს რომ კაცი მოუვიდა, მზე ძალიან გაჯავრდესა: „მე და ვარ და ის ძმა არის, რად ვძულდებით ერთმანეთსა?!“ „ ცაზე მზე დაბნელებულა, მთვარე აყრიდა შაქარსა, მთვარე ნუ აყრი შაქარსა, არავინ მოგცემს მაგ ქალსა,“ „მზე დაწვა და მთვარე შობა, მზევ  შინ  შემოდიო.“ „მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაა ჩემი, სხვადასხვა  ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი“ და ა.შ. ბოლო ლექსის მეგრული ორიგინალი ასე იკითხება:  
ბჟა დია ჩქიმი
თუთა მუმა ჩქიმი
ხვიჩა ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი.

ცნობილია, რომ  სვანური „ლილე“ და „ბარბოლ დოლაში“  მზის პერსონიფიცირებული ღვთაებებია და სვანებმა ამ ღვთაებებს საგალობლები მიუძღვნეს.
„ლილე“ ასე იწყება:
დიდება შენდა, დიდო ღმერთო!
დიდება შენდა, ზეციერო!
ოქროსი გიდგას სრა-სასახლე.
ზღუდე გივლია ოქროვანი.

„ბარბოლ დოლაში“ ასე იწყება:
შეგვეწიე, ბარბოლ დოლაშ,
სამსხვერპლოზე ძღვენი მოგვაქვს,
ხილვა გვინდა შენი სახის,
შენი ტვირთის ზიდვა გვინდა.

რადგან მზე ღვთაება იყო,  საგალობლებს  უძღვნიდნენ,  შესაწირავს  სწირავდნენ და  დახმარებასაც სთხოვდნენ:
მზეო, მზეო გამოდი,
ჩვენს ერდოში ჩამოდი,
მიანათე ბაკებსა,
ცხვარს დაგიკლავ მაკესა.

ჰოდა, სჩადის მზეც  სასწაულებს:
მზე ჩაღმა ჩამავალია,
ჩავა ჩაჯდება ბუდესა,
ოქროსი კვერცხი დაუდევს,
ჭუჭული მარგალიტისა.

ასე და ამგვარად იბადებოდნენ  მაგიური სტროფები. იოსებ მეგრელიძე წერდა: „ენისა და აზროვნების მაგიზმის  გამო  ადამიანმა უსულო საგნებიც კი სულიერად წარმოიდგინა (ანიმიზმი), ირწმუნა მათზე სიტყვიერი ზემოქმედების შესაძლებლობაც.“

მზე სილამაზის სიმბოლო  ხდება და სასიყვარულო ლექსებშიც ჩნდება.
სიცილი ელვას მიგიგავს, როდესაც გაგეცინება,
სილამაზითა მზეს ჰგავხარ, დილით რომ მოეფინება.
   ან:
შენ მოხველ-მზეც ამოვიდა, მეც აქ მოვშავდი ქოლვილი,
შენ წახვალ-მზეცა წავალის, ვარდიც დაჭკნება, ყოილი.

ნიკო ჭავჭავაძე ამბობდა: „ბუნების სილამაზის დანახვას კულტურული თვალი სჭირდებაო“ და როცა ქართველი პოეტი ქალების ლექსებს ვკითხულობ, მგონია, რომ მზეს ისინი  სწორედ ასეთ თვალით უყურებენ.

ანა კალანდაძემ ერთგან  ოკიეანით  მზის ამოსვლას ასე გადმოგვცა:
მზე ოკიეანით ამოვა მძიმედ,
გაბრწყინდებიან
შორეული ზღაპრული მთები...
თავს მოვიკაზმავ
სირაქლემას ლამაზი ფრთებით,
ყელზე  შევიბამ ბრჭყვიალა მძივებს...

მეორეგან  მზის ამოსვლას  მთების თავზე  ანა ასე წარმოგვიდგენს:
მზე ჩამოხედავს შუაფხოს,
გაიღვიძებენ სერები,
არაგვზე იბალახებენ
ლურჯყაჯრიანი ცხენები...

ანა კალანდაძის მზე მედიდური მზეა და პოეტის ყველა სტროფში ამას ვგრძნობ:„ვაღმერთებ მზესა, ვანათებ ცეცხლსა და ვწირავ მსხვერპლსა... გრძნეულ ურარტუს ეფინება რძისფერი კვამლი...“ „როდესაც მზეი თბილი სხივით მინდვრებს შემოსავს და ცვარნაპკური შეირხევა მთაზე მოცხარი, ნინოს ნათელი დაადგება საქართველოსა, ქვაბში ჩურჩულით გადაიწერს პიჯვარს მოძღვარი...“ „მზე და მიმწუხრნი ჩრდილებს მიჰფენენ, დაუღალავად ასე იფრენენ და დიდებულსა მზესა აქებენ...“ „ირგვლივ  მზის ნათელი დასდგომია მთებსა, ცაში გაფრენილან ნისლიანი მთები... მზეი შენით მზეობს, მზედ ენთები, ზეობ, გვირგვინს ირქმევ მზისებრ...“ „მუხლებს მოვიყრი ნაწარმართევი (რაღაც უნებურ იღვიძებს ჩემში), როს ავა ცაზე მზის აღმართებით და მზის ოქროსფერ, დიდ სალოცველში კოცონს დააგზნებს ქურუმი ცისა...“ და სხვა.

საოცრად პოეტურია მედეა კახიძის მზე.
ყოველდღე რომ არ გავშალო ხელისგულზე
მზის სხივები-
დოლის პურის მარცვლებივით,
ვიცი ისევ მარტოობა შემიგულებს,
გადავჭკნები,
როგორც ველი გაცელილი.
   ან:
მზე მზესუმზირის
ქუდი ფარფარა
მოაქვს და აღმართს
ფეხით გადმოდის,
ხანდახან მწვერვალს
ნისლი დაფარავს,
მაგრამ მუხლს იხრის
თითქმის არცროდის.

ნაზი კილასონიას თავის ლექსებში, თითქოს  ხალხური  შემოქმედებიდან გადმოჰყავს მზე.
მზე შინ და გარეთა,
მზეში თეთრი ნისლები,
და ბავშვობის კარებთან
სველი კიპაროსები.
  ან:
ბჟაშხავ,
დღეს სხვანაირად ამოდის მზე.
დღეს რაღაც დიდი ვარ: ვერავინ მძლევს.
დავტოვებ ლელიანს, ღამეს რომ ვათევ,
ლელები მღერიან და მღერის მართვე.

დოდო გვიშიანის არაერთი ლექსი აუმღერებიათ და თუ დავაკვირდებით მზე მისი  პოეზიის  მთავარი სიმბოლოა. „თუმცა ვიცი მზეო, ჩემს განსაცდელს ვერ ამაცილებ, მაგრამ გთხოვ მაინც, ბოლო გზაზე შენ გამაცილე.“ „მზეო რომელიც იღვიძებ კვირტში,ცოცხლდები რტოზე, მწიფდები ხილში“ „გადაეფინა დილის შუქი შიშველ ქარაფებს, ზეცის სარკეში თმას ივარცხნის ოქროს ქალღმერთი“ „მზე წითელი თაკარა, ზღვა ლურჯი და გრილი, ნაკადული ანკარა, ლელიანის ჩრდილი“ „მზე ამოვიდა და ნაკაწრები ამომიკემსა ოქროს სხივებით“ „მზე მთებსა და მინდორ-ველებს ოქროს ფუნჯით ხატავს“ „მზე -მაღალ ჭერზე ოქროს კანდელი, სიცილ-კისკისი და ჟრუანტელი...“ „თესლმა დალია წვიმის წვეთები და მოემზადა მზის შესახვედრად“ „და გადაქსელილს თაკარა მზის მწველი სხივებით სულს გიგრილებენ გვიმრის მწვანე მარაოები...“ „შემოიჭრება დილის შუქი სიბნელის ტყეში და ნაზად წაშლის მზის ოქროს ფუნჯი გუშინდელ სევდას...“

დოდო გვიშიანის ლექსებიდან გამოირჩევა  „მზე“  და  „მზის საგალობელი“
   „მზე“
ბრუნავს ეთერში ცის ამორძალი
და როგორც გაზრდილს ერთგული ძიძა,
თვალს არ აშორებს ცისფერ პლანეტას,
ოქროს აღვირით უჭირავს მიწა.
   „მზის საგალობელი“
მზეო ამოდი!
მომანიჭე სუფევის შვება.
დამალევინე ოქროს სურით დილის სინათლე
და თბილი ფუნჯით ჩამორეცხე ღამის ბურანი.

თავისებურად მომხიბვლელია მზე ლია სტურას ვერლიბრში.
მზის წაფერდებისას
და ოთახებში შემოსვლისას,
რამდენიმე კუნჭული რჩება
ხელუხლებლად ჩაბნელებული,
ოქროსფერი აბლაბუდა იცავს მათ კდემას
(ეს ხანდახან, ელექტრონის შუქზე
გამოჩნდება ხოლმე)
ასეთ კუნჭულს ჩასძახებენ საიდუნლოს,
როგორც ორმოს
და სუფრიდან გადაფერთხილ
ნამცეცებს დააყრიან.
   ან:
ვარდისფერი და მშვენიერი...
გაოგნებული ჭუპრი დუმს,
მხოლოდ მზე,
ანესტეზიის ფილტრში გაწურული
უსისხლო მზე
ოდნავ ბჟუტავს
ლამის ცამდე ავარდნილ,  ჭერში...

ნათია ნემსაძის თითოეული ლექსი მზის სხივებით არის ნაქსოვი. მზე ხომ  მისი პოეზიის თვალშისაცემი ატრიბუტია. „ვაგრძელებ სრბოლას, სადაც დღეს მზე სცრის“ „აღარ მშორდება მზის ანარეკლი მსუბუქ საკიდზე“ „ზევით შიშია მეჩხერი... მზის შორიახლო ვთბები“„ ბევრი ილაპარაკე... არ დაელოდო, მზის ჩაქრობას ფერად ფინჯანზე“ „ოდესღაც ლაღი გრძნობა კი ითბობს გათოშილ ხელებს, მზის საკოცნელად“. და ა.შ.

ამ მხრივ ნათია ნემსაძის  გამორჩეული სტროფებია:
ფიჭვნარი ამაყად მზეს ეალერსება,
ლამაზად ბერდება ნატიფი ტირიფი.
ახლადგაღვიძებულს ნიავი ბეზრდება
და გასეირნებას ლამობს ცის ბილიკი.
   ან:
მე ვყვები მზეს , მივყვები ფერს, ვუსმენ სურნელებს,
ვიხურავ ზღვას, ვიკერავ ცას, ვხუჭავ სურვილებს,
შევხედავ ჰანგს, დავკეტავ ჩანგს,მოვრთავ სულ მე ლექსს,
ავიტან დროს, შევურევ ბრბოს,  ვიღებ ანარეკლს,
მე ვმართავ მას, რაც ხშირად გვკლავს-ფიქრებს გასაშლელს.
მალხაზ კოხრეიძე



  






пятница, 7 сентября 2018 г.


მიხეილ მახარაძემ თავისი ლექციები იმანუელ კანტის სიტყვებით დაიწყო: „ ამ ქვეყნად მე ყოველთვის მაკვირვებდა ორი რამ - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზევით და მორალური კანონი ჩემში.“
თუმცა,  მიხეილ მახარაძე  ყველაზე მეტ დროს ალექსეი ლოსევის და ზურაბ კაკაბაძის ნაშრომების განხილვას ანდომებდა. ფილოსოფიის ლექციები ლოსევის და კაკაბაძის ხსენების გარეშე არ ჩაივლიდა.
ალექსეი ლოსევის „აღმოსავლური რენესანსი“ გვიან,  მიხეილ მახარაძემ პაატა ჩხეიძესთან ერთად  გადმოაქართულა  და წიგნადაც  გამოუშვა.
მიხეილ მახარაძე სწორედ ზურაბ კაკაბაძეზე საუბრობდა, როცა მას  აუდიტორიაში ვიღაცამ ხელი შეუშალა. ლექტორმა მიიჩნია, რომ ეს მე ვიყავი და აუდიტორია დამატოვებინა.
იმდენად საინტერესო მომეჩვენებოდა  ლექციები, რომ დამოუკიდებლად დავიწყე ზურაბ კაკაბაძის ნაშრომების გაცნობა. მისი „ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება“, „ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა“, „ფილოსოფიური საუბრები,“ ჩემი სამაგიდო წიგნები იყო.
შემდეგ ლექციაზე მოსულმა მიხეილ მახარაძემ ხელი გამომიწოდა და მითხრა, რომ ის ჩემმა ჯგუფელმა გიგა ჭეიშვილმა საქმის კურსში ჩააყენა და აუხსნა, რომ ხელისშემშლელი მე არ ვიყავი. მოდი ვიმეგობროთო-მითხრა და მერხისკენ მიმითითა. მართლაც,  ჩემი და მისი ურთიერთობა უნივერსიტეტის კედლებს გარეთაც გაგრძელდა.
ფილოსოფიაში გამოცდა გვაქვს. რა თქმა უნდა, მოვემზადე, თუმცა ეს არ ვიკმარე და იმ დროს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებული ზურაბ კაკაბაძის ლექსებიდან ერთ-ერთი  შევარჩიე და  დავიზეპირე.
თვალებს ვარიდებ ჟინიან ზეცას,
წამით მოვწყდები და მოვეშვები,
როცა ტკივილით მიგრძვნია კვნესა
მიწის სიღრმეში გადგმულ ფესვების.
მაღალი ზეცის სახელით გფიცავ,
დაწყევლილივით მიყვარხარ- მეთქი;
შენთვის დავეშვი ზეციდან მიწად,
რომ კაცი ვიყო და არა ღმერთი.
მიხეილ მახარაძე გამოვიდა აუდიტორიიდან, თვალი შეგვავლო ყველას. მერე მე  მანიშნა- შეშემოდიო.
ბილეთის აღება დავაპირე, მაგრამ შემაჩერა და მითხრა: შენი ჩათვლის წიგნაკი მომეციო. მივეცი.  გადაშალა და ხუთიანი ჩამიწერა. 
ისრაელში ქართული კინოს ფესტივალის ჩასატარებლად ვემზადები. დათო ტურაშვილი მეუბნება: ირაკლი კაკაბაძესთან შევიაროთ, ნათია ამირეჯიბსაც გავაცნოთ შენი გეგმებიო.  
ირაკლი, დათო და მე ჩაის ვსვამთ. თან ჩემს გეგმებზე ვსაუბრობ. ქალბატონი ნათია მისმენს და მიწონებს გადაწყვეტილებას.  თან როგორც კინომცოდნე რჩევებსაც მაძლევს. მე ვასრულებ კინოზე საუბარს და მისი მეუღლის -ზურაბ კაკაბაძის შემოქმედებაზე ვიწყებ საუბარს. ვატყობ, რომ ესიამოვნა. მიხეილ მახარაძეს ვახსენებ, ბტონმა მიხეილმა გაგვაცნო ზურაბ კაკაბაძე-მეთქი.
ის  დღეს მერაბ კოკოჩაშვილის, რეზო ესაძის, საშა რეხვიაშვილის, ზურაბ კაკაბაძის და მიხელ მახარაძის  შემოქმედებაზე საუბარში გაილია.
#
პოლიტეკონომიაში ხუთიანი მინდა მივიღო და ლექტორს არ ვეშვები. გამოცდების შემდეგ კიდევ ერთხელ დამიბარა, მაგრამ მაინც არ მიწერს სასურველ ნიშანს. კათედრაზე მოდიო-მეუბნება.
ლექტორი შუახნის ქალბატონია, მელნისფრად აქვს თმები შეღებილი და მიუხედავად იმისა, რომ სახეზე ინსულტის კვალი ატყვია, სიგარეტს სიგარეტზე ექაჩება. ერთი სული აქვს შესვენება როდის დაიწყება, რომ ნიკოტინის კვამლში გაეხვიოს. 
დანიშნულ დღეს, კოსტუმში გამოწყობილი, მიხაკებით ხელში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსს მივადექი. ავდივარ კიბეებზე და სტუდენტი გოგონების მზერა მიმყვება. გავჩერდი კარებთან, იქაც გოგონები ამივლიან-ჩამივლიან. მე სახეს არ ვიცვლი, ისეთი გამომეტყველება მაქვს, როგორიც საგანს შეეფერება. 
ხველებხველებით ამოვიდა ლექტორი კიბეეზე. ყვავილებით, რომ დამინახა, ოჰო!-წამოიძახა და ოთახში შევიდა. ვაცადე მაგიდასთან დაჯდომა და მერე გავუწოდე ყვავილები. გამომართვა და მოშორებით მდგარი მაგიდისკენ ისე მოისროლა, რომ თვალის გაყოლრებაც ვერ მოვასწარი. მერე ქაღალდისგან სახელდახელო საფერფლე გააკეთა და სიგარეტის კვამლში გახვეულმა ჩაიბარა გამოცდა. 
დამიწერა ფრიადი.
შედეგით ჯგუფელი ბიჭები დაინტერესდნენ. მოვყევი რაც გადამხდა თავს. რა მიუხვედრელი ხარ!-მეუბნებიან ჯგუფელები, რად უნდოდა შენი ყვავილები, ერთი ბლოკი „მალბორო“ ვერ მიუტანე?!
ალბათ, მაინც ყვავილები ჯობდა.
#
თბილისში თოვლი მოვიდა. სტუდენტი ვარ და უნივერსიტეტიდან ვარაზის ხევზე ჩამოვდივარ. 
გოგო ამოდის, ხელში გუნდას ათამაშებს. მომიახლოვდა თუ არა, გუნდა ჩემსკენ გამოისროლა. გავუღიმე და გზა გავაგრძელე. ცოტა ხნის შემდეგ დამადევნა და თოვლის მოზრდილი გუნდა სახეში მითავაზა. 
ცხვირ-პირი ამეწვა.
ზოოპარკთან ვხედავ ბიჭები გოგოებს გუნდებს ესვრიან. 
ეტყობა ამათ გააბრაზეს.
დაუნდობელია კაცზე გაბრაზებული ქალი!
#
ლექტორი გვიხსნის, რომ არმაზში აღმოჩენილი სერაფიტას საფლავის ქვა, საქართველოს სახელმწიფოს და სამართლის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი წყაროა. რომ ქვაზე არამეულად და ბერძნულად დაწერილი ტექსტები წარმოდგენას გვიქმნიან, თუ როგორი სახელმწიფო წყობილება იყო წინაქრისტიანულ იბერიაში, რომ იბერიას მართავდა „მეფე დიდი“ და არსებობდა მცირე და დიდი პიტიახშების, ეზოსმოძღვარის ინტიტუტები და ა.შ.
ვუსმენ და ვფიქრობ: К черту ყველა სამართლის წყარო! სახელმწიფო წყობილება! საფლავის ქვა გვამცნობს, რომ იქ განისვენებს 21 წლის ულამაზესი სერაფიტა.
„ ... გარდაიცვალა ახალგაზრდა, 21 წლისა, რომელსაც ჰქონდა უბადლო სილამაზე.“ (ბერძნული ტექსტი)
 
„...არადასრულებული და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა.“ (არამეული ტექსტი)
სიმონ ჩიქოვანის სტროფებია: 
ბროწეულმა სამარის ქვა გაარღვია,
სამაჯურში ფესვი გაყო ხელის დარად,
ქალის თმაში თბილი სუნთქვა გაახვია
და კუბოში თეთრი ფერფლი გაიბზარა.
...
შენ მოყევ თუ შენ გამოგყვა სერაფიტი,
მისი ფერფლი შეკრიბე და ჩაგვაბარე,
მოწეულო ბროწეულო, გადმოფრინდი, 
შენი რტო და შენი ჩრდილი დამაფარე.
#
 Наглый, რუსულ -ქართული ლექსიკონის მიხედვით თავხედს ნიშნავს. ქართულ ენაში თავხედის სინონიმებია: ურცხვი, კადნიერი, ლირფი, უტიფარი, უგბილი, გათამამებული, ლიზღი, თავაგდებული, თავაშვებული, თავგასული, მოურიდებელი, კადრება. თუმცა, ხშირად გვგონია, რომ რუსული „ნაგლი“ უფრო მიესადაგება ამა თუ იმ ადამიანის საქციელს და „ნაგლიაო“-ვამბობთ.
ერთხელ, ერთმა ჩემმა ამხანაგმა ჩათვლის დროს, კრიმინალისტიკა, როგორც მეცნიერება შემდეგნაირად განუმარტა ლექტორს: კრიმინალისტიკა შეისწავლის დანაშაულთა გახსნისა და თავიდან აცილების ტექნიკას, ტაქტიკასა და ტუქტიკასო.. ლექტორი დეთანხმა, მაგრამ მალე მოეგო გონს და სახე შეეცვალა. 
სტუდენტს უნდა ეთქვა: ტექნიკას, ტაქტიკასა და მეთოდიკასო, მაგრამ „მეთოდიკა“ ვერ გაიხსენა და „ინაგლა.“ 
#
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის გამგე ბორის ფურცხვანიძე გამოცდას იბარებდა და გამოცდაზე სტუდენტ გოგონას პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და ღირსების წიმააღმდეგ დანაშაულის საკითხებზე შეხვედრია საგამოცდო ბილეთი. მწვავე საკითხებია- იწყება 117 მუხლიდან ანუ გაუპატიურების მუხლიდან და მთავრდება 121 მუხლით ანუ მამათმავლობის მუხლით.
სტუდენტ გოგონას მორიდებია გაუპატიურებაზე, ქალთან იძულებით სქესობრივ კავშირზე, გარყვნილ ქმედებაზე საუბარი და მამათმავლობით დაუწყია პასუხის გაცემა. ბორის ზახარიჩს გაუჩერებია გოგონა და უთქვამს: „ რა არის უკნიდან რომ დაიწყე, წინიდან ვერ დაიწყეო“ 
  #
“სასამართლო ფსიქიატრიის” ლექციები ასათიანის ქუჩაზე, კლინიკაში გვიტარდებოდა. ლექტორს მეტი თვალსაჩინოებისთვის აუდიტორიაში პაციენტები შემოჰყავდა და ესაუბრებოდა
ძალიან გაგვახალისებდა ის, რომ პაციენტების უმრავლესობას იურისტობა უნდოდა.
დღეს სიტუაციას რომ ვაკვირდები, მგონია, რომ მართლა გამოვიდნენ “ისინი“ იურისტები.
#
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადიპლომო პრაქტიკაზე საბურთალოს რაიონის პროკურატურაში გამანაწილეს. ვხედავ, მილიციამ სამი ახალგაზრდა შემოიყვანა. სამივე პეკინის ქუჩის მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებელია. მიცნეს და მეც ვიცანი ისინი. წინა დღით დაულევიათ და პეკინის ქუჩაზე გამოსულები ППС-ს (патрульно-постовая служба) დაუკავებია.
როგორც ერთ-ერთი მილიციონერი აღნიშნავდა, ბიჭებს პატრულის მანქანისთვის ხელი დაუქნიევიათ, რაც არ მოსწონებიათ მანქანაში მჯდომ მილიციის თანამშრომლებს და ბიჭებთან კამათი გაუბამთ, შემდეგ კი დაუკავებიათ. 
ტაქსისტები ხომ არ იყავით, რატომ გააჩერეთ მანქანა?-ვეკითხები მილიციონერებს. 
ისე ირონიულად გვიქნევდნენ ხელს, რომ გავღიზიანდით და გავაჩერეთ მანქანაო-მიპასუხა ერთ-ერთმა. 
ირონიული ხელისდაქნევა რას ნიშნავს-მეთქი. 
გაჩუმდნენ. 
თქვენ რატომ აქნევდით ხელს?-ვეკითხები საბურთალოელებს. რა ვიცი ძმა, ტაქსიც ყვითელია და ამათი მანქანაც და დავუქნიეო-მიპასუხა ერთმა-ერთმა. 
გავიცინეთ.
დაძაბულობა თანდათან განიმუხტა.
#
1980-იანი წლების მიწურულში, მოქალაქეების მეცნიერ იურისტებთან შეხვედრებმა სისტემატური ხასიათი მიიღო და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, დეპუტატთა ოთახში, დაინტერესებული პირები უშუალოდ აძლევდნენ შეკითხვებს სახელმწიფო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალისტებს. 
შეხვედრების ორგანიზატორი საორგანიზაციო განყოფილება იყო და ამიტომ ხშირად ღონისძიებას მე ვუძღვებოდი. 
აუდიტორიაში მოქალაქეების რაოდენობა განსაკუთრებით მაშინ იზრდებოდა, როცა სამოქალაქო სამართლის სპეციალისტებს ვიწვევდით.
ერთხელ, ქართული საბინაო კანონმდებლობის შემქმნელი (ასე უწოდებდა თავის თავს), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მივიწვიეთ. 
ღონისძიება ჩვეულ ფორმატში გაიმართა და ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რომ არა ერთი მანდილოსნის საქციელი, რომელმაც თავის საბინაო პრობლემაზე დაუსვა შეეკითხა პროფესორს. 
ბინა თქვენ გეკუთვნით, სხვა გაზა არ არსებობსო- უპასუხა პროფესორმა. მანდილოსანი ჯერ გაწითლდა, შემდეგ გამუქდა, შემდეგ აყვირდა: შარშან, პროფკავშირების სასახლეში მითხარით, რომ ბინა არ მეკუთვნოდა, დამაცლევინეთ და ახლა, ბინა რომ დავკარგე, მეუბნებით-თქვენიაო! 
მანდილოსანი პროფესორს ჰალსტუხში სწვდა და რომ არა, საზოგადოების ძალისხმევა, საბინაო სამართლის მამამთავარი დაგვიზიანდებოდა.
ამას ჰქვია იურისტის ან თუნდაც- იურისპრუდენციის პარადოქსი.
მალხაზ კოხრეიძე