среда, 1 марта 2017 г.


1937 წელს ეზრა ფინინბერგის მიერ თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მოსკოვში გამომცემლობა „ემესმა“ გამოსცა.“ მანამდე, პოემის თარგმნა ისრაელში ემიგრირებულმა პოეტმა ალექსანდრ პენმაც დააპირა, თუმცა ვერ მოახერხა და შემდეგ „ვეფხისტყაოსნი“ თელ-ავივის  ყოფილმა მერმა დავით გოფშტეინმა თარგმნა.
1969 წელს თელ-ავივში ქუთაისის ავტოქარხნის გაზეთის თანამშრომლის- ბორის გაპონოვის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ გამოვიდა. წიგნის რედაქტორი იყო პოეტი აბრამ შლიონსკი. აბრამ შლიონსკი აღნიშნავდა: „ხანდახან ჰგონია, რომ წინ გიდევს ებრაული ხელნაწერი, რომელიც თითქოსდა აღმოეჩინოთ რომელიმე განძთსაცავში.“ 
ბორის გაპონოვს, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისთვის,  შაულ ჩერნიხოვსკის პრემია  და ისრაელის პრეზიდენტის პრემია მიენიჭა.
1960 წლის შემოდგომაზე, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ, შოთა რუსთაველის სურათის მისაკვლევად და რუსთაველის სავარაუდო საფლავის შესასწავლად, იერუსალიმში აკადემიკოსები ირაკლი აბაშიძე, აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი მიავლინა. ირაკლი აბაშიძე წერდა: „ეს ისტორია 1960 წლის ზაფხულის დასაწყისიდან მოდის, როცა ამ დიდი საქმის თაობაზე პირველად გავფრინდი მოსკოვს საბჭოთა კავშირის უმაღლეს ორგანოებში სათანადო ნებართვა-დასტურის გამოსათხოვად... ღრმა მადლობა მინდა მოვახსენო ამხანაგ ვასილ მჟავანაძეს, რომელმაც ეს საქმე თავიდანვე მხურვალედ მიიტანა გულთან და თავისი შუამდგომლობით წარმადგინა საბჭოთა კავშირის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების წინაშე.“

საქართველოს დელეგაციას, ლოდის აეროპორტში, საბჭოთა კავშირის კონსული ისრაელში გრიგორი კაპუსტინი და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი პალესტინაში არმანდ ვოლკოვი დახვდნენ. დელეგაციას ასევე ელოდებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პალესტინის მისია არქიმანდიტრ ავგუსტინეს ხელმძღვანელობით. ქართველ მკვლევარებს წაღებული ჰქონდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ეფრემ მეორეს პირადი წერილი მიწერილი პალესტინაში ბერძნების მართლმადიდებლური ეკლესიის მამამთავრის, იერუსალიმის პატრიარქის- ბენედიქტე მეორისადმი. 

ჯვრის მონასტერი იერუსალიმში იმ ადგილზეა აშენებული, სადაც იესო ქრისტეს ჯვრის ხე მოჭრეს. თავის დროზე, ეს ადგილი ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ უბოძა მეფე მირიანს, რომელმაც ადგილზე ტაძარი ააშენა. ტაძარი ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს გაფართოვდა. 

მტრების მიერ არაერთხელ დანგრეული ჯვრის მონასტერი მეთერთმეტე საუკუნეში ბაგრატ მეოთხემ აღადგინა. თუმცა მისი, როგორც ქრისტიანული სამლოცველოს და კულტურის ცენტრის შენარჩუნება მხოლოდ მეცამეტე საუკუნემდე მოხერხდა, რადგან, ეგვიპტის სულთანმა მალეხან--ნასერ ბენ ხალუინმა ქართველი ბერები მონასტრიდან გააძევა და მონასტერი მეჩეთად გადააკეთა. მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში ქართველები და კონსტანტინეპოლელები სულთანთან ჩავიდნენ და მონასტრის დაბრუნება მოსთხოვეს.

მეთექვსმეტე საუკუნიდან ჩანს, რომ მონასტერი ისევ ქრისტიანების ხელშია, ოღონდ ქართველების გარდა, იქ ბერძენი, სომეხი და სხვა ეროვნების ბერებიც ცხოვრობენ და ლოცულობენ. იქვე, კათოლიკებსაც ჰქონიათ თავიანთი საკურთხეველი.

მეჩვიდმეტე საუკუნეში ქართველებს ოსმალების მიერ დაწესებული გადასახადების გადახდა გაუჭირდათ და მონასტერი ერთმორწმუნე ბერძნებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გადასცეს. თუმცა ქართველი ბერები არსად წასულან. 

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ბერძნებმა მთავარი ტაძარი მოქმედი დატოვეს, ხოლო მონასტრის დანარჩენი ნაწილი - საგულდაგულოდ ჩაკეტეს.

როგორც ჩანს, იერუსალიმის საპატრიარქო ჯეროვნად მაინც ვერ უფრთხილდებოდა მონასტერს, რაც, 1948 წლიდან, იქ განთავსებული ისრაელელი ჯარისკაცების მიერ სენაკების კედლების დაზიანებით დასტურდება. ისრაელელი ჯარისკაცები 1960-იანი წლების დასაწყისშიც იმყოფებოდნენ მონასტერში და იქ, სამხედრო მოსამსახურე მანდილოსნების წრთვნებს ატარებდნენ.

იერუსალიმში ჩასულმა ქართველმა მკვლევარებმა  რაც მოასწრეს, ეს მონასტერში არსებული შოთა რუსთაველის გადაღებილი ფრესკის აღდგენა და ფოტოგრაფირება იყო.

აკაკი შანიძემ ფოტოგრაფირებაში დახმარება ისრელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, მკვლევარ იგალ იადინს სთხოვა. იგალ იადინს მნიშვნელოვანი წვლილი მიძღოდა ყუმრანის ხელნაწერების აღდგენა-დალაგების საქმეში და მაშინ ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგიის დოცენტად მუშაობდა.

იგალ იადინი და ყუმრანის ხელნაწერების აღდგენაზე მომუშავე სპეციალისტი ბიბერ-კრაუტი ფოტოგრაფირებაში იმ შემთხვევაში გაუწევდნენ დახმარებას ქართველებს, თუ ისინი ნაწილობრივ მაინც გაასუფთავებდნენ ფრესკას გადაფარებული საღებავისგან. შემდეგ ბიბერ-კრაუტმა იერუსალიმის პატრიარქის-ბენედიქტეს ნებართვის დაგვიანების თუ სხვა მიზეზების გამო,  სამუშაოს შესრულებას თავი აარიდა. 

ქართველებმა თვითნებურად რუსთაველის ფრესკას გადაფარებული საღებავი მოაშორეს და სხვა სპეციალისტის ძებნას შეუდგნენ. შოთა რუსთაველის ფრესკა ფოტოგრაფმა ალფრედ ბერნხაიმმა დაათვალიერა და ფოტოგრაფირებისთვის ფრესკის საღებავისგან მაქსიმალურად გასუფთავება მოითხოვა. გიორგი წერეთელი და ირაკლი აბაშიძე ფრესკაზე გადაფარებული შავ საღებავის წაშლას სველ ტილოთი შეეცადნენ. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სპეციალური საშუალებებით აღიჭურვილები საქმეს უფრო მონდომებით შეუდგნენ. რუსთაველის ფრესკა საღებავისგან თანდათან გასუფთავდა.

არმანდ ვოლკოვი საკუთარი ავტომობილით ბერნხაიმთან გაემგზავრა, მაგრამ ფოტოგრაფი ადგილზე არ დახვდა და ბერნხაიმი მეორე დღეს გიორგი წერეთელმა მიიყვანა ჯვრის მონასტერში. 

ისრაელელმა სპეციალისტმა ფოტოსურათები გადაიღო და რუსთაველის ფრესკის შავ-თეთრი პოზიტივები თავის ლაბორატორიაში დაამზადა, ხოლო ფერადი ნეგატივები ქართველ მკვლევარებს შემდგომი დამუშავებისთვის საქართველოში გამოატანა. საქართველოში გამოაგზავნეს ვოლკოვის ფოტოგრაფის-ბორის კორშის მიერ გადაღებული ჯვრის მონასტრის სხვა ფრესკებიც.

აღსანიშნავია, რომ 1883 წელს რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ალექსანდრე ცაგარელმა, ხოლო 1900 წელს - დეკანოზმა პეტრე კენჭოშვილმა ნახა, მაგრამ შემდეგ ნიკო მარმა ფრესკას ვეღარ მიაგნო.

ჟურნალ „ საბჭოთა ხელოვნებაში“  1958 წელს და 1960  წელს გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის პორტრეტები.1958 წელს გამოქვეყნებული რუსთაველის პორტრეტი 1845 წელს ნიკოლოზ ჩუბინიშვილის მიერ ფანქრით გადმოხატული პორტრეტის საღებავებით გაფორმებული ვარიანტი იყო, ხოლო 1960 წელს გამოქვეყნებული ფოტოსურათი- ისრელელი ფოტოგრაფის ალფრედ ბერნხაიმის ნამუშევარი გახლდათ. 

1966 წლის მარტში დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ისრაელში საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი გურამ პატარაია, კინოოპერატორი გივი მელქაძე და მწერალი ილია რურუა ჩავიდნენ.საქართველოს ტელევიზიის შემოქმედებითმა ჯგუფმა საქმეს წარმატებით გაართვა თავი და რეჟისორ გურამ პატარაიას ფილმებისთვის „ პალესტინის სიძველეთა საიდუმლოება “ და „ რუსთაველის ნაკვალევზე “ რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.
მალხაზ კოხრეიძე


понедельник, 27 февраля 2017 г.

ფოთის რეაბილიტაციას „ნიკოლაძის კოშკი“ ეწირება ?
ვინ და რატომ ებრძვის ნიკო ნიკოლაძის სახელს, სალომე ზურაბიშვილის გამო?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ ნიკო ნიკოლაძის კოშკის „ სახელით ცნობილი ძეგლის ერთი ნაწილი, შესაძლოა, ფოთის რეაბილიტაციის პროექტს შეეწიროს. ამას ოპოზიციური პარტიებისა და ფოთის მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. კულტურის მინისტრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ შესაძლოა, კოშკი არ დაინგრეს, მაგრამ საინტერესოა, რატომ ცდილობს ხელისუფლება ნიკო ნიკოლაძის სახელის დაჩრდილვას ? სინამდვილეში, დიდი ქართვეი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელს მხოლოდ იმის გამო ებრძვიან, რომ მისი შვილთაშვილი, სალომე ზურაბიშვილი ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა.
ფოთის მთავარი არქიტექტორის ნუკრი ტუღუშის განმარტებით, საუბარია ისტორიული ძეგლის მარჯვენა ფლიგელის დემონტაჟზე, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად საკმარისი არ აღმოჩნდება.
„ ეს არის მინაშენი კომუნისტების პერიოდში, 70-იან წლებში, ამიტომ ვიფიქრეთ, ხომ არ იქნება უმჯობესი მისი მოხსნა, რომ უფრო დიდი ტერიტორიაც გამოჩნდეს და კეთილმოსაწყობადაც კარგი იყოს,“-განაცხადა ნუკრი ტუღუშმა.
მოგვიანებით, ამ საკითხზე კომენტარი კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამაც გააკეთა. რურუას თქმით, ის ინფორმაციას გადაამოწმებს და თუ კოშკს მართლაც აქვს ძეგლის სტატუსი, არ დაინგრევა.
ნიკო ნიკოლაძის სახელით ცნობილი ეს ძეგლი, არა მარტო ფოთის ისტორიის განუყოფელი ნაწილი, არამედ-საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობაა. „ვერსია“ პუბლიცისტ მალხაზ კოხრეიძეს დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ ის ამჟამად მუშაობს წიგნზე, რომელშიც ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დღემდე უცნობი დეტალები გაშუქდება:

-ბატონო მალხაზ, როგორია ამ კოშკის წარმოშობის ისტორია ?

-ისტორიული წყაროების მიხედვით, ნაგებობა, რომელმაც ნიკო ნიკოლაძის ფოთში მოღვაწეობის პერიოდში კოშკის სახე მიიღო, მე-16-ე საუკუნეში თურქებს ციხე-სიმაგრის სახით აუშენებიათ, როდესაც თურქებმა ფოთი დაიპყრეს და საქართველოს გავლით ირანისკენ გაილაშქრეს. ქართველებმა ქუთაისთან უკუაგდეს თურქები და იძულებულები გახადეს, ისევ ფოთისთვის შეეფარებინათ თავი. სწორედ ამ დროს, თურქებმა აქ ციხე-სიმაგრე ააშენეს, რომელიც მოგვიანებით იმერეთ-სამეგრელო-გურიის ლაშქარმა მიწასთან გაასწორა. მე-18-ე საუკუნეში თურქებმა ფოთში ისევ ააშენეს კვადრატული ფორმის ციხე-სიმაგრე , რომლის ყველა კუთხეში ბასტიონი იდგა. 1828 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, ფოთი საბოლოოდ საქართველოს დაუბრუნდა. ამ ომში დაიღუპა ნიკო ნიკოლაძის ბაბუა-ფირან ლორთქიფანიძე.

-როგორ მოხდა, რომ თურქების მიერ აშენებული ციხე-სიმაგრე დღეს ნიკო ნიკოლაძის სახელთან ასოცირდება ?

-მე-19-ე საუკუნის 90-იან წლების პირველ ნახევარში, ფოთის თავი ნიკო ნიკოლაძე გახდა. მან ციხე-სიმაგრის მთავარი ბასტიონი სამოქალაქო ნაგებობად გადააკეთა და ბინაც იქ დაიდო. ამგვარად, ძველი სამხედრო ობიექტის ადგილზე ახალი სამოქალაქო შენობა შეიქმნა, რომელსაც შემდეგ „ნიკოლაძის კოშკი“ უწოდეს. როდესაც ნიკო ნიკოლაძემ ფოთის მოურავის თანამდებობა დატოვა, კოშკის საკუთრბაში დატოვება მოითხოვა. მისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია.

-თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მის ოჯახს უძრავი ქონება ჩამოართვეს.

-დიახ, ქვეყნის გასაბჭოებისთანავე კომუნისტებმა მის ოჯახს უძრავი ქონება ჩამოართვეს, მაგრამ მალევე დაუბრუნეს. თავად ნიკო ნიკოლაძე იმ დროს ევროპაში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ იგი 1920 წელს, ნოე ჟორდანიას მთავრობამ ქართული მარგანეცის საქმისა და სხვა საკითხების მოსაგვარებლად ევროპაში მიავლინა. ნიკო ნიკოლაძე ლენინის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. იმასაც ამბობდნენ, ამიერკავკასიის კომუნისტური ხელისუფლების ლიდერი, სერგო ორჯონიკიძე დახვდაო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ არსებობს.

-არსებობს ინფორმაცია, რომ კოშკის გადაწვის მცდელობაც კი ყოფილა...

-ეს არ მომხდარა რაიმე პოლიტიკური მოტივით, ერთ-ერთმა მოქალაქემ, იმის გამო, რომ მისი მეგობრები „ ნიკოლაძის კოშკის “ გაქურდვისათვის დაუკავებიათ, გადაწყვიტა ამ ფორმით ეძია შური და კოშკს ცეცხლი წაუკიდა. სხვათა შორის, გაზეთში „ცნობის ფურცელი“ ამ ფაქტზე წერდნენ. სტატიის მიხედვით, შუაღამისას, ბოროტმოქმედს ჩამოუღია ქუჩის ფარანი და სანავთით მიუსხამს ნავთი „ნიკოლაძის კოშკის“ კუთხეზე და ცეცხლი გაუჩენია. ავარდნილ ალს ქუჩის დარაჯის ყურადღება მიუქცევია, რომელმაც ბოროტმოქმედი ადგილზე დააკავა და ცეცხლი ჩააქრო

-რაც შეეხება 70-იან წლებში ჩატარებულ რესტავრაციას, რა სახეცვლილება განიცადა კოშკმა ამ პერიოდში ?

-თავდაპირველად რუსებს თურქების მიერ დატოვებული ციხე-სიმაგრის შეკეთება და ისევ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება უნდოდათ, მაგრამ მისი აღდგენა სერიოზულ თანხებს მოითხოვდა, ამიტომ 70-იან წლებში შენობის დემონტაჟი დაიწყეს. დემონტაჟის შედეგად დარჩენილი სამშენებლო მასალით, ფოთის სხვა შენობა-ნაგებობები აშენდა. რაც შეეხება მიშენებას. ასეთი მიშენებები თავიდანვე ჰქონდა კოშკს, რადგანაც გადაკეთებული და მრავალჯერ გარემონტებულია. მოგეხსენებათ, შენობა ასეთ დროს ყოველთვის განიცდის გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ ვფიქრობ, კომუნისტები ვერ გაბედავდნენ ამ შენობის საფუძვლიანად გადაკეთებას.

-ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ ფაქტს მის პოლიტიკურ აქტიურობას და ნიკო ნიკოლაძის სახელთან ბრძოლას უკავშირებს. როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს კოშკის ნაწილის დემონტაჟი ?

-სიმართლე გითხრათ, ასეთი ეჭვი გაცილებით ადრე, 2005 წელს გამიჩნდა, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 200 ლარის ღირებულების ბანკნოტზე ნიკო ნიკოლაძის პორტრეტის გამოსახვის შესახებ, შეიცვალა და კუპიურაზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი გამოსახეს.

-ეს ის პერიოდია, როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, ხომ ?

-დიახ, 2005 წლის ზაფხულში, ეროვნულ ბანკში მიიღეს გადაწყვეტილება, ნიკო ნიკოლაძე ფულზე გამოსახულიყო, ხოლო ამავე წლის შემოდგომაზე, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და იგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა. ეტყობა, ამის გამო დიდი ქართველი მოღვაწის სახელი მიუღებელი გახდა მავანთათვის. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, 2007 წელს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნიკო ნიკოლაძის არქვთან კანონით დადგენილი სარგებლობის უფლება შემიზღუდეს. ბიბლიოთეკის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ბორის გაგუამ თვითნებურად დააწესა ბიუროკრატიული შეზღუდვები. ამის შესახებ დაუყონებლივ ვაცნობე ქალბატონ სალომეს, როგორც ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს, მაგრამ უმთავრესი მაინც ის იყო, რომ ჩემი მიმართვის მიუხედავად, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და არც სახალხო დამცველს, ბატონ სოზარ სუბარს, ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებიათ. როგორც მახსოვს, მაშინ ბორის გაგუას მეუღლე, ნინო ნაკაშიძე პარლამენტის წევრი იყო. იმის გამო, რომ ჩემი კვლევა ნიკო ნიკოლაძის უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობებს ეხებოდა, დახმარებისთვის ამერიკის, რუსეთის და ისრაელის ელჩებსაც მივმართე. ამის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ გიორგაძემ გამოიჩინა გულისხმიერება და მოწიწებული, მაგრამ არგუმენტირებული დოკუმენტი გაუგზავნა ბიბლიოთეკას. შედეგად, ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ემზარ ჯგერენაია, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, ამ საკითხის მოგვარებას დამპირდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო 200 ლარიანი ბანკნოტიდან ნიკო ნიკოლაძის მოხსნის თემის გაგრძელება, ამავე თემის გაგრძელება მგონია, „ ნიკოლაძის კოშკის ’’ შემოგარენის ხელყოფის სურვილიც.
ნათია ვასაძე
გაზეთი "ვერსია"
12-13 სექტემბერი 2012 წელი